ხეფრენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხეფრენი

ხეფრენი – (იგივე ხაფრა, ეგვ. H.-R, „აღზევდა, როგორც რა“ დაახლოებით ჩვ.წ.-მდე 2520-2494 წწ.), ეგვიპტის ფარაონი, ხეოფსის ვაჟიშვილი, ტახტზე ავიდა თავისი ძმის, ჯედეფრას ხანმოკლე მეფობის შემდეგ.

მისი მეფობის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. თვალში მოსახვედრია, რომ თავისი (სიდიდით მეორე) პირამიდა მან მამის პირამიდის გვერდით ააგო (სიმაღლე – 143,5მ., კედლის სიგრძე – 215, 25 მ.). მას ალბათ უნდოდა, ხაზი გაესვა მამასთან სიახლოვისათვის, რადგან შესაძლოა არ იყო კანონიერი მემკვიდრე, (ეგვიპტური ტრადიციის მიხედვით ტახტზე მისი ძმის, ჯედეფრას შვილი უნდა ასულიყო). ნებისმიერ შემთხვევაში, ხეოფსის გარდაცვალების შემდეგ დინასტიურ დავაზე მის ვაჟიშვილებს შორის არქეოლოგიური წყაროებიც მეტყველებს. მიუხედავად დინასტიური დაპირისპირებისა, იდეოლოგიურად ხეფრენი ჯედეფრას ხაზს აგრძელებს, რადგან ის ასევე ეძახის თავს „რას ვაჟიშვილს“. ამიერიდან ეს ფრაზა ფარაონის ტიტულატურის მეხუთე (და უკანასკნელი) შემადგენელი ნაწილი ხდება ეგვიპტის ისტორიის ბოლომდე.

ხეფრენის პირამიდის კომპლექსში არის უნიკალური ელემენტი, რომელიც შემდეგ არსად აღარ მეორდება – გიგანტური სფინქსი (სიგრძე – 72 მ., სიმაღლე – 20 მ.), რომელიც, თავისი მდებარეობიდან გამომდინარე (მოსახსენიებელი ტაძრის ჩრდილოეთით, პირამიდისაკენ მიმავალ გზასთან), თითქოს მთელი კომპლექსის მცველად არის წარმოდგენილი. ხეფრენის სფინქსი ამ ტიპის ქანდაკების უძველესი ნიმუში და ძველი სამყაროს ყველაზე დიდი ქანდაკებაა. XVIII დინასტიიდან, როცა სფინქსი წარმოდგენილი იქნა, როგორც ხორის ადგილობრივი სახე (ხორემახეტი, ეგვ. Hr-m-3ht, „ხორი ჰორიზონტზე“, ბერძნ. ჰარმახისი), მას ეთაყვანებოდნენ, როგორც ამ ღვთაებას და ამ მიდამოებში მისი თაყვანისცემის კულტიც ჩამოყალიბდა. სფინქსის წინ მდებარეობს იმ დროისათვის ასევე უნიკალური ნაგებობა ღია ეზოთი, რომელიც დღეს აღიქმება, როგორც უძველესი მზის ტაძარი.



წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები