ეგვიპტური პირამიდები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პირამიდა (ეგვიპტური)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოსერის პირამიდა

ეგვიპტური პირამიდები – ძველ ეგვიპტეში ფარაონის სამარხი ნაგებობა.

სარჩევი

ჯოსერის პირამიდა

მასტაბას შემდეგ პირამიდა იყო ამ ტიპის ნაგებობის განვითარების მომდევნო სტადია. პირველი, ჯოსერის პირამიდა საფეხუროვანი იყო და რამდენიმე ერთმანეთზე დადგმულ მასტაბას წარმოადგენდა. თავიდან ჯოსერის სამარხი დაგეგმილი იყო, როგორც ტრადიციული მასტაბა. გაითხარა 28 მ. სიღრმის შახტა, დაკავშირებული გრანიტით მოპირკეთებულ ოთახთან, რომელიც გარშემორტყმული იყო საკუჭნაოებად გამიზნული გალერეებით და დასაკრძალი ოთახებით. შახტაზე, რომელიც დაკრძალვის შემდეგ ქვის ბლოკით უნდა დახურულიყო, ააგეს ჩვეულებრივი მასტაბა. მისი სიმაღლე 8 მ., კედლის სიგრძე კი 60 მ. იყო. შემდგომში გაითხარა ახალი შახტები მასტაბას აღმოსავლეთ მხარეს, სავარაუდოდ ფარაონის ოჯახის წევრებისათვის, რომლებიც მასზე ადრე გარდაიცვალნენ. ამ შახტების დასაფარავად მასტაბა გაიზარდა აღმოსავლეთით. ამ მომენტიდან რადიკალურად შეიცვალა ნაგებობის გეგმა. ითვლება, რომ ამ იდეას ბიძგი მისცა სურვილმა, სამარხი შორი მანძილიდანაც ყოფილიყო დანახული, რადგან 8 მ. სიმაღლის მასტაბა დაიმალებოდა დასაკრძალი კომპლექსის კედლის მიღმა.

თავიდან ჯოსერის არქიტექტორმა, იმხოტეპმა ორიგინალურ მასტაბას ოთხი „მასტაბა“ დააშენა, რომელთაგან ყოველი მომდევნო ქვედა „მასტაბაზე“ უფრო მომცრო ზომის იყო, შემდეგ კი საფეხურების რიცხვი ექვსამდე გაზარდა, რის შედეგადაც პირამიდის სიმაღლემ 60 მეტრს მიაღწია. მისი მცდელობის შედეგს პირველი, ე.წ. „საფეხუროვანი“ პირამიდა წარმოადგენს. ამის შემდეგ პირამიდა თანდათან იცვლიდა ფორმას, და თავისი შემდეგი სახე სნოფრუს მეიდუმის პირამიდაში მიიღო.

სნოფრუს პირამიდა

სნოფრუს პირამიდის საწყისი გეგმა სავარაუდოდ წარმოადგენდა მასტაბას, რომელიც საფეხუროვანი პირამიდით უნდა დაფარულიყო, მარამ სხვა მხრივ უკვე განსხვავდებოდა III დინასტიის პირამიდებისაგან: მის საფუძველს ჰქონდა ოთხკუთხედის ფორმა, შესასვლელი (უფრო სწორად კი ჩასასვლელი) მოთავსებული იყო ჩრდილოეთით, მიწის ზედაპირიდან გარკვეულ სიმაღლეზე. ოთახები, რომლებიც ზოგი მიწის ქვეშ, ზოგი კი მიწის ზემოთ მდებარეობდა, ასევე სხვანაირად იყო განლაგებული. გარეგნულად, მეიდუმის პირამიდა წარმოადგენს გარდამავალ ფაზას „საფეხუროვან“ და „ნამდვილ“ პირამიდებს შორის.

თავიდან ის, ჯოსერის პირამიდის მსგავსად, შვიდსაფეხუროვან ნაგებობად იყო ჩაფიქრებული. მის ბირთვს დააშენეს ექვსი „მასტაბა“ რომლებსაც 750 დახრა ჰქონდათ. მიღებულ შვიდ საფეხურს დაემატა მერვე, შემდეგ სივრცე საფეხურებს შორის ამოავსეს და ნაგებობა ტურას კირქვით მოაპირკეთეს. შედეგს წარმოადგენდა თითქმის „ნამდვილი“ პირამიდა, კედლის 51052’ დახრით. პირამიდის სიმაღლე 92 მ., თითოეული კედლის სიგრძე კი 144.32 მ. იყო.

რომბოიდული პირამიდა

სნოფრუ სავარაუდოდ არ დარჩა კმაყოფილი თავისი პირამიდით. მან კიდევ ორი პირამიდა აიგო, რომლებშიც პირამიდის აგების პრინციპი და ფორმა სულ უფრო იხვეწებოდა. მისი შემდეგი პირამიდა „რომბოიდული“, „მოღუნული“ ან „მოხრილი“ (bent) პირამიდის სახელით არის ცნობილი. ეს სახელი პირამიდამ იმიტომ დაიმსახურა, რომ კედლების დახრა, რომელიც თავიდან 550 იყო, ნაგებობის სიმაღლეში ზრდასთან ერთად 430-მდე შემცირდა, რაც, სავარაუდოდ, თავდაპირველი გათვლების უზუსტობის ან მშენებლობის პროცესში ნაგებობის სიმაღლის შემცირების გადაწყვეტილების გამო მოხდა. ამ პირამიდაში უკვე მიტოვებულია პირველი პირამიდების საფეხუროვანი სტრუქტურა. შეცვლილია შიდა დიზაინიც – ოთახები უფრო გაზრდილია, და პირამიდას ორი შესასვლელი აქვს – დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან.

წითელი პირამიდა

სნოფრუს უკანასკნელი, ე.წ. „წითელი პირამიდა“ თითქოს ნაკლებ შთამბეჭდავია, მაგრამ ის ბოლომდე შესწავლილი არ არის. თუ გავითვალისწინებთ, რომ სნოფრუს სარკოფაგი არ არის ნაპოვნი, ბევრი მეცნიერის აზრით, წითელ პირამიდაში ბევრი საიდუმლო საკანია და შესაძლოა, ფარაონის სარკოფაგიც სწორედ აქ ელის თავის აღმომჩენს.

ხეოფსის პირამიდა

საბოლოოდ დასრულებული, კლასიკური ფორმა პირამიდამ ხეოფსის პირამიდაში მიიღო. ამ ყველაზე დიდი და ცნობილი პირამიდის კედლის სიგრძე 146.9 მეტრია, დახრა – 51052’, სიმაღლე – 146.59 მ., რასაც უნდა დაემატოს „დაკარგული“ პირამიდიონის სიმაღლე, რომელიც, შესაძლოა, გრანიტის იყო, მთელი ნაგებობა კი მოპირკეთდა ტურას კირქვით იმგვარად, რომ ნაგებობამ თითქმის კლასიკური გეომეტრიული პირამიდის ფორმა მიიღო.

პირამიდებს ფარაონები ძირითადად ძველი სამეფოს დროს იგებდნენ, მათი ზომები მატულობს პირველი პირამიდიდან ხეოფსამდე და შემდეგ კლებას იწყებს. V დინასტიიდან, როცა ფარაონმა ქვეყნის უზენაესი ღვთაების ტახტი რას დაუთმო, პირამიდები უკვე საგრძნობლად იკლებს ზომაში და ისინი გაცილებით ნაკლები რუდუნებით არის შესრულებული. იგივე შეიძლება ითქვას შუა სამეფოს პირველი მეფეების „პატარა პირამიდებზე“. შემდეგ მათი რაოდენობა (და ზომები) კიდევ უფრო მცირდება და ახალი სამეფოს დროიდან მათ ადგილს კლდის სამარხი იკავებს.

პირამიდის ქალაქი

პირამიდას ემსახურებოდა ქურუმების დიდი ჯგუფი. ამას გარდა, ყოველი პირამიდისათვის გამოყოფილი იყო მიწები მოსავლის მოსაწევად და ცხოველებისათვის, რომლებიც მსხვერპლად უნდა შეწირულიყვნენ. ყანებს და საქონელს ასევე თავისი მომვლელები ჰყავდა. ყველაფერი ეს საკმაოდ მოზრდილ დასახლებას ქმნიდა, რომელთაგან თითოეულს თავისი სახელი ჰქონდა. დღეს უმეტესი მათგანის სახელი დაკარგულია და ისინი ზოგადად „პირამიდის ქალაქის“ სახელით მოიხსენიება.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები