პირამიდა (გეომეტრია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირამიდა – მრავალწახნაგა, რომლის ერთ-ერთი წახნაგი წარმოადგენს მრავალკუთხედს, ხოლო დანარჩენი წახნაგები – საერთო წვეროს მქონე სამკუთხედებს. მრავალკუთხა წახნაგს ეწოდება პირამიდის ფუძე, დანარჩენ (სამკუთხა) წახნაგებს – პირამიდის გვერდითი წახნაგები, ხოლო მათ საერთო წვეროს – პირამიდის წვერო. პირამიდის წვეროდან ფუძის სიბრტყეზე დაშვებული პერპენდიკულარის მონაკვეთს ეწოდება პირამიდის სიმაღლე. პირამიდის მოცულობა გამოითვლება ფორმულით: V=1/3•Sh, სადაც S – ფუძის ფართობია, h – სიმაღლე.

Piramida.PNG

პირამიდას ეწოდება წესიერი, თუ მისი ფუძე წესიერი მრავალკუთხედია, ხოლო წვერო ორთოგონალურად გეგმილდება ფუძის ცენტრში.

ტერმინის „პირამიდა“ – წარმოშობა არ არის ბოლომდე გარკვეული. ზოგიერთის აზრით ბერძნული πυραμіζ, თავის მხრივ, წარმოშობილია ეგვიპტურიდან per me ous – „ნაგებობის გვერდითი წიბო“. არსებობს სხვა დაშვებაც: ტერმინი თავის საწყისს იღებს ძველ საბერძნეთში კვერის (პატარა პურის) ფორმიდან (πυροζ – „ჭვავი“). ბოლოს, იმასთან დაკავშირებით, რომ ცეცხლის ალი ზოგჯერ იღებს პირამიდის ფორმას, შუა საუკუნეების მეცნიერები თვლიდნენ, რომ ტერმინი წარმოიშვა ბერძნულიდან πυρ – „ცეცხლი“. XVI საუკუნეში გეომეტრიის ზოგიერთ სახელმძღვანელოში პირამიდას უწოდებენ „ცეცხლისმაგვარ“ სხეულს.

ევკლიდეს წინამორბედები ტერმინში πυραμіζ გულისხმობდნენ წესიერ ტეტრაედრს, ხოლო ევკლიდეს განსაზღვრის შემდეგ – ნებისმიერ პირამიდას. პირამიდის მოცულობის ფორმულას არქიმედე დემოკრიტეს მიაწერდა.

ძველ ეგვიპტეში ფარაონების აკლდამებს ჰქონდათ პირამიდის ფორმა. ჩვ. ერ-დე III ათასწლეულში ეგვიპტელები ქვის ბლოკებისაგან აგებდნენ საფეხურებიან პირამიდებს, რომლებმაც შემდგომ უფრო წესიერი გეომეტრიული ფორმა მიიღეს; ხეოფსის პირამიდას 147 მ სიმაღლე აქვს.

როგორც არქიმედე წერს, ჯერ კიდევ V ს-ში ჩვ. ერ-დე დემოკრიტემ დაადგინა, რომ პირამიდის მოცულობა იმავე ფუძის და იმავე სიმაღლის პრიზმის მოცულობის ერთი მესამედის ტოლია. ამ თეორემის სრული დამტკიცება მოგვცა ევდოქსმა. პირამიდის მოცულობის ჩვენამდე მოღწეული პირველი გამოთვლა ჰერონთან გვხვდება.

წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები