დემოკრიტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დემოკრიტე

დემოკრიტე - (ბერძ. Δημόκριτος), ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, დაიბადა 460 წელს ქ. აბდერაში (თრაკიაში). ქვეყნების გაცნობისა და თავისი ცოდნის გაღრმავების მიზნით მას ბევრი უმოგზაურია. ყოფილა ეგვიპტეში, ბაბილონში; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოუნახულებია ათენიც. მისი მასწავლებელი (არისტოტელეს სიტყვით, მეგობარი, ყოფილა ლევკიპე. გარდაცვლილა დაახლოებით 380 წელს.

არისტოტელეს წინადროინდელ ფილოსოფოსთაგან დემოკრიტე აღიარებულია ყველაზე უფრო ღრმა და მრავალმხრივ მეცნიერად, მახვილგონიერ მოაზროვნედ და იშვიათი ნათელი მსჯელობის ადამიანად. არისტოტელეს ხშირად მოჰყავს მისი აზრები, და მაღალ შეფასებასაც აძლევს მათ (პლატონს კი არსად არ ჰყავს მოხსენებული დემოკრიტე).

დემოკრიტეს მეცნიერული მუშაობა მრავალმხრივი იყო. მას ჰქონდა შრომები ეთიკის, მათემატიკის, მედიცინისა და სხვა დარგებიდან; უწერია აგრეთვე მუსიკაზე და პოეზიაზე, მაგრამ ყველაფერი ეს კერძო ხასიათის გამოკვლევები იყო. მთავარი კი დემოკრიტეს შემოქმედებაში იყო მისი ატომისტური თეორია, რომელიც საფუძვლად დაედო მის დანარჩენ გამოკვლევებს.

დემოკრიტე ატომისტური თეორიის მთავარი წარმომადგენელია. ლევკიპეს მიერ საფუძველჩაყრილი თეორია მან იმდენად განავითარა და მრავალმხრივ გაშალა, რომ მოწაფემ დაჩრდილა მასწავლებელი და ლევკიპეს აზრებიც დემოკრიტესეულ სამოსელში გადმოგვეცა.

თუ პარმენიდე ამტკიცებდა – ბუნება არ არსებობს, იგი მხოლოდ მოჩვენებააო, დემოკრიტე საწინააღმდეგო დებულებას აყენებდა: ბუნება ნამდვილად არსებობს და ჭეშმარიტად არსებობენ ის საგნებიც, რომლებისგანაც ბუნება შედგება. სინამდვილეა და არა მოჩვენება აგრეთვე მოძრაობა და მრავლობა, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია საგნები, ხოლო მოძრაობა და მრავლობა შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც არის ცარიელი სივრცე, სიცარიელე (არარაობა).

დემოკრიტეს აზრით, საგანთა საფუძველია მატერია, რომელიც შედგება უამრავი წვრილი ნაწილაკებისაგან, ატომებისაგან; ეს ატომები მუდმივ მოძრაობაშია და ერთი-მეორისაგან გამოყოფილია სიცარიელით. ნივთიერების ყოველ ნაწილში, ამგვარად, არის ატომებიც და სიცარიელეც. აქედან ცხადია, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სიცარიელეს ატომებისათვის, ატომთა მოძრაობის აუცილებელი პირობაა სიცარიელე. მაშასადამე, სიცარიელეც (არარაობა) ისეთივე რეალობაა, როგორც ატომი.

დემოკრიტეს ეთიკა ბუნების კანონთა ცოდნაზეა დამყარებული. ცოდნა შეაგნებინებს ადამიანს ბუნების მოვლენათა სინამდვილეს, ცოდნის შემწეობით გაქრება შიში ამ მოვლენების წინაშე, გაქრება ის ცრუმორწმუნეობაც, რომელიც ადამიანს ეგზომ ხელს უშლის ცხოვრებაში.

ცხოვრების მიზანია კარგად ყოფნა; კარგად ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ გქონდეს მეტი სიხარული და ნაკლები მწუხარება; ამავე დროს კარგად ყოფნას ესაჭიროება სულიერი სიმშვიდე. კარგად ყოფნის პირობაა აგრეთვე ზომიერება.

ნიმუშები დემოკრიტეს ეთიკური შეხედულებებიდან:

  • ვინც სულიერ სიკეთეს ირჩევს, ამით ღვთაებრივ საქმეს აკეთებს; ვინც ხორციელ სიკეთეს ირჩევს, ის ადამიანურ (მიწიერ) საქმეს მისდევს.
  • ადამიანის მოვალეობაა უსამართლოდ მომქცევი დააბრკოლოს; ყოველ შემთხვევაში, მასთან ერთად არ მისდიოს უსამართლობას.
  • საჭიროა კარგი იყო ან კარგს მიბაძო.
  • ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს არა სხეული ან ფული, არამედ სიმართლე და მრავალგონიერება.
  • ცოდვებს უნდა ერიდო არა შიშის გამო, არამედ მოვალეობის შეგნების გამო.
  • სინანული ცუდი საქციელის გამო ხსნაა ადამიანისათვის.
  • უფრო უბედურია ის, ვინც უსამართლობას სჩადის, ვიდრე ის, ვის მიმართაც უსამართლობას სჩადიან.
  • მძიმე ასატანია შენზე უფრო მდარე ღირსების ადამიანის ხელქვეითი იყო.
  • ვერც ხელოვნებასა და ვერც მეცნიერებას ეზიარები სწავლის გარეშე.
  • უმჯობესია საკუთარი შეცდომები გაკიცხო, ვიდრე სხვისი.
  • ვისაც კეთილწესიერი ხასიათი აქვს, იმას ცხოვრებაც კეთილწესიერი აქვს.
  • მრავალია, რომ დიდად განსწავლულია, მაგრამ ჭკუა არა აქვს.
  • უნდა მისდიო არა მრავალცოდნას, არამედ მრავალგონიერებას (ე. ი. დიდად განსწავლულობას სჯობია ჭკუა).
  • უსაზღვრო სურვილები გქონდეს – ეს ბავშვს შეეფერება და არა ვაჟკაცს.
  • უდროო სიამოვნება წარმოშობს ზიზღს.
  • ნუ მიეკარები ისეთ სიამოვნებას, რომელიც შეუფერებელია.
  • დიდება და სიმდიდრე, თუ მათ არ ახლავს შეგნება, არასაიმედო ქონებაა.
  • ყველაფერში კარგია ზომიერება. არ მომწონს გადაჭარბებაც და დაკლებაც.
  • ჩემის აზრით, არ შეიძლება ვინმეს უყვარდეს ის, ვისაც არავინ არ უყვარს.
  • სხეულის სილამაზე, თუ მას ჭკუა არ ახლავს, მხოლოდ პირუტყვობაა.
  • ადვილია მეგობრის შეძენა, თუ ბედნიერი ხარ; ხოლო, თუ გაჭირებაში ხარ, ძალიან ძნელია.
  • უმჯობესია სხვამ გაქოს, ვიდრე შენ თვითონ იქო თავი.

დემოკრიტეს მოძღვრების მიმდევარი იყო ეპიკურე (341-270), რომლის მოღვაწეობა უკვე ელინისტურ ეპოქას განეკუთვნება.

წყარო

ბერძნული ლიტერატურის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები