ლევკიპე
ლევკიპე – (ძვ.წ. Λεύκιππος, ძვ.წ. V ს), ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ატომისტური სკოლის დამაარსებლად ითვლება. თუ სადაურია ის, არ ვიცით. ბიოგრაფოსები მას უწოდებენ ელეატს, აბდერიტს, მილეტელს. მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ის ყოფილიყოს ქალაქ ელეიდან, აბდერიდან, ან მილეტიდან. უფრო საფიქრებელია, რომ ამით აღინიშნებოდა ის, რონ ლევკიპე, ზოგიერთების აზრით, თავისი ფილოსოფიით ელეის სკოლას ემხრობოდა, ზოგიერთების აზრით – მილეტის ფიზიკოსებს, ხოლო „აბდერიტით“ აღნიშნავდნენ მისი ფილოსოფიის ნათესაობას დემოკრიტე აბდერელის ფილოსოფიასთან.
ლევკიპეს ნაწარმოებები რომელთაგან მხოლოდ უმნიშვნელო ფრაგმენტებია მოღწეული, ყოფილა „დიდი სოფლშენება“ და „გონების შესახებ“. მისი ფილოსოფია ემყარება ერთი მხრით მოძღვრებას ელეის სკოლისას, მეორე მხრით – იონიელ (მილეტელ) ფიზიკოსებისას. არისტოტელე ასე ახასიათებს ლევკიპეს მოძღვრებას: „ლევკიპე და მისი მეგობარი დემოკრიტე ელემენტებად (οτοιχετα, „კავშირნი“, „ასონი“) აღიარებენ „სრულსა“ და „ცარიელს“, ერთს უწოდებენ მყოფს, მეორეს – არმყოფს; ამათგან სრული და მკვრივი არის მყოფი, ცარიელი არის არმყოფი, ხოლო მყოფთა მიზეზია ესენი როგორც ნივთიერება (მატერია, ύλζ)“. მატერია კი შედგება უამრავი, უხილავი და განუყოფელი ნაწილებისაგან, ატომებისაგან (ბერძნ. άτομος „განუყოფელი“), მხოლოდ ეს ატომები წარმოადგენენ რეალობას, ნივთთა წარმოშობის მიზეზს. ლევკიპემ პირველმა იგულისხმა, რომ ატომები ელემენტებია… ის ამბობს, რომ მათგან უსაზღვრო სამყარონი წარმოიშობიან და ისევ იმადვე იშლებიან“.
ლევკიპეს მოძღვრება ატომების შესახებ უფრო ღრმად განავითარა დემოკრიტემ.