არქიმედე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Arqimede.PNG

არქიმედე (ძვ. წ. 287 – 212) — ძველი საბერძნეთის მათემატიკოსი და მექანიკოსი, ფიზიკოსი და სამხედრო ინჟინერი, პოლიტიკური მოღვაწე. მან შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები მათემატიკის, მექანიკისა და ფიზიკის სხვადასხვა დარგში. დაიბადა, ცხოვრობდა და გარდაიცვალა სირაკუზაში, სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ბერძნულ კოლონიაში.

არქიმედე იყო ანტიკური ტექნიკის საუკუთესო მცოდნე, ღრმად მოაზროვნე და გამომგონებელი, ზებუნებრივი გამჭრიახობის ადამიანი. უკვე სიჭაბუკეში იცნობდა ევკლიდეს „საწყისებს.

არქიმედემ საფუძველი ჩაუყარა „აზროვნების სრულიად ახალ ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას, რომელსაც შემდგომ მოჰყვა ტექნიკური მექანიკის კოლოსალური განვითარება.

როგორც მექანიკოსმა და მათემატიკოსმა, არქიმედემ რამდენიმე საუკუნით გაუსწრო თავის დროს. მას მიაწერენ 40-მდე აღმოჩენას პრაქტიკული მექანიკის დარგში, რომელთა უმრავლესობა ჩვენამდე ვერ შემოინახა. ისიც, რაც მისი შრომებიდან შემოინახა სადღეისოდ, წარმოადგენს კაცობრიობის კულტურის უდიდეს საგანძურს.

არქიმედე იკვლევდა არითმეტიკასა და გეომეტრიას; იგი განსაკუთრებით აფასებდა თავის აღმოჩენებს გეომეტრიაში: მან შეადგინა სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურისა და მოცულობითი (სივრცითი) სხეულის ზედაპირის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა, მათ შორის ელიფსის, პარაბოლის სეგმენტის, კონუსისა და სფეროს ზედაპირის ფართობებისა ითვლიდა რა წრეწირის სიგრძისა და მისი დიამეტრის შეფარდებას, არქიმედემ პირველმა წამოაყენა წინადადება ეს სიდიდე აღენიშნათ π ასოთი და საკმაოდ ზუსტად განსაზღვრა მისი რიცხვითი მნიშვნელობა - აჩვენა რომ π მოთავსებულია 22/7 და 223/71 რიცხვებს შორის; მან შეიმუშავა მხების განსაზღვრის და სიდიდეთა უდიდეს და უმცირეს მნიშვნელობათა განსაზღვრის მეთოდები, რომლებიც შემდგომ საფუძვლად დაედო დიფერენციალურ და ინტეგრალურ აღრიცხვას; არქიმედეს შეიძლება ვუწოდოთ დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის ფუძემდებლების – ნიუტონისა და ლაიბნიცის წინამორბედი. არქიმედემ მოძებნა უსასრულოდ კლებადი გეომეტრიული პროგრესიის ჯამი – ეს იყო მათემატიკის ისტორიაში პირველი უსასრულო ჯამი მოგვცა კუბური განტოლების გეომეტრიული ამოხსნა;

ჩვენამდე მოღწეული თხზულებებიდან, არქიმედეს მნიშვნელოვანი მათემატიკური ნაშრომებია: „პარაბოლას კვადრატურის შესახებ“, „წრის გაზომვა“, „სფეროსა და ცილინდრის შესახებ“. მათემატიკურ მეთოდებს ფართოდ იყენებდა ბუნებისმეტყველაბასას და ტექნიკაში. მკაცრი მსჯელობით არქიმედემ პირველმა განსაზღვრა პარალელოგრამის, სამკუთხედის, ტრაპეციისა და პარაბოლური სეგმენტის სიმძიმის ცენტრის მდებარეობა.

არქიმედეს დიდი მიღწევები ჰქონდა მექანიკაში. მას ეკუთვნის დიდი რაოდენობის ტექნიკური გამოგონება; თავისი არაჩვეულებრივი უნარით იგი ადვილად წყვეტდა ტექნიკურ ამოცანებს; თავისი ღრმა ცოდნის გამოყენება შეეძლო პრაქტიკული მიზნების განსახორციელებლად. მან გამოარკვია სიმძიმის ცენტრის პრინციპი; იგი ითვლება ჰიდროსტატიკის – სითხის წონასწორობის შესახებ მეცნიერებს ჭეშმარიტ დამფუძნებლად. არქიმედემ აღმოაჩინა მისი სახელით ცნობილი ჰიდროსტატიკის კანონი - „არქიმედეს კანონი“: სითხეში (ან აირში) ჩაშვებულ ყოველ სხეულზე მოქმედებს „ამწევი ძალა” (ამომგდები ძალა), რომელიც მიმართულია ზემოთ, უდრის სხეულის მიერ გამოდევნილი სითხის (ან აირის) წონას და გამოდევნილი მოცულობის სიმძიმის ცენტრშია მოდებული.

მათემატიკაში, ფიზიკასა და მექანიკაში თეორიულ კვლევასთან ერთად იგი სწავლობდა გამოყენებითი მექანიკის საკითხებსაც. მან მრავალი შესანიშნავი გამოგონებით დიდად გაამდიდრა ანტიკური ტექნიკა. მოაწყო პლანეტარიუმი, დაამზადა ცის სფეროს მოდელი – გლობუსი, მზის დიამეტრის გამზომი ხელსაწყო. გააუმჯობესა მინდვრების სარწყავი წყლის ხრახნი და ამ ხრახნის პრინციპზე ააგო წყალსაქაჩი მოწყობილობა (.,არქიმედეს ხრახნი” – „ჭიახრახნი“) რომელიც პირველად ეგვიპტეში გამოიყენეს მდინარე ნილოსის მიერ დატბორილი ველების დასაშრობად. არქიმედე ითვლება თანამედროვე პოლისპასტის გამომგონებლად.

მექანიკის საკითხებს არქიმედემ მრავალი თხზულება მიუძღვნა: „საყრდენების წიგნი”, „სასწორების შესახებ“, „ბრტყელი ფიგურების წონასწორობის შესახებ, ანუ ბრტყელი ფიგურების სიმძიმის ცენტრის შესახებ“, „მოტივტივე სხეულების შესახებ“, „ბერკეტის შესახებ“, „წონასწორობის შესახებ“, „,ეფოდი, ანუ მიმართვა ერატოსფენს მექანიკური თეორემების შესახებ“ და სხვ. მათგან ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ რამდენიმე ნაწარმოებმა, დანარჩენების შინაარსზე საუბარი შეიძლება მხოლოდ ალექსანდრიელი მეცნიერების ჰერონისა და პაპის ნაშრომების გაცნობისას, სადაც მოყვანილია ფრაგმენტები არქიმედეს შრომებიდან.

ჯერ კიდევ პირველმა გეომეტრებმა, ევდოქსმა და არხიტმა შექმნეს მექანიკური კონსტრუქციები, რათა გეომეტრიის სწავლება უფრო თვალსაჩინო გაეხადათ. სწორედ გეომეტრიის საუკეთესო ცოდნა გამოიყენა არქიმედემ და შექმნა ისეთი მანქანები, განსაკუთრებით სამხედრო მანქანებიი რომლებმაც ჯერ მისი თანამემამულეების, ხოლო შემდგომ მომდევნო თაობების მეცნიერების აღტაცება გამოიწვია.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები