უსერკაფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უსერკაფი – (ეგვ.Wśr-k3.f, „ძლევამოსილია მისი კა“, დაახლოებით ჩვ.წ.-მდე 2465-2458 წწ.), ეგვიპტის V დინასტიის პირველი ფარაონი. ტურინის პაპირუსის თანახმად, იმეფა შვიდ წელიწადს, რაც უფრო დასტურდება ისტორიულად, ვიდრე მანეთონის მიერ დასახელებული ოცდარვა წელი.

მისი მეფობის შესახებ არაფერია ცნობილი, არ არის ნათელი ასევე მისი კავშირი წინა დინასტიასთან, თუმცა თვალში საცემია, რომ მისი სახელი შედგენილია იგივე პრინციპით, როგორც შეპსესკაფის და თითქმის იგივე შინაარსისაა. უცნობია დინასტიის სამშობლოც და შეცვლის მიზეზიც. ვარაუდები ჰელიოპოლისური წარმოშობის შესახებ დამყარებულია იმ ფაქტზე, რომ დინასტიასთან არის დაკავშირებული რას კულტის საოცარი აღზევება, მაგრამ დღეს რეალურად არც ის არის ნათელი, არსებობდა თუ არა რას კულტი ჰელიოპოლისში V დინასტიამდე. მაგრამ ბევრი გადაუჭრელი პრობლემის მიუხედავად, აშკარაა, რომ V დინასტიიდან საბოლოოდ დასრულდა ზეღვთაება-ფარაონის რას შვილად, და შესაბამისად, მეორე თაობის ღვთაებად გარდასახვა. თუ აქამდე მხოლოდ უფლისწულები იყვნენ ფარაონთან დაახლოებული პირები, V დინასტიიდან სულ უფრო ხშირი ხდება უბრალო წარმოშობის ეგვიპტელების გამოჩენა მაღალ თანამდებობებზე.

თვითონ ეგვიპტელები ზღაპარში, რომელიც შუა სამეფოს დროს შექმნილად არის მიჩნეული, V დინასტიის წარმოშობას ქვეყნის ახალ უზენაეს ღვთაებას, რას უკავშირებდნენ. ბრძენი-წინასწარმეტყველი აუწყებს ფარაონ ხეოფსს, რომ სახბუში (სავარაუდოდ მდებარეობდა ზატ ელ-კომთან, აბუ როაშიდან 10 კმ. ჩრდილოეთით, სადაც ნილოსი დამიეტის და როზეტას ტოტებად იყოფა) რას ქურუმის მეუღლე ფეხმძიმედ არის დიდი რასაგან, სამ ტყუპისცალს გააჩენს და ისინი ეგვიპტის მეფეები იქნებიან. აშკარაა, რომ ზღაპრის მიზანს დინასტიის „ღვთაებრივი“ წარმოშობის დასაბუთება წარმოადგენს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ V დინასტიის შვიდიდან პირველმა ექვსმა ფარაონმა რას განსაკუთრებული ტაძრები აუგო – ტრადიცია, რომელიც ეგვიპტეში აღარ გამეორებულა, და ამის პარალელურად პირამიდები ერთბაშად იკლებს ზომაში. ამიტომ ითვლება, რომ მზის ტაძრებმა ერთგვარად პირამიდების ადგილი დაიკავა მნიშვნელოვანია ასევე დედოფლების ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემა. თუ გიზეს და აბუსირის სამარხების მფლობელი ერთი და იგივე პიროვნება (ხენტკაუსი) იყო, მაშინ ზოგიერთი ვარაუდით ის უსერკაფის მომდევნო ფარაონების, სახურას და ნეფერირკარა-კაკაის დედაა. არსებობს ვარაუდი, რომ უსერკაფი მეფის ასულის, ნეფერჰეტეპესის შვილია, და მაშინ ის ჯედეფრას შვილიშვილი, და შესაბამისად, IV დინასტიის უმცროსი შტოს შთამომავალია. სამწუხაროდ, არ არის ცნობილი ნეფერჰეტეპესის მეუღლე. ზოგიერთის ვარაუდით, ის შესაძლოა იყო ზღაპარში მოხსენიებული „რას ქურუმი სახბუში“. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ უსერკაფმა თავისი მზის ტაძარი აბუსირში ააგო, რომელიც ძალიან ახლოს იყო სახბუსთან. თავისი ძალიან მოკრძალებული ზომის პირამიდისათვის (სიმაღლე 49 მ., კედლის სიგრძე – 73 მ.) მან ადგილი შეარჩია ჩრდილოეთ საქქარაში, ჯოსერის პირამიდის სიახლოვეს. მისი მეფობის დროს დაფიქსირებულია ეგვიპტის პირველი კონტაქტი ეგეოსის სამყაროსთან, რადგან ქვის ჭურჭელი მისი მოსახსენიებელი ტაძრიდან ნაპოვნია კუნძულ კითერაზე.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები