ასტრონომია ძველ ეგვიპტეში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასტრონომიული ჭერი სენმუტის სამარხიდან (XVIII დინასტია, დაახ.ძვ.წ. 1479–1458

ასტრონომია ძველ ეგვიპტეში – ასტრონომიით დაინტერესება ეგვიპტეში, პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარე, ძალიან ადრე მოხდა და მიწათმოქმედების განვითარებასთან იყო დაკავშირებული, რადგან ეგვიპტის სოფლის მეურნეობა მთლიანად ნილოსის ადიდებაზე იყო დამოკიდებული. დიდი მდინარე რეგულარულად, ჩვენი კალენდრით ივლისში დიდდება აბისინიის მთიანეთში და დიდი ტბების მიდამოებში ტროპიკული წვიმების სეზონის გამო, მაგრამ ეგვიპტელების დაკვირვებით, ეს მოვლენა ცაზე კაშკაშა ვარსკვლავის სირიუსის გამოჩენას ემთხვეოდა. როგორც ჩანს, ასეთი დამთხვევის დაფიქსირების შემდეგ (ან, შეიძლება, უფრო ადრეც) ეგვიპტელები დაინტერესდნენ ვარსკვლავების გადაადგილებით და მათი დაკვირვება დაიწყეს, რაშიც ხელს უწყობდა ეგვიპტის ყოველთვის კაშკაშა და მოწმენდილი ცა. თანდათან ეგვიპტელების ცოდნა იმდენად გაიზარდა, რომ მათ შექმნეს საოცრად პრაქტიკული, 12-თვიანი მთვარის კალენდარი სასოფლო-სამეუნეო საქმიანობისათვის, და მოგვიანებით, ვარსკვლავების კანონზომიერი გადაადგილებისა და მონაცვლეობის აღმოჩენის შემდეგ, დაყვეს ჯერ ღამე, შემდეგ კი დღე თორმეტსაათიან მონაკვეთებად და ამგვარად შექმნეს ის 24-საათიანი დღე-ღამე, რომელშიც დღესაც ვცხოვრობთ.

ეგვიპტელები ძალიან კარგად ერკვეოდნენ თვალით ხილულ ვარსკვლავებში, იცოდნენ ამა თუ იმ ვარსკვლავის ამოსვლის, კულმინაციის (ციური მერიდიანის გადაკვეთის) და ჩასვლის დრო. ვარსკვლავები დააჯგუფეს თანავარსკვლავედებში და მისცეს იმ ცხოველების სახელები, რომლებსაც, მათი აზრით, ეს თანავარსკვლავედები ჰგავდა მაგ. დიდი დათვის თანავარსკვლავედს ისინი „სეტხის ბარკალს“ ეძახდნენ.

ეგვიპტური სამარხების, ტაძრების და სასახლეების ჭერზე თავსდებოდა ცის რუკები, რომელთა სიზუსტე გაოცებას იწვევს. განსაკუთრებით აღსანიშნავია სენ-მუტის სამარხში (XVIII დინასტია), სეტი I-ის კენოტაფში (XIX დინასტია), რამსეს II-ის სასახლეში (რამესეუმში, XIX დინასტია), რამსეს III-ის მოსახსენიებელ ტაძარში (XX დინასტია) და ზოგიერთი რამესიდის (XX დინასტია) სამარხებში მოთავსებული რუკები. აქაა ცის რუკები, ვარსკვლავების ცხრილები ღამის დროის დასადგენად, ვარსკვლავების მიერ ცის მერიდიანის გადაკვეთის გათვლები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სენმუტის სამარხი, სადაც გამოსახულია სამხრეთი და ჩრდილოეთი ცის რუკები, დიდი დათვის თანავარსკვლავედის „Eta“ და „Zeta“ ვარსკვლავების და მცირე დათვის თანავარსკვლავედის „Beta“ ვარსკვლავის კულმინაციები.

ასტრონომიული ჭერის რელიეფი, დენდერა

დღის დროს ეგვიპტელები ე.წ. „ჩრდილის საათებით“ განსაზღვრავდნენ. ჩრდილის საათი ორი ხის ფირფიტისაგან შედგებოდა. ერთი ფირფიტა დაყოფილი იყო 12 სეგმენტად, მეორე თავსდებოდა პირველის პერპენდიკულარულად, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ორიენტაციით. ჩრდილი, რომელიც სეგმენტებიან ფირფიტაზე ვარდებოდა, დღის საათს უჩვენებდა. დღის დროს ეგვიპტელები „მზის საათებითაც“ (sundials) იგებდნენ. მათი საშუალებით იზომებოდა მზის ჩრდილის კუთხის ცვალებადობა დღის განმავლობაში მზის მოძრაობის დროს.

ეგვიპტელების დიდ ტექნიკურ მიღწევად ითვლება „წყლის საათის“ გამოგონება, რომლებსაც ბერძნები „კლეფსიდრს“ ეძახდნენ. ისინი ყველაზე გვიან ახალი სამეფოს დროს შეიქმნა, რადგან ცნობილია, რომ ამონხეტეპ I-ის ერთ-ერთმა მოხელემ, „მეფის ბეჭდის მატარებელმა“ ამენემესმა უკვე „გაუმჯობესებული წყლის საათი“ გამოიგონა. წყლის საათი წარმოადგენდა ორ ერთმანეთში ჩადგმულ ჭურჭელს, სადაც ერთიდან მეორეში წყალი გადმოედინებოდა. ჭურჭლის შიგნითა მხარეს მოთავსებული დანაყოფებით შეიძლებოდა საათის გაგება.

ეგვიპტელები თავიანთ ტაძრებს და პირამიდებსაც ზუსტი ასტრონომიული ორიენტაციით აგებდნენ, რომლის მნიშვნელობა ჩვენთვის ყოველთვის არ არის გასაგები. ასტრონომიით ეგვიპტეში განსწავლული ქურუმები იყვნენ დაკავებული, რომლებიც განათლებას სატაძრო სკოლებში იღებდნენ.


იხილე აგრეთვე

კალენდარი

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები