სია (ღვთაება)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სია – (ეგვ. Śj3, დაფიქსირებულია პირამიდების დროიდან), გონების და შემეცნების გაღმერთებული პერსონიფიკაცია. ანთროპომორფული ღვთაება.
ითვლებოდა, რომ სია რას ფალოსიდან დაწვეთებული სისხლიდან შეიქმნა. ძველი სამეფოს დროს ხშირად იყო წარმოდგენილი რას გვერდით წმინდა პაპირუსით ხელში, რომელიც ცოდნის სიმბოლო იყო. მეფეთა ველის სამარხების კედლებზე მოთავსებულ გამოსახულებებში მოგზაურობს რას ბარკაში. სია გადახლართული იყო ასევე გაღმერთებულ სიტყვასთან ხუსთან, რადგან ხუს საშუალებით გადმოიცემოდა სიას ნაფიქრი. მჭიდროდ იყო დაკავშირებული სიბრძნის ღვთაებასთან – თოტთან და ჩვეულებრივ მის გვერდით გამოისახებოდა. როცა თოტი, როგორც ვეზირი, ანგარიშს აბარებს მზის ღვთაებას, სია მის გვერდითაა და ღმერთის წიგნი უჭირავს. ბერძნულ პერიოდში შეერწყა თოტს.