პაპირუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პაპირუსი – (ლათ. papyrus, ბერძნ. papuros) – საწერი მასალა, რომელსაც ამზადებდნენ ძველ სამყაროში ჭილისებრთა გვარის მცენარისაგან. ქართული შესატყვისია ჭილი.

ჭილის დამზადების ტექნოლოგია აღწერილი აქვს პლინიუს უმცროსს (I ს. ახ. წ.): მცენარის ღეროს წყალში ალბობდნენ, მწვანე კანს აცლიდნენ, შუაგულს თხელ სოლებად სიგრძეზე ჭრიდნენ და სველ ფიცარზე ერთმანეთის გვერდით აწყობდნენ. შემდეგ ზოლებს ერთმანეთს მიაწებებდნენ და ზემოდან ასეთივე წესით განივად დალაგებულ და მიწებებულ ჭილის ზოლებს დაადებდნენ. ამგვარად დაწყობილ ზოლებს ტკეპნიდნენ, ასწორებდნენ და აშრობდნენ. ჭილზე წერდნენ შავი ან წითელი მელნით, მცენარის ღეროსაგან დამზადებული კალმით. ძველ ეგვიპტესა და ჰერკულანუმში ჭილს დიდი რაოდენობით ამზადებდნენ და გაჰქონდათ სხვა ქვეყნებში. ჩვენს დრომდე მოღწეულია ჭილზე შესრულებული არამეული, ბერძნული, ლათინური, კოპტური, არაბული, სირიული ტექსტები, რომელთაც შეისწავლის პაპიროლოგია. ჭილის ფურცლები იხვეოდა გრაგნილისებურად. ასეთ ფურცლებს ბერძნები χάρτης-ს (ქართ. ქარტა) უწოდებდნენ. დიდი მოცულობის ტექსტებს, რომელთაც ჭილის მრავალი ფურცელი (გრაგნილი) ესაჭიროებოდა, ბერძნულად ეწოდება Βιblioυის (ბიბლია). საწერ მასალად ტყავის გავრცელებამ თანდათან ხმარებიდან გამოდევნა პაპირუსი და მასთან ერთად წიგნის გრაგნილისებური ფორმა. ჭილის ფურცლებს იყენებდნენ XI ს-მდე ბიზანტიის იმპერატორებისა და რომის პაპების კანცელარიებში ბრძანებულებების, იურიდიული აქტებისა და სხვა საქმიანი ქაღალდების საწერად. ამის გამო სიტყვა „ქარტამ” შეიძინა საბუთის მნიშვნელობაც. ქართული ხელნაწერთაგან მხოლოდ ორში – ე. წ. ჭილ-ეტრატის იადგარსა (IX-X სს.) და ფსალმუნში (IX ს.) არის დადასტურებული ჭილის გამოყენების ფაქტი. ორივე ხელნაწერი პალესტინაშია შექმნილი და ინახებოდა სინას მთის წმ. ეკატერინეს სახელობის მონასტერში. ისინი სინას მთიდან რუსეთში ჩაიტანა პ. უსპენსკიმ. ჭილ-ეტრატის იადგარში გამოყენებულია ორივე მასალა: ჭილიცა და ეტრატიც. ამჟამად იგი ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში (H-2123), ფსალმუნის ფურცელი კი – პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებაში. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია აგრეთვე ქართული პაპიროლოგის გრ. წერეთლის ბერძნული პაპირუსების კოლექცია.

მ. სურგულაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები