დაკრძალვის რიტუალი ძველ ეგვიპტეში
დაკრძალვის რიტუალი ძველ ეგვიპტეში – გარდაცვალებასა და დაკრძალვას შორის დროის მონაკვეთს (რაც ეგვიპტეში მინიმუმ 70 დღეს მუმიის დამზადებისათვის აუცილებელ ვადას მოიცავდა), მიცვალებულზე მრავალი რიტუალი ტარდებოდა. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ მათ გარეშე მიცვალებული ვერ გააგრძელებდა არსებობას საიქიო სამყაროში და ყველაზე უფრო ამ რიტუალების გარეშე, უცხო ქვეყანაში გარდაცვალების ეშინოდათ.
სამგლოვიარო პროცესიები უკვე ბალზამირების დროს იწყებოდა. დიოდორეს ცნობით, გარდაცვლილის ახლობლები სამგლოვიარო პროცესიებით ქალაქს უვლიდნენ. დაკრძალვის დღეს სარკოფაგს, ბარკაზე დასვენებულს, საკრალურ ტბაში შეაცურებდნენ. ნაპირზე ამ დროს ნათესავები და „მსაჯული“ იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც გარდაცვლილს დაიტირებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ „ტბის გადაცურვა“ დაკრძალვის დღეს უკვე ძველი სამეფოს ტექსტებშია დაფიქსირებული.
შუა სამეფოს დროს, ოსირისის კულტის აღზევებასთან ერთად, მუმიის აბიდოსში, ოსირისის სამარხთან ჩასვენების ტრადიცია ჩამოყალიბდა. მუმია, ბარკაზე დასვენებული, ნილოსით მიჰყავდათ. ეს ტრადიცია ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ მის გამოძახილს ახალ სამეფოშიც ვხვდებით. ამ დროის გამოსახულებებზე ვხედავთ ბარკაზე მოთავსებულ სარკოფაგს ან მიცვალებულის ქანდაკებას, რომელსაც მიაცურებენ კუნძულთან საკრალურ ტბაში. კუნძულზე გამოსახული სარკოფაგი, რომელსაც ისიდა და ნეფტიდა დასტირიან, უდავოდ ოსირისის საფლავის სიმბოლო უნდა იყოს. სამარხისაკენ მიცვალებულის სარკოფაგს ასევე ბარკაზე დასვენებულს მიასვენებდნენ. საზიდარზე დასვენებულ ბარკას ახალ სამეფომდე წითელი ხარები ეზიდებოდნენ, რაც წინადინასტიური ქვემო ეგვიპტის რიტუალის გამოძახილია (წითელი ქვემო ეგვიპტის ფერი იყო). ახალი სამეფოდან ისინი თეთრმა ძროხებმა შეცვალა (თეთრი ზემო ეგვიპტის ფერი იყო), რომლებიც ალბათ ღვთაებრივი ხესატ-ძროხის სიმბოლოს წარმოადგენდნენ. მიცვალებულის წინ გზას მათ რძეს აპკურებდნენ, რაც განწმენდისათვის და „გზის გახსნისათვის“ იყო საჭირო. მიცვალებულს უკან მიჰყვებოდა ქურუმი, რომელიც საკმეველს აკმევდა. მას მისდევდნენ ნათესავები და ახლობლები, ქალები ჩვეულებრივ ტიროდნენ. პროცესიას ასრულებდა საზიდები კანოპებით, გარდაცვლილის ქანდაკებებით და მსახურები, რომლებსაც სამარხის მოწყობილობა მიჰქონდათ. განსაკუთრებული ადგილი სამარხისაკენ მიმავალ პროცესიაში ეკავა „ცხრა მეგობრის ჯგუფს“, რაც სამეფო რიტუალიდან იქნა გადმოღებული. ისინი გარდაცვლილს უკანასკნელ სამსახურს უწევდნენ. მათ შეჰქონდათ სამარხში მოწყობილობა, ქანდაკებები და ყველაფერს გეოგრაფიული მხარეების შესაბამისად ანაწილებდნენ. სამარხში შეტანამდე სარკოფაგს სამარხის წინ დაასვენებდნენ და დატირების ფონზე მუმიაზე „პირის გაღების რიტუალი“ ტარდებოდა, რომელსაც ჩვეულებრივ სამსხვერპლო ლიტურგია ასრულებდა. საქონელი, რომელიც სარკოფაგს მიეზიდებოდა, მსხვერპლად იწირებოდა.