ნეფტიდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნეფტიდა

ნეფტიდა – (ეგვ. Nb.t h.t, „სახლის ქალბატონი“), ჰელიოპოლისის ენეადის ბოლო თაობის ქალღმერთი და სეტხის მეუღლე, მაგრამ განსხვავებით სხვა ღმერთების წყვილებისაგან, მათი კავშირი სუსტი იყო, შვილიც არ ჰყოლიათ, რაც ნეფტიდას უშვილობით აიხსნებოდა, თუმცა, უფრო გვიანდელი ტრადიციის თანახმად, ანუბისის დედად იყო მიჩნეული. პლუტარქეს ცნობით, მან ანუბისი ოსირისისაგან გააჩინა, რამაც ისიდა ძალიან დაანაღვლიანა. ნეფტიდამ შვილი მიატოვა, და ის ისიდამ გადაარჩინა და გაზარდა. სეტხის და ოსირისის კონფლიქტში ოსირისის გულშემატკივრად გვევლინება და თავის დასთან, ისიდასთან ერთად ეძებს ოსირისის სხეულს. ისინი ერთად ესწრებიან ოსირისის სხეულის მუმიფიცირებას. ისიდა და ნეფტიდა, ჩვეულებრივ მათი სახელის აღმნიშვნელი იეროგლიფებით თავზე, ტრადიციულად გამოისახებოდნენ ერთად, როგორც მგლოველები, ოსირისის მუმიასთან. ითვლებოდა, რომ ისინი ყარაულობდნენ გარდაცვლილი ოსირისის სხეულს, რომ მას კვლავ არ დასხმოდა სეტხი.

ოსირისისადმი მიძღვნილ მისტერიებში მათ როლებს ჩვეულებრივ ახალგაზრდა ქალები ასრულებდნენ. როცა შედარებით გვიანდელი წარმოდგენების თანახმად ითვლებოდა, რომ ყველა გარდაცვლილი ოსირისად გარდაისახებოდა, ისიდა და ნეფტიდა გარდაცვლილთა დამცველი ქალღმერთები გახდნენ, და მათი გამოსახულებები ხშირად თავსდებოდა მიცვალებულის სარეცლის ან მუმიის გამოსახულებებთან. ნეფტიდას არასოდეს ჰქონია კავშირი არც ერთ საკულტო ადგილთან, და რადგან მისი ფუნქციები ძირითადად ისიდასთან ერთად ოსირისის გლოვით შემოიფარგლება, არსებობს აზრი, რომ ის ფაქტობრივად ხელოვნურად იყო შექმნილი, როგორც ისიდას წყვილი, ან როგორც სეტხის მეუღლე, ჰელიოპოლისის ენეადისათვის დასრულებული სახის მისაცემად.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები