საისური ეპოქა
საისური ეპოქა – რენესანსის ეპოქა და უკანასკნელი ბრწყინვალე პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში (672-525).
ჩრდილოეთში ასურელების, სამხრეთში კი ნუბიელების ბატონობის დროს ინიციატივას ხელში იგდებს საისის ნომარქი ნეხო. იგი იღუპება ნუბიელებთან ბრძოლის დროს, მაგრამ მისი შვილი ფსამტიხი წარმატებით ასრულებს მამის საქმეს. ამ საკმაოდ არეულ პერიოდში, როცა აღმოსავლეთში ასურეთთან კონფლიქტის რეალური საშიშროება არსებობდა, სამხრეთი და თებე კი ნუბიელების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მან დაიწყო ბრძოლა ეგვიპტის ნომარქების წინააღმდეგ და მიაღწია შეუძლებელს – კიდევ ერთხელ გააერთიანა ქვეყანა.
მისი გამეფებით იწყება XXVI დინასტია (ფსამტიხ I, ნეხო II, ფსამტიხ II, აპრიესი და ამასისი). საისური პერიოდი ქრონოლოგიურად ემთხვევა უდიდეს ცვლილებებს ეგვიპტის მეზობელ ახლო აღმოსავლეთში, როცა ასურეთის დაპყრობითმა ომებმა მოსახლეობის დიდი მასები დაძრა საცხოვრებელი ადგილებიდან. ბერძნების და კარიელების გარდა, ეგვიპტეს ბევრმა ფინიკიელმა, სირიელმა და ებრაელმა შეაფარა თავი, რომლებიც ძირითადად დაქირავებულ ჯარისკაცებად მსახურობდნენ, მაგრამ ჯარისკაცებს მალე მოყვნენ ვაჭრები და ეგვიპტე თანდათან გაიხსნა უცხოელებისათვის.
დელტაში დაარსდა ბერძნული და კარიული კოლონიები, სადაც გაცხოველებული ვაჭრობა მიმდინარეობდა. ცოტა მოგვიანებით დაარსდა ასევე ებრაული კოლონია ელეფანტინაზე. ეგვიპტე თანდათან ჩაერთო სავაჭრო ურთიერთობების ქსელში, რომელიც მოიცავდა საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მცირე აზიიდან ეგეიდამდე. უცხოეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო რკინის პერიოდის დაწყება ეგვიპტეში, რაც სავარაუდოდ ბერძნების დამსახურებაა, რადგან რკინის გადასამუშავებელი უძველესი ღუმელები სწორედ საისური პერიოდით თარიღდება და აღმოჩენილია ნავკრატისში და ბერძნულ სავაჭრო ფორტში დაფნაში.
თავის მხრივ, ეგვიპტე გამოდგა უდიდესი კატალიზატორი ბერძნული ცივილიზაციის შემდგომი განვითარებისათვის. სწორედ ეგვიპტური მოდელები იყო უდიდესი სტიმული იმისათვის, რომ საბერძნეთში, ჩვ.წ.-მდე მეშვიდე საუკუნის დასასრულისათვის, დაიწყეს მონუმენტური ქვის ქანდაკებების შექმნა და გაჩნდა ქვის კოლონები დაჭრილი კაპიტელებით. ამ ვითარებაში ეგვიპტე ღია იყო უცხოური გავლენისათვის ხელოვნებაშიც, მაგრამ ამ სფეროში, პირიქით, იდეალურ მოდელად საისური ფარაონები ძველი სამეფოს ეგვიპტეს ირჩევენ.
არქაული ტენდენციები იგრძნობა ლიტერატურაშიც, ხდება ძველი თანამდებობების და წოდებების აღდგენა. საისის ფარაონების თავისებურ გავლენაზე ქვეყანაში მიუთითებს ის ფაქტიც, რომ თებე, ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, აღარ იყო ტონის მიმცემი რელიგიაში და ხელოვნებაში, და აღორძინდა მემფისის ტრადიციები, რომელიც ამ დროს კვლავ ქვეყნის პოლიტიკური დედაქალაქი გახდა.
XXVI დინასტიის დროს ძირითადი დამწერლობის ფუნქცია (არალიტერატურული ტექსტებისათვის) იტვირთა დემოტიურმა, და ე.წ. „თებეს აბნორმალური ჰიერატიული“ თანდათან დავიწყებას მიეცა.
ფსამტიხმა ქვეყნის ადმინისტრაციული რეორგანიზაციაც მოახდინა. თავიდან ის არ ეხებოდა სამხრეთ ეგვიპტის მმართველობას, მაგრამ საკმაოდ შემპარავად დაიწყო სამხრეთში ჩრდილოელი მოხელეების დანიშვნა, რომლებსაც უფრო ენდობოდა. იმავდროულად, საისის მეფეები არ შეხებიან ძველი ტრადიციის მქონე ფეოდალურ სამფლობელოებს, როგორიც იყო ჰერაკლეოპოლისი, და რომლებიც გახდა მათი საყრდენი ცენტრალური მმართველობის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება საერთაშორისო პოზიციებს, მიუხედავად იმისა, რომ ძველი იმპერიული დიდება აღარ დაბრუნებულა, ხმელთაშუაზღვისპირეთის სამყაროში ეგვიპტე მაინც სერიოზულ ძალად რჩებოდა.
საისური პერიოდი ხელოვნების საოცარი გაფურჩქვნის და ეკონომიკური ბრწყინვალების ხანა იყო, მაგრამ რესტავრაცია ხანმოკლე გამოდგა – 525 წ. სპარსეთის მეფის კამბიზის არმიამ აიღო მემფისი და სიკვდილით დასაჯა დინასტიის უკანასკნელი ფარაონი ფსამტიხ III, რომელმაც მხოლოდ ექვსი თვე იმეფა და მეფედ კურთხევაც კი ვერ მოასწრო.