მთვარის თვალი
მთვარის თვალი – (ეგვ. nr.t, დაფიქსირებულია უკვე პირამიდების ტექსტებში). დანარჩენი სახელები დაფიქსირებულია ბერძნული პერიოდიდან. უძველესი წარმოდგენით, ცა მიწაზე გადაფარებული შევარდნის ორი ფრთა იყო. ასეთი „ცის“ უძველესი გამოსახულება I დინასტიის ფარაონის, ჯეტის მეფობით დათარიღებულ სავარცხელზეა მოთავსებული. ცოტა მოგვიანებით, ცა წარმოიდგინებოდა როგორც შევარდენი. ამ შევარდნის მარჯვენა თვალი – მზე, მარცხენა კი მთვარე იყო. ხორი იყო უძველესი ღმერთი, რომელიც ამ შევარდენთან ასოცირდებოდა.
რას კულტის აღზევების და მასთან ხორის ერთ-ერთი გამოვლინების (ხორახტი) შერწყმის შემდეგ ციურ შევარდენს მზის ღმერთიც დაუკავშირდა. მთვარეს და მზეს მოიხსენიებდნენ, როგორც „რას თვალებს“, და იმავდროულად, როგორც „ხორის თვალებს“, ან, სხვა ტექსტებში, მზე – რას, მთვარე კი ხორის თვალი იყო. მთვარე განსაკუთრებით მჭიდროდ იყო დაკავშირებული ხორთან და ხორის და სეტხის ორთაბრძოლასთან, თუმცა ნაწყვეტები ამ მითის შესახებ მრავალ ტექსტშია გაბნეული. სეტხთან სასტიკ ბრძოლაში ხორმა თვალი დაკარგა. სეტხი ხორის თვალს მოიტაცებს და გადაყლაპავს, რის შემდეგ ღამის ცაზე წყვდიადი დაისადგურებს. ხორის მიერ თავისი მთვარის თვალის დაკარგვა ზეცაში მთვარის „გაქრობის“ ფაზასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ხორი იბრუნებს თვალს, ამაში მას სხვა ღმერთებიც ეხმარებიან. ისინი ამოჭრიან თვალს სეტხის მუცლიდან. ყველაზე მეტ მზრუნველობას ამ დროს თოტი იჩენს. თოტი არა მარტო დაეხმარა ხორს თვალის დაბრუნებაში, მან „დაჭრილი“ თვალი განკურნა. ახალი მთვარე არ არის სავსე, იმიტომ, რომ ის დაჭრილია, მაგრამ თოტი თანდათან მკურნალობს და „ავსებს“ მას. ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც მზის თვალის ამბავს მოგვაგონებს, მთვარე განაწყენდება ხორზე და გაექცევა მას, მაგრამ ღმერთები დააბრუნებენ. ზოგი ვარიანტის თანახმად, მთვარის თვალი, სეტხის შიშით, თოტის ფრთაში დაიმალება და თავს ზეცაში გაქცევით უშველის.