ხორის თვალი
ხორის თვალი – უძველესი წარმოდგენის თანახმად, ცა იყო შევარდენი-ხორი, ფართოდ გაშლილი ფრთებით, მზე და მთვარე კი მისი თვალები. მზედ მისი ჯანმრთელი თვალი წარმოიდგინებოდა, მთვარედ – სეტხთან ორთაბრძოლაში დაზიანებული.
ოსირისის მითში ხორი ებრძვის სეტხს, რომ მამაზე შური იძიოს, კარგავს თვალს (მთვარის თვალს, რაც მითებში მთვარის ღამე გაუჩინარებასთან არის დაკავშირებული), მაგრამ შემდეგ იბრუნებს მას, თოტი კი თვალის მორჩენაში ეხმარება. მაგრამ უფრო ხშირად მზე როგორც რას, მთვარე კი როგორც ხორის თვალია წარმოდგენილი. ორივე შეიძლება მოხსენიებული იყოს, როგორც უჯატ-თვალი. ხორის „მორჩენილი“ თვალი ამულეტად გამოიყენებოდა, როგორც ცოცხლებისათვის, ისე გარდაცვლილთათვის, რადგანაც თვალის დაბრუნების შემდეგ ხორს ის ოსირისთან მიაქვს მისთვის ახალი ძალის ჩასაბერად, ხორის თვალი გახდა მსხვერპლშესაწირის სიმბოლო, ამიტომ ხშირად სხვადასხვა შესაწირს „ხორის თვალს“ უწოდებდნენ.