ამონემოპე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამონემოპე – (ეგვ. „ამონი ოპეტის დღესასწაულში“, ჩვ.წ.-მდე 993-984 წწ., თუმცა ამ პერიოდის ბრწყინვალე სპეციალისტ კიჩენი მისი მეფობის წლებს სავარაუდოდ 49-მდე ზრდის), XXI დინასტიის მეოთხე ფარაონი, ფსუსენეს I-ის შვილი.

მისი მეფობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ჩრდილოეთში, ტანისში, ფსუსენესის მსგავსად, ამონის მთავარი ქურუმიც იყო. მას მეფედ აღიარებდნენ თებეშიც, ამონის სამფლობელოში, რადგან აღმოჩენილია თებეს ცხრა ქურუმის სამარხი, რომლებიც ამონემოპეს, როგორც მეფის, და მისი თანადროული ამონის მთავარი ქურუმის (თებეში), პაინოჯემ II-ის წლებით არის დათარიღებული.

ამონემოპეს და მისი მამის, ფსუსენესის სამარხები ტანისში, ამონის ტაძრის გალავნის შიგნით, აღმოაჩინა ფრანგმა არქეოლოგმა პ. მონტემ 1940 წელს. ორივე სამარხი გაუძარცვავი იყო, თუმცა ამონემოპეს სამარხი (6მ.x 4.5მ.) ძალიან მოკრძალებულია მამის სამარხთან შედარებით როგორც ზომებით, ასევე მორთულობით. ამონემოპე დაკრძალული იყო ოქროს ფურცლებით დაფარულ ხის კუბოში, მისი ნიღაბი მოოქროვილია, თუმცა ბრინჯაოსაგან არის დამზადებული.

მისი სამშენებლო მოღვაწეობა ძირითადად ტაძრების შეკეთებით და მცირედი მიშენებებით შემოიფარგლება. უნდა აღინიშნოს, რომ ამონემოპეს მეფობას უკავშირდება ბიბლიიდან ცნობილი ედომის უფლისწულის ისტორია. დაახლოებით ამ დროისათვის დავითმა (ჩვ.წ.-მდე 1010-970) გააერთიანა ებრაელები და იერუსალიმი თავის დედაქალაქად გადააქცია. მან მოახერხა ასევე ფილისტიის შევიწროვება, რის შედეგად ისრაელი გამოიკვეთა, როგორც რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო. მეფობის პირველ ნახევარში დავითმა დაიპყრო ედომი. ბიბლიის თანახმად, ედომის ჩვილი უფლისწული ჰადადი გააპარეს ეგვიპტეში, სადაც ფარაონმა მისცა სახლი და მიწები. როცა ჰადადი გაიზარდა, ის მიიღეს სამეფო კარზე და ცოლად ეგვიპტელი დედოფლის და გააყოლეს. კიჩენის აზრით, ეს ამბავი რეალური ისტორიის ანარეკლს წარმოადგენს და ქრონოლოგიურად ჰადადის ეგვიპტეში ჩამოყვანის დრო ამონემოპეს მეფობას ემთხვევა. ამონემოპეს მეფობის შემდეგ ტახტზე ადის ვინმე ოსორკონი (ასევე ოსოხორი), რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც ოსორკონ უფროსს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები