დაფის თამაშები (ძველ ეგვიპტეში)
დაფის თამაშები – ეგვიპტეში უძველესი დროიდან არსებობდა. ერთ-ერთი თამაში – სენეტი (ეგვ. sn.t) უკვე წინადინასტიურ პერიოდში და I დინასტიის დროს არის დაფიქსირებული. სენეტის დაფა, რომელიც შაშის წინამორბედად არის მიჩნეული, ოცდაათი უჯრედისაგან შედგებოდა, რომელზეც ფიგურები კამათელზე დამჯდარი რიცხვის შესაბამისად გადაადგილდებოდა. ეგვიპტის ისტორიის ყველა პერიოდიდან შემონახულია დაფის თამაშების მოთამაშეთა გამოსახულებები. ისინი იმდენად პოპულარული იყო, რომ გარდაცვლილსაც ატანდნენ სამარხში და დღეისათვის ორმოცდაათამდე ასეთი დაფაა ნაპოვნი. ტუტანხამონის სამარხში სპილოს ძვლის და ებენის ხისაგან დამზადებული სენეტის ოთხი დაფაა აღმოჩენილი.
ახალი სამეფოდან, როცა ეგვიპტური რელიგია ძალიან გართულდა და გაჩნდა უამრავი წიგნი საიქიოზე (ამდუატი, ქვაბულების წიგნი და სხვ.), სენეტი, რომელიც აქამდე უბრალო გასართობი თამაში იყო, იმქვეყნიური სამყაროს სიმბოლოდ გადაიქცა, სადაც ყველა უჯრედს სპეციფიკური დატვირთვა ჰქონდა. პირველ უჯრედს „თოტის სახლი“ დაერქვა, რადგან ითვლებოდა, რომ ის აცხადებდა საიქიოში ახალი გარდაცვლილის ჩასვლის შესახებ. ბოლო უჯრედი რა-ხორახტის ეკუთვნოდა, რადგან ყოველ დილას ქვესკნელიდან კვლავ ცაში აღზევდებოდა. მოთამაშეები, რომლებიც თამაშის დასრულებისას რიტუალურად უერთდებოდნენ მზის ცაში აღზევებას თავიანთ სიცოცხლეში, გარდაცვალების შემდეგაც უფრო დაზღვეულებად მოიაზრებოდნენ. დაფის თამაშები მითებშიც არის მოხსენიებული. მითის თანახმად, თოტმა მთვარეს სწორედ დაფის თამაშში მოუგო წლის ის დრო, რომლისგანაც ეგვიპტური წლის ხუთი ეპაგომენალური დღე შექმნა.