ამდუატი
ამდუატი – წიგნი „იმის შესახებ, რაც დუატში (მიწისქვეშეთში) არის“. წიგნის რეალური სათაურია „მიწისქვეშეთის საიდუმლო პალატის წიგნი“ ან „დამალული პალატის წიგნი“, რადგან „ამდუატს“ ეგვიპტელები ყველა მიცვალებულთა წიგნს ეძახდნენ.
წიგნის უძველესი ვერსია (ნაწყვეტების სახით) დაფიქსირებულია თოტმეს I-ის სამარხში, უძველესი სრული ვერსია – თოტმეს I-ის და მისი ვეზირის, უსერამონის სამარხებში. ამდუატის წიგნი განსხვავდება სარკოფაგების და მკვდართა წიგნებისაგან იმით, რომ მისი ტექსტი ფიქსირებულია. ესაა ასევე პირველი ილუსტრირებული მიცვალებულთა წიგნი, სადაც ტექსტი და ილუსტრაციები ერთმანეთს ავსებს.
XXI დინასტიამდე წიგნი მხოლოდ მეფეებისათვის და უმაღლესი მოხელეებისათვის იყო განკუთვნილი და მას დედოფლების სამარხებშიც კი არ ათავსებდნენ. XXI დინასტიის შემდეგ ის გვხვდება თებეშიც, ამონის ქურუმების სარკოფაგებზე. წიგნში მოთხრობილია რას თავგადასავლების შესახებ ღამის 12 საათის განმავლობაში, როცა დიდი ღვთაება ქვესკნელში ეშვება. ყოველ ახალ საათს თან ახლავს ახალი დაბრკოლება გველების, უფსკრულების და სხვადასხვა დემონების სახით. რა ყველას გადალახავს და მეთორმეტე სათის დასასრულს თავისი დილის იპოსტასის – ხეპრის სახით ისევ ამობრწყინდება ჰორიზონტზე. კულმინაციურია მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე საათები. მეხუთე საათში რა მიაღწევს ოსირისის სამარხს და გამოდის იქიდან განახლებული, ხოჭო-სკარაბეოსის (ხეპრის) სახით, მეექვსე საათში რას ბა (სული) უერთდება თავის სხეულს, მეშვიდე საათში კი მას ებრძვის მუდმივი მტერი აპოპი, მაგრამ ისიდას, სეტხის და სელკეტის დახმარებით რა მასაც ამარცხებს. რას მიწისქვეშეთიდან ამოსვლის მომენტში საიქიოს კარი წამიერად ღიაა, მაგრამ შუ მყისვე ლუქავს მას, რომ მიცვალებულთა სულებმა ვერ გამოაღწიონ მიწისქვეშეთიდან. ამდუატის წიგნში ასახულია ეგვიპტელების სწრაფვა მარადიულობისაკენ, რომლის მიღწევა მათ მუდმივი განახლების გზით ჰქონდათ წარმოდგენილი.