ოგდოადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოგდოადა

ოგდოადა – (ეგვ. hmn.t,), რვა ღმერთისაგან შემდგარი კოსმოგონიური სისტემა, რომელიც ჰერმოპოლისში შეიქმნა (Hermopolis Magna). ქალაქის ეგვიპტური სახელი იყო „Hmw“, (თანამედრ. აშმუნეინი). „ხმენუ“ ნიშნავს „რვას“. ამ კოსმოგონიის თანახმად, პირველყოფილი ქაოსიდან გამოვიდა პირველქმნილი ღმერთების ოთხი წყვილი (თითო წყვილი მამრი და მდედრი ღვთაებებისაგან შედგება), რომლებიც ქმნიან სამყაროს.

ოგდოადა თავისი არსებით განსხვავდება ეგვიპტის სხვა კოსმოგონიური სისტემებისაგან, სადაც საწყის ძალად ერთი შემოქმედი გვევლინება (die Einheit), მის საწყისს ბუნებაში არსებული სიმრავლე (die Vielheit) წარმოადგენს. ბუნებასთან ახლოა ასევე ოგდოადის ღმერთების სახე. განსხვავებით ეგვიპტის სხვა დემიურგებისაგან, რომლებსაც ანთროპომორფული სახე აქვთ, ოგდოადის მამრი წევრები ბაყაყებად, მდედრები კი გველებად არიან წარმოდგენილი. ოგდოადის ღმერთებია ნუნი (ეგვ. Nn, განსხვავებით Nnw-საგან, რომელიც პირველყოფილი ქაოსური წყლების სახელია, იქვე) და ნუნეტი (Nn.t. „-t“ სუფიქსი ეგვიპტურ ენაში მდედრობითი სქესის მაჩვენებელია), რომლებიც პირველქმნილ წყლებს განასახიერებდნენ, ხუხი (Hw) და ხუხეტი (Hh w.t) – უსასრულობა, კუკი (Kkw) და კუკეტი (Kk.) წყვდიადი. მეოთხე წყვილი შეიძლება იყვნენ ამონი (Im) და ამუნეტი (Imn.t) – უხილავობა. მაგრამ ჰერაკლეოპოლისური პერიოდის სარკოფაგების ტექსტებში, (ე.ი. იმ დროს, როცა ამონის, როგორც გვიპტის უდიდესი ღვთაების ზეასვლა იწყება), ამონის და ამუნეტის ნაცვლად ვხვდებით ღმერთების სხვა წყვილს, ნიაუს (jw) და ნიაუტს (jw.t), რაც „უარყოფას“ ნიშნავს (Sethe, 1976, § 143). ამ ცვალებადობის მიზანი ბუნდოვანია. ღმერთების არსება უარყოფითთან, სიცარიელესთან და წყვდიადთან არის დაკავშირებული, რაც ერთგვარად აახლოებს მათ ჰელიოპოლისის ატუმთან, რომლის სახელი „ჯერ არ წარმოქმნილს“ ნიშნავს, და მის პირველ ქმნილებასთან, შუსთან (სიცარიელე), და ერთგვარად ახასიათებს ეგვიპტელის წარმოდგენას იმ დროზე, როცა სამყარო და წესრიგი ჯერ არ იყო შექმნილი. მათ განასხვავებს ის, რომ ჰელიოპოლისის კოსმოგონიის სათავეში ერთი საწყისია, აქ კი სიმრავლესთან (4x2) გვაქვს საქმე. „პირველყოფილი ბორცვის“ მაგივრად ჰერმოპოლისში საქმე გვაქვს „ცეცხლოვან კუნძულთან“, რომელზეც მზის ღმერთი იბადება. „ცეცხლოვანი კუნძული“ არის ადგილი, სადაც წარმოიშვა მზე, როცა მიწა ჯერ კიდევ არ იყო გამოსული ნუნიდან. ოგდოადასთან დაკავშირებული იყო თოტიც, მაგრამ რა კავშირი ჰქონდა ჰერმოპოლისის მთავარ ღვთაებას ოგდოადასთან, ნათელი არ არის.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები