ჰერმოპოლისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰერმოპოლისი – ასე მოიხსენიებდნენ ბერძნები ქალაქებს, სადაც ეთაყვანებოდნენ თოტს, რომელიც მათ ჰერმესთან გააიგივეს. ცნობილია რამდენიმე ქალაქი ამ სახელით.

1. ჰერმოპოლისი მაგნა, მეთხუთმეტე ზემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი (ეგვ. Hmnw, კოპტ. Shmun – „რვა“, თანამედროვე ელ-აშმუნეინი). მისი სახელი „რვის ქალაქი“ დაკავშირებულია ჰერმოპოლისის კოსმოგონიურ სისტემასთან, რომელიც რვა ღმერთისაგან (ოგდოადა) იყო შემდგარი. მდებარეობდა შუა ეგვიპტეში, კაიროდან 300 კმ. სამხრეთით. ოგდოადის ღმერთები მოხსენიებული არიან პირამიდების ტექსტებში, მაგრამ ქალაქის სახელი აქ არ გვხვდება. თოტის, როგორც „რვის ქალაქის“ ბატონის მოხსენიება პირველად V დინასტიის დროს არის დაფიქსირებული. განსაკუთრებით ხშირად ქალაქი ტექსტებში შუა სამეფოს პერიოდიდან მოიხსენიება. ქალაქში აღმოჩენილია ახალი სამეფოს დროის ტაძრის, მის სამხრეთით კი რამსეს II-ის პილონის ნანგრევები. წარწერებიდან გამომდინარე, ტაძრის რეკონსტრუქცია მუდმივად ხდებოდა XVIII-XX დინასტიების პერიოდში, განსაკუთრებით ამონხეტეპ II-ის, ხორემხების, რამსეს II-ის და III-ის დროს. აქვე მოძიებულია ამონხეტეპ III-ის მეფობით დათარიღებული პავიანის (თოტის ცხოველი) უზარმაზარი ქანდაკებების ნამსხვრევები. ტაძრის რეკონსტრუქცია მოახდინა ნექტანებოს I-მა. ცენტრალური ტაძრის დასავლეთით აღმოჩენილია კიდევ ერთი ტაძარი, მიძღვნილი თოტის და ამონისადმი. ტაძრის მშენებლობა სავარაუდოდ რამსეს II-ის დროს დაიწყო, რადგან აქვეა ნაპოვნი მისი კოლოსალური ქანდაკების ნამსხვრევები. ქალაქის მთავარი სატაძრო უბანი 637 კვ. მ. მოიცავდა. მისი რეკონსტრუქცია მოხდა XXX დინასტიის დროს. ამავე პერიოდში მთელ უბანს შემოავლეს 15 მ. სისქის კედელი, რომლის პერიმეტრი დაახლ. 2000 მეტრია. გალავნის ჭიშკარი, საიდანაც იწყებოდა ჩრდილოეთისაკენ მიმავალი საპროცესიო გზა, კედლის სამხრეთ ნაწილში იყო გაჭრილი. სატაძრო უბანი ქალაქის ცენტრში მდებარეობდა, მის ირგვლივ განლაგებული იყო საცხოვრებელი უბნები, რომლებიც დღეს ძირითადად ელ-აშმუნეინის ქვეშ არის მოქცეული. აღმოჩენილია აგურის სახლები, რომლებიც ჩვ.წ.-მდე 900-650 წლებით არის დათარიღებული, და ჩვ.წ.-მდე 2000 წლით დათარიღებული, საკმაოდ ღარიბი სამარხები. ეს სამარხები არის ყველაზე ძველი არქეოლოგიური მასალა, რომელიც დღემდე ჰერმოპოლისის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.

ჰერმოპოლისი, სადაც ეგვიპტის ერთ-ერთი კოსმოგონია შეიქმნა, ქვეყნის მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი იყო. ის გარკვეულ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, განსაკუთრებით პირველი გარდამავალი პერიოდის დროს, როცა მისი ნომარქები ჰერაკლეოპოლისის ფარაონების მხარეს იბრძოდნენ, და შემდგომ, ახალი სამეფოს დასასრულიდან, როცა ქვეყანა ფაქტობრივად ორად იყო გაყოფილი, რადგან ქალაქი ჩრდილოეთ ეგვიპტის და ამონის სამფლობელოს (თებაიდის) საზღვარზე მდებარეობდა.

2. ჰერმოპოლისი (ეგვ. Bh), მეთხუთმეტე ქვემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი. ინფორმაცია მის შესახებ მხოლოდ გვიანდელი პერიოდიდან გვაქვს. პიანხის დროინდელ ტექსტში ქალაქის საკულტო სახელი მოხსენიებულია როგორც „თოტის სახლი, რომელიც ორივეს (ე.ი. ხორს და სეტხს) ყოფს“. მდებარეობდა მენსურა ბეი ბაკლიედან 5 კმ სამხრეთით. შემორჩენილია XXVI დინასტიით დათარიღებული ტაძრის ნანგრევები, რომელსაც აპრიესმა ქვის ნაოსი მიუშენა. ტაძარი მიძღვნილი იყო თოტის და მისი მეუღლის, ნეხმეტ-აუისადმი. ქალაქთან ნაპოვნია საკრალური იბისების სასაფლაო.

3. ჰერმოპოლისი პარვა მდებარეობდა ნილოსის კანოპის ტოტზე, თანამედროვე დამანჰურის მიდამოებში. კოპტური სახელია Timinhor .

4. ჰერმოპოლისი, რომელიც მდებარეობდა კუნძულზე ბუტოს მიდამოებში. მოხსენიებული აქვს სტრაბონს (XVII. 802). ქალაქი ალბათ ძალიან ძველია, რადგან უკვე პირამიდების ტექსტებში არის მოხსენიებული „თოტის ადგილი“ ბუტოს მიდამოებში.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები