აფროდიტოპოლისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აფროდიტოპოლისი – ამ სახელით ბერძნები მოიხსენიებდნენ რამდენიმე ქალაქს ხატხორის კულტით, რომელთანაც მათ აფროდიტა გააიგივეს. ცნობები გაგვაჩნია:
- ოცდამეორე ზემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი Tp-iht, „ძროხების წინამძღოლი“, თანამედრ. ატფიჰი. ქალაქის სასაფლაოზე ნაპოვნია საკრალური ძროხების სამარხი. უძველეს დროში აქ ეთაყვანებოდნენ ძროხის სახის ქალღმერთს ხესატს, რომელიც, როგორც ყველა ძველი ძროხის სახის ქალღმერთი, ხატხორს შეერწყა. აღიქმებოდა ასევე, როგორც ისიდას ერთ-ერთი ფორმა. სტრაბონის თანახმად, აქ საკრალური ძროხა თეთრი ფერის იყო. ზოგიერთ ეგვიპტურ ტექსტში ეს ქალაქი ოსირისის დახრჩობის ადგილად არის მოხსენიებული.
- მეათე ზემოეგვიპტური „კობრას“ ნომის დედაქალაქი (ეგვ. „უაჯეტის (კობრას ქალღმერთის) სახლი“. აქ უძველეს დროში კობრას სახის ქალღმერთს ეთაყვანებოდნენ, რომელიც მოგვიანებით ხატხორს შეერწყა. პაპირუს ჩესტერ ბიტის ქალაქების ჩამონათვალში „უაჯეტი“ „სეტხის ქალაქებს“ შორის არის მოთავსებული. ლოკალიზაცია დადგენილი არ არის.