ხატშეპსუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხატშეპსუტი

ხატშეპსუტი – (ეგვ. HBt-špst, „პირველი წარჩინებულ ქალბატონებს შორის“), ფარაონი-ქალი (XVIII დინასტია, დაახლ. ჩვ.წ.-მდე 1473-1458 წწ.), თოტმეს I-ის ქალიშვილი „ღვთაებრივი მეუღლის“, იახმესისაგან. თუმცა ეგვიპტის ფარაონის ინსტიტუტი მამაკაცზე იყო ორიენტირებული, მემკვიდრეობითობის კანონიერება ქალის ხაზით განისაზღვრებოდა, რაც ხშირად წარმოშობდა პრობლემებს.

ეს პრობლემა განსაკუთრებით გამწვავდა პირველი თოტმესიდების დროს, როცა ფარაონების რამდენიმე თაობას ვაჟიშვილი თავისი „ღვთაებრივი მეუღლისაგან“ არ დარჩა. თვითონ თოტმეს I-ის ტახტზე ასვლის ლეგიტიმირება ამონხეტეპ I-ის ქალიშვილზე (ან დაზე), იახმესზე ქორწინებით მოხდა, რადგან თვითონ თოტმესი იყო ამონხეტეპ I-ის ვაჟიშვილი „მეორე რიგის“ ცოლისაგან. მამაკაცი მემკვიდრე დედოფლისაგან არც თოტმეს I-ს დარჩა, და შემდეგი ფარაონი, თოტმეს II (თოტმეს I-ის და არასამეფო წარმოშობის ქალის, ნეფრუ-რას ვაჟიშვილი), ტახტზე თავის ნახევარ დასთან, ხატშეპსუტთან ქორწინების წყალობით ავიდა. აქაც იგივე განმეორდა: თოტმეს II-ს და ხატშეპსუტს ვაჟიშვილი არ ეყოლათ, ამიტომ მათი ქალიშვილი ნეფრუ-რა დააქორწინეს თოტმეს II-ის ვაჟიშვილზე, თოტმესზე (მომავალი თოტმეს III), ასევე არასამეფო წარმოშობის ქალის, ისიდასაგან. შესაძლოა, მოვლენები სხვაგვარად წარმართულიყო, რომ არა თოტმეს II-ის ნაადრევი სიკვდილი. მისი გარდაცვალების დროისათვის თოტმეს III ჯერ კიდევ ბავშვი იყო, და მისი დედინაცვალი ხატშეპსუტი, ასევე ეგვიპტური ტრადიციის თანახმად, თოტმეს III-ის რეგენტი ხდება. ეს ჩანს იმდროინდელი მოხელის წარწერიდანაც, რომელიც გვამცნობს, რომ „ფარაონი აღზევდა ზეცაზე, მისმა ვაჟიშვილმა კი დაიკავა მისი ტახტი, როგორც ორივე ქვეყნის ხელმწიფემ. ღვთაების მეუღლე ხატშეპსუტი მართავს ქვეყანას და გადასახადებს მას უხდიან“. პირველი ორი წლის განმავლობაში ხატშეპსუტი არ ცდება თავის ფუნქციას, მაგრამ რეგენტობის მეორე ან მესამე წლიდან ტახტის უზურპირებას ახდენს, როგორც „ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე“, თავს ეგვიპტის „მეფედ“ აცხადებს და ფარაონის სრულ ტიტულატურას იღებს. თავიდან ის მეფობდა, როგორც ქალი-ფარაონი თავისი წინაპრის, სობეკნეფრუს მსგავსად, და ტიტულატურაში არ მიიღო ფარაონის უკვე ტრადიციულად ქცეული სახელი „ძლიერი ხარი“. თანდათან, თავისი ხანგრძლივი მეფობის განმავლობაში, მისი ატრიბუტები სულ უფრო „მამრობითი“ ხდება. ხატშეპსუტის, როგორც „მეფის“ გამოსახულებები მამრობითი ატრიბუტებით (მაგ, წვერით და ფარაონის სამოსით) არის „დამშვენებული“. ხატშეპსუტი თავის მეფობას თავისი „სუფთა“ გენეალოგიით ამართლებს. ის საერთოდ „ივიწყებს“, რომ იყო დედოფალი თოტმეს II-ის დროს, და აცხადებს, რომ თავის მემკვიდრედ მამამ, თოტმეს I-მა გამოაცხადა, რომლის დროსაც ის რეგენტის როლში იყო. თავისი მოსახსენიებელი ტაძრის კედლებზე დეირ ელ-ბაჰარიში მან მოათავსა თავისი დაბადების აღწერა, საიდანაც გვამცნობს, რომ დიდმა ამონმა აირჩია დედოფალი იახმესი, რომ მისთვის მომავალი მეფე, ხატშეპსუტი ჩაესახა. მან დაუკავშირა ერთმანეთს მამის და საკუთარი მოსახსენიებელი კულტები, რადგან თოტმეს I-ს დეირ ელ-ბაჰარის ტაძარში სამლოცველო აუგო. მას უნდოდა ასევე, რომ მამასთან ერთად, ერთ სამარხში ყოფილიყო დაკრძალული. თოტმეს I-ის სარკოფაგი ხატშეპსუტის სამარხშია აღმოჩენილი, თუმცა თოტმესის კიდევ ერთი სარკოფაგი მის საკუთარ სამარხშიც არის ნაპოვნი. რადგან თოტმეს I-ის მუმია საბოლოოდ დეირ ელ-ბაჰარის ცნობილ სამალავში იპოვეს, დღეს ძნელია იმის თქმა, მოასწრო თუ არა ხატშეპსუტმა მამის საკუთარ სამარხში გადმოსვენება.

თავისი მეფობის დროს ხატშეპსუტი ეყრდნობოდა რამდენიმე გამორჩეულ ადამიანს, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას სენმუტი წარმოადგენს. ქვეყნის შიგნით ხატშეპსუტი შუა სამეფოს ეგვიპტის პოლიტიკის რესტავრაციას ცდილობდა. საგარეო პოლიტიკაში მან ძირითადი აქცენტი აფრიკაზე გადაიტანა და სრულ იგნორირებას უწევდა XVIII დინასტიის მძლავრი ფარაონების მიერ მოპოვებულ აზიურ კოლონიებს.

თავისი ხანგრძლივი მეფობის დროს ის ძირითადად გრანდიოზული მშენებლობებით იყო დაკავებული (განსაკუთრებით ცნობილია მისი ტერასებიანი ტაძარი დეირ ელ-ბაჰარიში). კარნაკის ტაძარში მან ააგო მერვე პილონი, აღმართა ორი ობელისკი და მოახდინა მუტის ტაძრის რესტავრაცია. ბენი ჰასანთან მან აუგო კლდის ტაძარი ქალღმერთ პახეტს, რომელსაც ბერძნებმა არტემიდას ქვაბული (speos Artemidos) უწოდეს.

აღსანიშნავია მისი ექსპედიცია პუნტში, რომელსაც დაწვრილებით აღწერს დეირ ელ-ბაჰარის ტაძრის კედლებზე. ეგვიპტიდან გაემგზავრა ხუთი გემი, რომლებმაც ჩამოიტანეს ეგზოტიკური ტვირთი: ძვირვასი ხე, საკმეველი, სპილოს ძვალი, ჯუჯა საქონელი და მაიმუნები.

ითვლება, რომ ხატშეპსუტი და თოტმეს III ქვეყნის პოლიტიკაში ორი საპირისპირო, ძველი და ახალი მიმართულების განსახიერებას წარმოადგენდნენ. ხატშეპსუტის ინტერესები ქვეყნის შიგნით იყო მიმართული, ის არ მოგვითხრობს ეგვიპტის სამხედრო გამარჯვებების შესახებ. თოტმესი იყო მხედართმთავარი, რომელმაც უზარმაზარი იმპერია შექმნა. ეს იყო კონფლიქტი ძველ და ახალ ეგვიპტეს შორის. ეგვიპტის ასეთი პასიურობა ხელს უმართავდა მითანის სამეფოს, რომელიც იმ დროისათვის ძალზე მომძლავრდა და თანდათან მოიწევდა დასავლეთისაკენ.

ხატშეპსუტის მეფობის დასასრულისათვის ეგვიპტეს მხოლოდ შარუხენი შემორჩა, მთელი დანარჩენი ტერიტორია მითანის სამეფოს ხელში გადავიდა. ეგვიპტის მდგომარეობა მართლაც რომ კრიტიკული გახდა, როცა მითანის მეფემ შეკრიბა უზარმაზარი ჯარი ეგვიპტეზე თავდასასხმელად. ის ეყრდნობოდა აგრეთვე 330 სირიელ მთავარს და ქადეშის მთავრებს. შესაძლოა, ეს საფრთხე აღმოჩნდა ის უკანასკნელი წვეთი, რომელმაც საბოლოოდ გადაწყვიტა ხატშეპსუტის ბედი. ის ქრება არენიდან, თოტმესს კი (რასაკვირველია, ქურუმების ხელდასხმით), უკვე თავად ამონი „ირჩევს“ ეგვიპტის მეფედ. შესაძლოა, ხატშეპსუტი გარდაიცვალა, მაგრამ ნიშანდობლივია ისიც, რომ ხელმეორედ გამეფებიდან უკვე რამდენიმე კვირის შემდეგ თოტმესი ჯარს აზიისაკენ გაუძღვა. თოტმესს წინ ჰქონდა კიდევ მეფობის 33 წელი, და ამ წლების განმავლობაში მან ეგვიპტე ნუბიის და მცირე აზიის ერთპიროვნულ ბატონად გადააქცია.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები