სვავი (ეგვიპტური მითოლოგია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სვავი – დიდი ქალღმერთების – ნეხბეტისა და მუტის ფრინველი. სვავს ეგვიპტელები მდედრობით საწყისს უკავშირებდნენ. სვავის ერთ-ერთი სახელი, „m w.t“ ეგვიპტურად „დედასაც“ ნიშნავს; იგივე სიტყვაა დაკავშირებული ზემო ეგვიპტის დიდ ქალღმერთთან, მუტთან. მუტი ანთროპომორფულადაც გამოისახებოდა, მაგრამ მის გამოსახულებაში ყოველთვის იყო სვავის ელემენტები. მეორე დიდი ქალღმერთი, ნეხბეტი, ყოველთვის სვავის სახით იყო გამოსახული ფარაონის ტიტულატურაში, როგორც ზემო ეგვიპტის სიმბოლო. ჯერ კიდევ წინადინასტიურ ეგვიპტეში ნეხბეტი ზემოეგვიპტური სამეფოს და ზემო ეგვიპტის თეთრი გვირგვინის მფარველი გახდა, და მას მოიხსენიებდნენ, როგორც „თეთრს ნეხენიდან“. ნეხბეტი ფარაონის დედად იყო მიჩნეული. ბუდეში მჯდომი სვავი ეგვიპტელისათვის მფარველი დედის ხატოვანი სიმბოლოც იყო.