ვარიანის კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:27, 27 ივნისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარიანის კოშკი - კოშკი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის დასავლეთით, 0,4-0,5 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

კოშკი ცილინდრულია (დიამ. 6,7 მ), საცხოვრებელ-სათავდაცვო. ნაგებია რიყის ქვით. სართულშუა გადახურვებში და კარ-სარკმლების წირთხლებში გამოყენებულია აგური. ნაგებობა დაზიანებულია: აქა-იქ შემორჩენილია პირველი და მეორე სართულის გუმბათოვანი კამარის ქუსლის ნაწილები, თითქმის მთლიანად ჩამოცვენილია სამხრეთ კედლის საპირე ქვები, დანგრეულია მესამე სართულის უმეტესი ნაწილი.

კოშკს შეისრულთაღიანი შესასვლელი აღმოსავლეთით, მეორე სართულზე აქვს. კარი გარედან მოქცეულია ირიბად შეჭრილ სწორკუთხა შეღრმავებაში, რომელიც დასრულებულია აგურის საფეხურიანი ფრიზით. პირველი სართული შიგნიდან წრიულია (ამჟამად ნანგრევებითაა სავსე), მეორე – სწორკუთხა. კედელში, შესასვლელის გვერდებზე, ოითო ფართო შეისრული ნიშია, რომლებშიც თითო მცირე სწორკუთხა სარკმელია; მათ ქვემოთ თითო სათოფურია. დასავლეთ კედლის ცენტრში, ნახევარწრიულ ბუხარში გაჭრილია ერთი სარკმელი-სათოფური. ბუხრის ორივე მხარეს თითო სათოფურიანი და შეისრული თაღით დასრულებული ნიშია. ჩრდილოეთ კედლის ცენტრში იატაკიდან იწყება დიდი შეისრულთაღიანი ნიში, რომელშიც მცირე სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის ქვემოთ მცირე ნიშია. შეისრულთაღიანი და სათოფურიანი თითო ნიში ამავე კედლის კიდეებშიცაა, ხოლო ერთი შეისრულთაღიანი და შეწყვილებულსათოფურიანი ნიში – სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. ამავე კედელშია დატანებული მესამე სართულზე ასასვლელი კიბე. მესამე სართული წრიულია. შემორჩენილ კედლებში შეისრულთაღიანი სამი სარკმელი (საზარბაზნეები), ერთი ნახევარწრიული ბუხარი და რამდენიმე სათოფურიანი ნიშია. კოშკის შესასვლელის ზემოთ, აგურის წყობაში გამოსახულია შეღრმავებული ჯვარი. ყველა სართული გადახურული იყო გუმბათოვანი კამარით.

კოშკის მახლობლად, ადგილ ლელისთავებში, ნასოფლარზე შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები შენობების საძირკვლის ნაშთები. იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლისა და დიდი ქვევრის ნამტვრევები და სხვ. გადმოცემით მოსახლეობა აქედან ლეკთა შემოსევების დროს (XVIII ს.) აყრილა.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები