ფრენბურთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრენბურთი – (ინგლ. Volleyball > volley – მფრინავი, ball – ბურთი). გუნდური თამაში ბადით ორ ტოლ ნაწილად გაყოფილ მოედანზე. მოთამაშეები ცდილობენ, ბურთი ბადის ზემოთ გადააგდონ ისე, რომ მოწინააღმდეგის მოედანზე დაეცეს და მეტოქემ მისი მოგერიება ვერ შეძლოს.

სარჩევი

ისტორია

ფრენბურთის ისტორიის მკვლევარები ერთსულოვნად ადასტურებენ, რომ: 1. ფრენბურთის დაბადების წელია 1895; 2. დაბადების ადგილი – ქალაქი ჰოლიოკი, აშშ; 3. გამომგონებელი – უილიამ მორგანი, ამ ქალაქის კოლეჯის ფიზიკური კულტურის მასწავლებელი. მორგანს ახალი თამაშისთვის „მინტონეტი“ დაურქმევია და გამოგონებიდან ერთი წლის თავზე სპრინგფილდში საჩვენებელი შეჯიბრება მოუწყვია. ახალი სახელი (Volleyball) მისთვის სპრინგფილდის კოლეჯის პროფესორს ალფრედ ჰალსტიდს უწოდებია. თავდაპირველად 6,75 X 13,8 მ ზომის მოედანს 197 სმ-ის სიმაღლეზე გაჭიმული ჩოგბურთის ბადით ყოფდნენ, გუნდის წევრებისა და დარტყმების რაოდენობა კი შეუზღუდავი იყო. თამაშის პირველი 10-პუნქტიანი წესები 1897 წელს გამოქვეყნდა.

XX საუკუნის დამდეგს ფრენბურთი გავრცელდა კანადაში, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, აზიაში, 1913 წელს კი ის უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პირველი თამაშების პროგრამაში შედიოდა. პირველი მსოფლიო ომის წლებში ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა მეშვეობით, ახალი თამაში ევროპაშიც გაიცნეს. ფრენბურთს გატაცებით თამაშობდნენ ბავშვებიც და მოზრდილებიც, კაცებიცა და ქალებიც, უმთავრესად კურორტებზე, პლაჟებზე და სხვა დასასვენებელ ადგილებში. როგორც სპორტული თამაში, ფრენბურთი საბოლოოდ ჩამოყალიბდა 1917-25 წლებში. 1918 წელს გუნდში მოთამაშეთა რაოდენობა ექვსამდე შეამცირეს, 1922-ში შემოიღეს ე.წ. ბურთზე სამი შეხების წესი. იმავე წელს ბრუკლინში გაიმართა ჩრდილოეთ ამერიკის კოლეჯების პირველი ჩემპიონატი აშშ-ისა და კანადის 23 გუნდის მონაწილეობით, შეიქმნა – ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ფედერაცია. 30-იან წლებშივე დაიხვეწა ფრენბურთის მთავარი ტექნიკური ილეთები (მოწოდება, გადაცემა, შემტევი დარტყმა, ბლოკირება), რომელთა საფუძველზეც აიგო გუნდური თამაშის ტაქტიკა. 1936 წელს ბერლინში შეიკრიბა ფრენბურთის საერთაშორისო ტექნიკური კომისია, რომელშიც თავისი წარმომადგენელი ჰყავდა ევროპის 13, ამერიკის 5 და აზიის 4 ქვეყანას. დაამტკიცეს თამაშის საერთაშორისო წესები ამერიკული ვარიანტის გათვალისწინებით.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1946-70 წლებში, ფრენბურთი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ თამაშად იქცა. ამას ხელი შეუწყო ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაფუძნებამ (1947), გახშირებულმა საერთაშორისო ტურნირებმა, თამაშის ხელმისაწვდომობამ. 1965-დან შემოიღეს ეროვნული გუნდების შეჯიბრებათა ახალი მონაცვლეობა: ჯერ – მსოფლიოს თასის გათამაშება, მომდევნო წელს – მსოფლიოს ჩემპიონატი, შემდეგ კონტინენტური ჩემპიონატები, ბოლოს – ოლიმპიური თამაშები. 1990-დან 2017 წლის ჩათვლით იმართებოდა კაცთა მსოფლიო ლიგის გათამაშება, 1993-დან 2017 წლის ჩათვლით – ქალთა გრან-პრი. 2018 წლიდან ორივე ეს შეჯიბრება ჩაანაცვლა ერთა ლიგამ. საკლუბო ტურნირებიდან აღსანიშნავია ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშება (კაცები – 1960-დან, ქალები – 1961-დან) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (კაცები – 1989-დან, ქალები – 1991-დან).

1924 წელს, VIII ოლიმპიადის მსვლელობისას, პარიზში მოეწყო ფრენბურთელთა საჩვენებელი მატჩები, მაგრამ სოკ-მა ფრენბურთი ოლიმპიურ სახეობად მხოლოდ 1957 წელს აღიარა, თამაშების პროგრამაში კი 1964 წელს შეიტანა (ტოკიო). პირველ ოლიმპიურ ტურნირში კაცთა 10 და ქალთა 6 გუნდი გამოდიოდა. ქალების შეჯიბრება იაპონელებმა მოიგეს, კაცებისა – სსრკ ნაკრებმა.

ფრენბურთი საქართველოში

ქართულ ფრენბურთს თითქმის ასწლოვანი ისტორია აქვს, ეს ისტორია კი 1926 წლიდან იწყება. ამ საქმეს მოთავეობდნენ მიხეილ ცხვედაძე, ლევან ფალავანდიშვილი, გრიგოლ იოსებაშვილი, ივანე ბაქრაძე, მიხეილ პეროვი. მოგვიანებით, ამ ჯგუფს შეუერთდნენ არჩილ წერეთელი, ალექსანდრე პაცკევიჩი, შალვა დიასამიძე, გიორგი ავალიშვილი, გიორგი საყვარელიძე და სხვები. პირველ ხანებში ბადის ნაცვლად იყენებდნენ ტანვარჯიშულ კიბეს, რომელსაც ბადის სიმაღლეზე ამაგრებდნენ. ახალი სახეობის პოპულარიზაციას ხელი შეუწყვეს თბილისში 1927 წელს ჩამოსულმა მოსკოვის დრამატული თეატრის მსახიობებმა, რომლებიც კარგი ფრენბურთელები აღმოჩნდნენ და რამდენიმე საჩვენებელი მატჩიც გამართეს. ერთი წლის შემდეგ ჩატარებული ამიერკავკასიის ვაჟთა გუნდების პირველობა თბილისელებმა მოიგეს. 1930-იან წლებში ფრენბურთს ძირითადად ვერის ბაღისა და სპორტსაზოგადოება „პიშჩევიკის“ მოედნებზე თამაშობდნენ. იმავე პერიოდში ფრენბურთელთა გუნდები შეიქმნა ქუთაისში, სოხუმში, გაგრაში, ბათუმში, ცხინვალში, ფოთში, დიდ ჯიხაიშსა და ახალქალაქში. 1932 წელს მოეწყო საქართველოს პირველი ჩემპიონატი. შემდეგი წლიდან სსრკ პირველობაში ჩაება თბილისის კაცთა ნაკრები, 1935 წელს კი – ქალთა გუნდი.

ომამდელ წლებში თბილისელი ფრენბურთელები (კაცები) სსრკ ჩემპიონატის საუკეთესოთა ხუთეულში შედიოდნენ. თბილისის „ნაუკამ“ (1958 წლიდან – „ბურევესტნიკი“) 1938 წლის ჩემპიონატში II ადგილი დაიკავა, 1940 წელს კი მესამე იყო. ამ გუნდში თამაშობდნენ კონსტანტინე ლომინაძე, ალექსანდრე იაკუშევი, გივი ახვლედიანი, სერგო ტარახჩიანი, არჩილ ჭირაქაძე, ევგენი რომანინი, ლუდვიგ ავალიანი და სხვები. 1938 წელს კონსტანტინე ლომინაძემ სსრკ-ში პირველმა შეასრულა ძალისმიერი გვერდული მოწოდება და დარტყმა ე.წ. კაუჭით, გივი ახვლედიანმა – თავდასხმითი დარტყმა 3-მეტრიან ხაზს გარედან, სერგო ტარახჩიანმა კი პირველმა მიიღო ნახტომით მოწოდების ბურთი. ეს ილეთები ფრენბურთის სახელმძღვანელოებშია შესული.

თბილისის ქალთა გუნდმა სსრკ ჩემპიონატში 1936 წელს III ადგილი დაიკავა. მოგვიანებით, 1952-53 წლებში, ეს გუნდი ასევე მესამე იყო ქალაქების ნაკრებთა საკავშირო პირველობებში. სხვადასხვა თაობის ფრენბურთელთა შორის ოსტატობით გამოირჩეოდნენ ელენე ქაჯაია, ლიუბოვ სენიუკი, თამარ ივანოვა, ბერტა ვარდიშვილი, ასია ანანოვა, ციალა აბუაშვილი და სხვები. სსრკ ნაკრებში სხვადასხვა დროს მიწვეული იყო საქართველოში დაოსტატებული ოცზე მეტი ფრენბურთელი. ქართული ფრენბურთის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით კონსტანტინე ლომინაძეს, არმენაკ თევოსიანს, შოთა მარგიშვილს, ევგენი ამირანაშვილს, ვაჟა კაჭარავას, სერგო ტარახჩიანს, ირაკლი ნიკოლაიშვილს, ედუარდ სანთელაძეს.

1960-იან წლებში თბილისის „ბურევესტნიკის“ კაცთა გუნდი იმდენად გაძლიერდა, რომ მის ბაზაზე შექმნილმა სსრკ სტუდენტთა ნაკრებმა 1963 წელს მსოფლიო უნივერსიადა მოიგო. იმავე წელს ბურევესტნიკელებმა საქართველოს ნაკრების სახელით სსრკ ხალხთა სპარტაკიადაში III ადგილი დაიკავეს. საქართველოში აღზრდილმა ფრენბურთელებმა არაერთხელ მოიპოვეს ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მედლები, მაგრამ იმ დროისთვის ქართულ კლუბებში უკვე აღარ გამოდიოდნენ. გამონაკლისია ტოკიოს ოლიმპიადის (1964) ჩემპიონი ვაჟა კაჭარავა, რომელიც 1965 წლამდე თბილისის „ბურევესტნიკში“ თამაშობდა, შემდეგ კი მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა. უფრო ადრე, 1952 წელს, თბილისის „ლოკომოტივიდან“ მოსკოვის ცსკა-ში მიიწვიეს გივი ახვლედიანი – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, შემდგომში წარმატებული მწვრთნელი (ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ იგი XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა). კაჭარავასთან ერთად ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ბათუმელი სტანისლავ ლუგაილო, რომელმაც ადრე დატოვა საქართველო და რიგის „დაუგავაში“ თამაშობდა. თბილისის „ბურევესტნიკში“ დაოსტატდა ოლიმპიური თამაშებისა (1980) და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვლადიმერ დოროხოვი (შემდგომში ცსკა-ს და ლენინგრადის „სპარტაკის“ წევრი).

მომდევნო თაობის ფრენბურთელთაგან სახელი გაითქვა ფრანგული კლუბის - „კანის“ თბილისელმა კაპიტანმა ვიქტორია რავამ. მისმა გუნდმა 2002 და 2003 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, თავად რავა კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

საქართველოს ევროვნული ნაკრები 2003 წლიდან მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებში. ჩვენმა ქვეყანამ რამდენიმე მნიშვნელოვან კონტინენტურ შეჯიბრებას უმასპინძლა.

წესები

ფრენბურთის მოედნის სიგრძე 18 მეტრია, სიგანე – 9 მეტრი. მოედანს ორ თანაბარ ნაწილად ყოფს 1 მ სიგანის ბადე. ფრენბურთელ კაცთა შეჯიბრებისას იატაკსა და ბადის ზედა კიდეს შორის მანძილი 243 სმ-ია, ქალთა შეჯიბრებისას – 224. ბურთი ტყავისაა და 260-280 გრამს იწონის, გარშემოწერილობა – 65-67 სმ. ფრენბურთელებს აცვიათ მაისურები და შორტები. ფეხსაცმელი მსუბუქი, მოქნილი და უქუსლოა, ნებადართულია ფეხშიშველა თამაშიც. თითოეულ გუნდში 12-12 ფრენბურთელია, თამაშში კი 6-6 სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის ერთი „ლიბერო“ – თავისუფალი მოთამაშე, რომელსაც განსხვავებული ფერის ფორმა აცვია.

ბურთის მოწოდებისას გუნდის წევრებს გარკვეული პოზიცია უკავიათ, მაგრამ მოწოდებისთანავე შეუძლიათ თავიანთი მოედნის ნებისმიერ წერტილში გადაინაცვლონ. პოზიციური შეცდომა სერიოზულ დარღვევად ითვლება და გუნდი, რომელიც ამგვარ შეცდომას დაუშვებს, კარგავს იმ დროისათვის მოგებულ ყველა ქულას. როდესაც გუნდი ბურთის მოწოდების უფლებას მოიპოვებს, მოთამაშეები საათის ისრის მიმართულებით გადაადგილდებიან და ახალ პოზიციას იკავებენ. რეფერის სასტვენის შემდეგ ბურთი თამაშში შეჰყავს ფრენბურთელს, რომელიც მოედნის უკაანა მარჯვენა კუთხეში მოხვდება. ბურთს აწვდიან ქვემოდან ან ზემოდან გაშლილი ხელისგულის დარტყმით. თუ ბურთი შეეხო ბადეს ან მიმწოდებელი გუნდის რომელიმე წევრს, ეს შეცდომად ითვლება. ასევე მოთამაშის შეცდომაა, ბურთი მეტოქის მოედნის ფარგლებს გარეთ რომ დაეშვება. თითოეულ გუნდს, სანამ მეტოქის ნახევარზე გადააგდებდეს, შეუძლია ბურთს სამჯერ შეეხოს. თუ ორი ან მეტი თანაგუნდელი ბურთს ერთდროულად შეეხო, ეს ორმაგ შეხებად ჩაითვლება.

საერთაშორისო შეჯიბრებებში მატჩი გრძელდება ერთ-ერთი გუნდის მიერ 3 პარტიის მოგებამდე (5 შესაძლებლიდან). პარტიას იგებს გუნდი, რომელიც პირველი მოაგროვებს 25 ქულას, ამასთან, მინიმალური უპირატესობა 2 ქულა უნდა იყოს. თამაში არ შეწყდება, სანამ ერთ-ერთი გუნდი 2-ქულიან უპირატესობას არ მიაღწევს. თუ მეტოქეებს 15-15 ქულა აქვთ, პარტიაში გამარჯვებულად ცხადდება გუნდი, რომელიც პირველი მოაგროვებს 17 ქულას. ყოველი პარტიის შემდეგ გუნდები მოედანზე ადგილებს ცვლიან.

იმ შემთხვევაში თუ ორი მოწინააღმდეგე თამაშის წესს ერთდროულად დაარღვევს, ფიქსირდება ორმაგი დარღვევა და ქულა განმეორებით გათამაშდება. ბურთი თამა შიდან გასულად ითვლება, თუ მოედნის ფარგლებს გარეთ იატაკს ან რაიმე საგანს შეეხო.

ერთი გუნდის მოთამაშეები, მოწინააღმდეგის მიერ დარტყმული ბურთის მოსაგერიებლად ბადის ახლოს ბლოკს ქმნიან, თუ ბურთი ბლოკში ჩამდგარ ორ ან მეტ მოთამაშეს შეეხო, ეს ერთ შეხებად ჩაითვლება, ისე რომ ნებისმიერ დამბლოკველ მოთამაშეს უფლება აქვს, ბურთს მეორედაც შეეხოს.

თითოეულ პარტიაში გუნდს 6-6 მოთამაშის შეცვლა შეუძლია. სასტარტო შემადგენლობის ნებისმიერი მოთამაშის შეცვლა მხოლოდ ერთხელ შეიძლება. შეცვლილი მოთამაშე იმავე პარტიაში მოედანზე ვეღარ დაბრუნდება. თუ 6 შეცვლის შემდეგ რომელიმე მოთამაშე დაშავდა, შეიძლება ისიც შეიცვალოს.

ბურთზე თამაშის დროს აკრძალულია ბადის იქით ხელის გადაყოფა, ბადის ვერტიკალური სიბრტყის გადაკვეთა და მეტოქესთან ან მოედნის მეორე ნახევრთან კონტაქტი, ამასთან, მოთამაშეს უფლება არა აქვს, ბურთს შეეხოს წელქვემო ნაწილით და სხვ.

გუნდს შეუძლია ყოველ პარტიაში აიღოს ორი 30-30-წამიანი ტაიმ-აუტი. მატჩს სჯიან მთავარი მასაჯი და 4 დამხმარე მსაჯი.


პლაჟის ფრენბურთი

პლაჟის ფრენბურთი. სპორტული თამაში 2-2-კაციან გუნდებს შორის ბადით გაყოფილ ქვიშიან მოედანზე. მოთამაშენი ბურთს ერთმანეთს ხელით გადასცემენ და ცდილობენ, ისე გადააგდონ ბადის იქით, მეტოქის მოედანზე, რომ მიწაზე დაეშვას ან მოწინააღმდეგემ ვერ მოიგერიოს.

პლაჟის ფრენბურთს 1920-იანი წლებიდან თამაშობდნენ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში. 1930 წლიდან შეჯიბრებები იმართებოდა საფრანგეთში, ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ლატვიაში. გუნდში 3 ან 4 მოთამაშე იყო. 2-კაციანი გუნდეობის პირველი ოფიციალური ტურნირი 1947 წელს ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმავე პერიოდში პლაჟის ფრენბურთი ფართოდ გავრცელდა ბრაზილიაში, მოგვიანებით – არგენტინაში.

1965 წელს აშშ-ში შეიქმნა სპორტის ამ სახეობის მიმდევართა პირველი გაერთიანება – კალიფორნიის პლაჟის ფრენბურთის ასოციაცია. 1974 წელს სან-დიეგოში (აშშ) გაიმართა პირველი კომერციული ტურნირი, ადრინდელ შეჯიბრებებში მხოლოდ კაცები გამოდიოდნენ, მოგვიანებით კი – პლაჟის ფრენბურთში ქალებიც ჩაებნენ.

1986 წელს ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ეს თამაში დამოუკიდებელ სახეობად ცნო და ოფიციალური სტატუსი მიანიჭა, 1993 წელს კი სოკ-მა იგი ოლიმპიურ სახეობად აღიარა.

პლაჟის ფრენბურთის ოლიმპიური დებიუტი მოეწყო 1996 წელს, ატლანტაში. კაცების ტურნირი ამერიკელებმა მოიგეს, ქალებისა – ბრაზილიელებმა.

კლაჟის ფრენბურთ საქართველოში

1980-იანი წლების მიწურულს კლასიკურ ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის პარალელურად ღია მოედნებზე წყვილთა შეხვედრებსაც აწყობდნენ. ეს იყო პირველი მცდელობა საქართველოში პლაჟის ფრენბურთის განვითარებისა. 1997 წლიდან ამ საქმეს უძღვებოდა პლაჟის ფრენბურთის კავშირი, რომელიც ფრენბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის ედუარდ სანთელაძის თაოსნობით შეიქმნა. კავშირმა 1997-2000 წლებში ბათუმსა და თბილისში ოთხჯერ ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატი. ქალებში ქვეყნის პირველი ჩემპიონები იყვნენ თამარ ლატარია და ანა ბჟეჟინსკაია (ბათუმი), კაცებში – ირაკლი ჩაჩუა და სულხან ახვლედიანი (თბილისი). იმავე პერიოდში შეიქმნა ბავშვთა ჯგუფები, თბილისში გაიმართა რამდენიმე შეჯიბრება, საქართველოს გუნდები მონაწილეობდნენ თურქეთისა და საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირებში. 2001 წელს ოფიციალური სარეიტინგო მატჩები გამართა თბილისელ ფრენბურთელთა წყვილმა (სულხან ახვლედიანი, ვახტანგ ჩიქოვანი). ბათუმსა და თბილისში მოეწყო პლაჟის ფრენბურთის სპეციალური მოედნები, მაგრამ შემდგომ უსახსრობის გამო სპორტის ამ სახეობის განვითარება შეფერხდა.

2006 წელს საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტის ლევან ახვლედიანის ინიციატივით შეიქმნა ქართულ-ბრაზილიური კაცთა და ქალთა გუნდები, რომლის წევრებიც საქართველოს მოქალაქეები გახდნენ და 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვეს. პეკინში ქალთა გუნდი ბრძოლას მერვედფინალიდან გამოეთიშა, ვაჟებმა (რენატო გომესი და ჟორჟე ტერსეირო, შემდგომში – გეორ და გია) კი ნახევარფინალამდე მიაღწიეს და საბოლოოდ, მეოთხე ადგილი დაიკავეს.

წესები

პლაჟის ფრენბურთს თამაშობენ ქვიშიან მოედანზე, რომლის ზომებია 16X8 მ მოედანი ორ თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი ბადით, რომლის სიგანეა 1 მ. ბადის სიმაღლე მიწიდან კაცებისთვის 2,43 მეტრია, ქალებისთვის - 2,24. ბურთის დიამეტრია 65-67 სანტიმეტრი, წონა - 260-280 გრამი.

გუნდში 2 მოთამაშეა, რომელთა შეცვლა არ შეიძლება. ბურთს აწოდებენ მოედნის უკანა ხაზიდან, ქვემოდან ან ზემოდან, გაშლილი ხელისგულის ან წინამხრის, დარტყმით. ერთი გუნდის მოთამაშეები ბურთს რიგრიგობით აწოდებენ. ბურთის მოგერიება სხეულის ნებისმიერი ნაწილით შეიძლება. თითოეულ გუნდს, სანამ მეტოქის ნახევარზე გადააგდებდეს, უფლება აქვს ბურთს სამჯერ შეეხოს, ოღონდ შეცდომად ითვლება, თუ ერთი მოთამაშე ბურთს ზედიზედ ორჯერ შეეხება.

მატჩი 3 პარტიისგან შედგება. ყოველი 7 ქულის გათამაშების შემდეგ (მაგ: 4:3, 5:2, 7:0) გუნდები ცვლიან მოედანს, მესამე გადამწყვეტ პარტიაში – 5 ქულის გათამაშების შემდეგ. თუ მომწოდებელმა გუნდმა გათამაშება წააგო, ბურთის მოწოდების უფლება მის მოწინააღმდეგეს გადაეცემა. პარტიაში გამარჯვებისთვის საჭიროა 21 ქულის მოგროვება, ოღონდ ისე, რომ ანგარიშში სხვაობა 2 ქულა მაინც იყოს. სხვა წესი მოქმედებს გადამწყვეტი პარტიის გათამაშებისას: ამ დროს გამარჯვებისთვის 15 ქულის მოგროვებაც კმარა. მესამე სეტში ქულა ყოველი გათამაშების დროს იწერება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ აწოდებს. თამაში გრძელდება მანამ, სანამ ერთ-ერთი გუნდი 2 ქულის უპირატესობას არ მიაღწევს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები