დონიცეტი გაეტანო
დონიცეტი გაეტანო - (იტალ. Domenico Gaetano, 29. XI. 1797, ბერგამო, – 8. IV. 1848, იქვე) იტალიელი კომპოზიტორი.
დონიცეტი კომპოზიციას სწავლობდა ბერგამოში კომპოზიტორ ს. მაირთან, ბოლო 1815-17 ბოლონიის სამუსიკო ლიცეუმში ს. მატეისთან. 1818 ვენეციაში წარმატებით დაიდგა მისი პირველი ოპერა „ენრიკო, ბურგუნდიის გრაფი“, განსაკუთრებული აღიარება დონიცეტს მოუპოვა ოპერებმა (სულ 74): „სიყვარულის ნექტარი“ (1832), „ლუკრეცია ბორჯა“ (1833) და „ლუჩია დი ლამერმური“ (უ. სკოტის რომანის მიხედვით, 1835, ნეოპოლი), აგრეთვე „ფავორიტი ქალი“ (1840), „პოლკის ქალიშვილი“ (1840), „ლინდა დი შამუნი“ (1842), „დონ პასკუალე“ (1843).
დაწერილი აქვს აგრეთვე კანტატები, მესები, საორკესტრო და კამერული ნაწარმოებები, გუნდები, დონიცეტის ოპერები გამოირჩევა მელოდიური სიმდიდრითა და გამომსახველობით, ჭეშმარიტი თეატრალურობით. იგი რთული ვოკალური ანსამბლების ოსტატია.
1835-39 დონიცეტი ნეაპოლის კონსერვატორიის პროფესორია (1837-იდან დირექტორი). 1839-იდან იგი ცხოვრობდა პარიზში. 1844-იდან კი ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა საკომპოზიტორო მოღვაწეობას. ოპერა „ლუჩია დი ლამერმერის“ დადგმით გაიხსნა პირველი საოპერო სეზონი თბილისში (1851), დაიდგა აგრეთვე „ლუკრეცია ბორჯა“ (1851), „ლინდა დი შამუნი“ (1852), „დონ პასკუალე“ (1853; აგრეთვე 1931-32 და 1968-69 სეზონში), „სიყვარულის წამალი“ (1854), „პოლკის ქალიშვილი“ (1857), „ფავორიტი ქალი“ (1864).
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი