ნევმები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:08, 8 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნევმები – (ლათ. neuma) ძველი სანოტო დამწერლობის გრაფიკული ნიშნები უხაზო სანოტო სისტემაში (X საუკუნიდან ნევმურ დამწერლობაში ჩნდება ხაზები). შუა საუკუნეებში ნევმური ნოტაცია ფართოდ იყო გავრცელებული, თუმცა ნევმები ბგერის ზუსტი სიმაღლის დადგენის საშუალებას არ იძლეოდნენ. ნევმები თითქოს ახდენდნენ გუნდის ხელმძღვანელის ხელების ჟესტების ფიქსაციას. ნევმური დამწერლობა გამოიყენებოდა მხოლოდ ვოკალური მუსიკის ჩასაწერად და არ განსაზღვრავდა ბგერის ზუსტ სიმაღლეს; იგი მარტოოდენ ახსენებდა მომღერალს მისთვის უკვე ნაცნობ მელოდიას, მიუთითებდა აღმავალ ან დამავალ მოძრაობას და მელიზმებს. მოგვიანებით ნევმების რამდენამდე დაზუსტების მიზნით ხელი მიჰყვეს მათ კომბინირებას ასოებრივ ნოტაციასთან.