ფუგა (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:01, 31 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფუგა – რთული, მრავალხმიანი მუსიკალური ნაწარმოები, პოლიფონიის უმაღლესი ფორმა, რომელიც ემყარება ერთიდაიგივე თემის გატარებას სხვადასხვა ხმაში. ფუგა ჩამოყალიბდა XVI–XVII საუკუნეებში წინამორბედი პოლიფონიური ფორმების (მოტეტი, რიჩერკარი, კანცონა) საფუძველზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა XVIII საუკუნის I ნახევარში ბახის და ჰენდელის შემოქმედებაში. ფუგა, როგორც დამოუკიდებელი ნაწარმოების, ისე ინსტრუმენტული ციკლების ერთ-ერთი ნაწილის სახით, გამოიყენება თანამედროვე მუსიკაშიც. არსებობს ფუგები მარტივი (აგებული ერთ თემაზე) და რთული (ორმაგი – 2 თემაზე, სამმაგი – 3 თემაზე და ა. შ.). ფუგებს ანსხვავებენ აგრეთვე ხმათა რაოდენობის მიხედვითაც.