პიგმალიონი
პიგმალიონი – (ბერძნ.) კვიპროსის ლეგენდარული მეფე, რომელსაც ნაკლებად იზიდავდა სახელმწიფო საქმეები და რომელიც მთელ თავის დროს მხატვრობას უძღვნიდა. მან თავისი ცხოვრება ეულად განვლო, რადგან თვლიდა, რომ ქალებს უზნეობა ბუნებით მოსდგამდათ და რომ ისინი მას უბედურებას მოუტანდნენ. ერთხელ პიგმალიონმა სპილოს სპეტაკი ძვლისაგან უბადლო სილამაზის ქალწულის ქანდაკება შექმნა. სულდგმულივით იდგა ეს ქანდაკება მეფის სახელოსნოში. მხილვევლს ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს სუნთქვისგან ირხეოდა მისი ლამაზი მკერდი. თითქოს ხმა მოისმოდა მის დიდებულ ბაგეთაგან. საათობით შესცქეროდა მხატვარი თავის ქმნილებას, რომელიც წრფელი გულით შეიყვარა. მისთვის მოჰქონდა უძვირფასესი სამკაულები, ოქსინოები და ძოწეული. მდიდრული სამოსელით მოსავდა ქალწულს, თუმცა შიშველიც მშვენიერი იყო. ხან კი ართობდა თავის ქმნილებას, სთავაზობდა პატარა ჩიტებს, დარახტულ ბურთებს, ხიდან მოწყვეტილ ჰელიადების ცრემლებს, ყვავილებს. ხან სარეცელზე მიაწვენდა, თავქვეშ ბალიშებს ამოუდებდა და მიაძინებდა.
იმხანად აფროდიტეს დღეებს ზეიმობდა მთელი კვიპროსი. იწირებოდა მსხვერპლი, იკმეოდა საკმეველი. მდიდრული ძღვენი გაიღო პიგმალიონმა, მუხლი მოიდრიკა კვიპროსშობილის საკურთხეველთან და აღმოხდა: „თუკი ღმერთები ხართ ყოვლისშემძლე, ისეთი მეუღლე მომივლინეთ, როგორიც ჩემი ქანდაკებაა“. მან ვერ გაბედა სიყვარულის დიდი ღვთაებისათვის ქვის გაცოცხლება ეთხოვა. მაგრამ მიუხვდა აფროდიტე და კეთილგანწყობის ნიშნად სამგზის აღაზევა ჰაერში ცეცხლი. სასახლისაკენ ისწრაფა პიგმალიონმა. მიუახლოვდა ქალწულის ქმნილებას, ხელი შეახო და ეამბორა, სითბო შეიგრძნო, კვლავ ეამბორა და თითებით მკერდზე მიუალერსა. იგრძნო, დარბილდა სპილოს ძვალი, თითებს მინებდა. ხედავს, თვალები აელვარდნენ სიცოცხლის შუქით, გასულიერდა ქანდაკება. პიგმალიონი ხან მადლობის სიტყვებს ჩურჩულებს, ხან ძვირფას ქალწულს ეამბორება. მან გალატეა შეარქვა ღვთაებისაგან სულჩადგმულ ქმნილებას და დიდებული ქორწილი გადაიხადა. ზეიმს ქალღმერთიც ესწრებოდა. წლისთავზე მეფეს მშვენიერმა გალატეამ უბოძა ვაჟი, რომელსაც პაფოსი შეარქვეს. მეფისწულმა დააარსა თავისივე სახელით სახელდებული ქალაქი, სადაც კეთილმოწყალე ღვთაებას მდიდრული საკურთხეველი აუგო.
გადატანითი მნიშვნელობით „პიგმალიონს“ თავისი ქმნილებით მოხიბლულ ადამიანს უწოდებენ.
პიგმალიონის სახე ხშირად გვხვდება ლიტერატურაში. ფართოდ არის ცნობილი ჯილბერტის „პიგმალიონი და გალატეა“. ბერნარდ შოუს „პიგმალიონი“. ასევე ბარატინსკის ლექსები. საყოველთაო აღიარება მოიპოვა ფალკონეს ქანდაკებამ სახელწოდებით „პიგმალიონი“.
2. ტიროსის ლეგენდარული მეფე, დიდონას ძმა, რომელმაც მოკლა დიდონას ქმარი, რათა მის სიმდიდრეს დაუფლებოდა.