სახის ტრავმები
სახის ტრავმები — სახის ტრავმები გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ხშირი ნოზოლოგია გახლავთ. პოლიტრავმების დროს, ხშირია მისი არასათანადოდ შეფასება. იქიდან გამომდინარე, რომ სხვა, უფრო სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში ტრავმა წინა პლანზე გამოდის. თუმცა, შემდგომ პერიოდში, სახის ტრავმები დიდ პრობლემასუქმნიან უკვე გადარჩენილ პაციენტს – ესთეტიკურს, ფუნქციურს და ასე შემდეგ.
სახის კარგი ვასკულარიზაციის გამო, საწყის ეტაპზე ტრავმის გართულების გამოვლენა გვიანდება. შესაძლო ინფიცირება და მისი ოსტეიტში გადასვლა მოგვიანებით შეიძლება მოხდეს.
NOTA BENE
შემთხვევაში, მხოლოდ სტერილური საფენით დავიცვათ ჭრილობა და მოგვიანებით, შემოწმების შემდეგ, დახუროს სპეციალისტმა;
|
სარჩევი |
სახის ტრავმის დროს, ყელ-ყურის ექიმის მიერ ჩასატარებელი კვლევა-დათვალიერება
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ტრაქეოტომიის განხორციელება დაგვჭირდეს.
როდესაც ცხვირიდან სისხლდენა ძალიან ძლიერია, შესაძლოა იმხელა ტამპონი დაგვჭირდეს, რომ მან გამოიწვიოს მოტეხილი ძვლების დაცილება. ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალია უკანა ტამპონადა ფოლიეს კათეტერით ან გასაბერი ტამპონით. ტრაქეოტომია შესაძლოა მაინც დაგვჭირდეს, თუ სუნთქვის ობსტრუქცია არ მოიხსნა შეშუპების გამო.
აუცილებელია მოხდეს სახის ნებისმიერი საეჭვო დაზიანების დათვალიერება. ყვრიმალის, ყბის და ცხვირის ძვლების ძალიან ფრთხილი პალპაცია და მოტეხილობის შემოწმება. ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია CT კვლევის ჩატარება, რომელზეც კარგად გამოჩნდება ნებისმიერი დეტალი. ცხვირიდან ლიქვორეაზე ეჭვის დროს, ეს გამოკვლევა აუცილებელია.
ასევე, პაციენტის ყბის მოძრაობის შემოწმება და პირის ღრუს დათვალიერება საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ღია მოტეხილობის არსებობა.
ოფთალმოლოგიური გასინჯვა
როდესაც ტრავმის დროს პაციენტის მხედველობა დაქვეითებულია ან ვიზუალურად აღენიშნება თვალის მიდამოს დაზიანება, მხედველობის ორგანოს შესანარჩუნებლად, აუცილებელია ოფთალმოლოგის დროული ჩართვა.
ცხვირის ძვლების მოტეხილობა
თუ ტრავმის შედეგად არ არის სისხლდენა ან ცხვირის აშკარა დევიაციო და ძგიდის ჰემატომაც გამოირიცხა, უნდა დაველოდოთ პაციენტის მეორე ვიზიტს 3-4 დღეში. კანქვეშა შეშუპების დაცხრომის შემდეგ, უფრო ინფორმაციული იქნება ძვლების მოტეხილობის და ვიზუალური მონაცემების შეფასება.
ჩვილ ბავშვებში ცხვირის მოტეხილობა იშვიათია. მოზრდილებში კი პირიქით – ხშირი. მისი უყურადღებოდ დატოვება შესაძლოა შემდგომში ცხვირის დეფორმაციის მიზეზი გახდეს.
ტრავმის შედეგად ძვლების აშკარა დეფორმაციის დროს, საჭირო ხდება მათი რეპოზიცია, როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკური მიზნების გამო.
დარტყმის ვექტორის მიხედვით, გვხვდება ტრავმული დაზიანების სხვადასხვაგვარი მოტეხილობა. ფრაგმენტული მოტეხილობის შეფასება ყველაზე კარგად CT კვლევით შეიძლება.
რეპოზიციის ჩატარება შესაძლებელია ტრავმიდან პირველ 14 დღეში. მაგრამ, თუ გვაქვს ძგიდის ჰემატომა, მისი დრენირება (შემდგომი აბსცედირების თავიდან ასაცილებლად), აუცილებელია იმავე დღეს.
რეპოზიცია წლების წინ, ადგილობრივი ანესთეზიით, ცოტა აგრესიული და მტკივნეული პროცედურით ხორციელდებოდა. დღესაც შესაძლოა ამ მანიპულაციის ჩატარება, ნარკოზის არარსებობის დროს. თუმცა, ჩვენი გადმოსახედიდან, ზოგადი ანესთეზიის ქვეშ წყნარად და სკურპულოზურად შესრულებული რეპოზიცია უფრო კარგ შედეგებს იძლევა როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით.
რეპოზიციის შემდეგ, აუცილებელია გარეგანი და შიდა ფიქსაცია.
გარეგანი ფიქსაცია შეიძლება განვახორციელოთ თაბაშირის ანალუმინის ფირფიტით. შიდა ფიქსაცია შესაძლოა სილიკონის პლასტინებით და პოლიმერული ტამპონებით შესრულდეს (merocell-ის ტამპონადა ნაზი და ეფექტურია). დეტამპონადა მე-3 დღეს უკვე შესაძლებელია. ხოლო ზედა ფიქსაციის მოცილება მხოლოდ 8-10 დღეში ხდება.
ანტიბიოტიკოთერაპია და არასტეროიდული საშუალებები (Suprax, Diclac) რეკომენდებულია, როდესაც მოტეხილობის ფართობი დიდია ან ღია მოტეხილობაა.
NOTA BENE
|
სახის სხვა დაზიანებები
ცხვირის ტრავმებს ხშირად ერთვის სხვა ტიპის მოტეხილობები, მაგ. ყვრიმალის, ორბიტალური და ფრონტალური ძვლის. ეს მოტეხილობები ხშირად ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. ამ ტრავმების დროს, აუცილებელია CT კვლევის ჩატარება. სურათებზე კარგად ჩანს მოტეხილობის ხარისხი და გამოწვეული გართულებები: თვალბუდის ქსოვილის ჰაიმორში ჩასვლა. ფრონტალური წიაღის წინა კედლის და ყვრიმალის მოტეხილობა ესთეტიკურ დეფექტს ტოვებს. ფრონტალური წიაღის უკანა კედლის დაზიანება შესაძლოა მენინგეალური გარსის დაზიანებით იყოს გართულებული, რაც შემდგომში ლიქვორეის მიზეზი გახდება.
ორბიტალური ძვლის დეფექტის და ორბიტალური ქსოვილის პლასტიკა ძალიან ფაქიზი მანიპულაციაა და აუცილებლად ენდოსკოპიური კონტროლის ქვეშ უნდა განხორციელდეს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ქვედა ორბიტალური კუნთის მიმართ, რომლის დაზიანებაც შემდგომში თვალის მოძრაობას შეზღუდავს.
Le Fort II და Le Fort III მოტეხილობები
ამ მოტეხილობებს, ასევე, უწოდებენ კრანიო-ფაციალურ მოტეხილობებს. ამ დროს თვალში გვხვდება ლიქვორეა, პალპებრალური ჰემატომა და ეპისტაქსისი. დიაგნოზი ისმება CT კვლევით. პირველ რიგში, აუცილებელია სისხლდენის შეჩერება და შემდეგ ყბა-სახის ქირურგთან კონსულტაცია. შესაძლოა ნეიროქირურგიული ჩარევის აუცილებლობაც დადგეს.
ყბის მოტეხილობები, როგორც წესი, სპორტული ან საყოფაცხოვრებო ტრავმების დროს გვხვდება. ამ დროს ყბის მოძრაობა შეზღუდულია და სახეზეა ტრიზმი. ესეც ყბა-სახის ქირურგის პრიორიტეტია და მკურნალობის ტაქტიკაც მისი გადასაწყვეტია.
წინა ფოსოს ოსტეო-მენინგეალური პოსტტრავმული ნაპრალი
ეს საკმაოდ ხშირი პათოლოგია გახლავთ და, როგორც წესი, ვლინდება მორეციდივე მენინგიტებით. შესაძლოა ტრავმა იმდენად მცირე და უმნიშვნელო იყოს, რომ პაციენტი ვერც ამჩნევდეს. რეციდივების სიმძიმე დამოკიდებულია მის გამომწვევ ბაქტერიაზე და შეიძლება ლეტალურიც იყოს.
დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია. უპირველეს ყოვლისა, რთულია ამ პათოლოგიაზე ეჭვის მიტანა, რადგანაც პაციენტი, როგორც წესი, ინფექციურ განყოფილებაში ხვდება და არა ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკაში.
წინა ფოსოს ტრავმული მოტეხილობა არ ნიშნავს აუცილებლად ოსტეო-მენინგეალური ნაპრალის არსებობას და პირიქით. ის არ არის ყოველთვის გამოხატული რინო-ლიქვორეით.
მორეციდივე მენინგიტების გარდა, ამ ნაპრალის კლინიკური ნიშანი შესაძლოა იყოს ლიქვორეა. ლიქვორეას დროს, მენინგეალური ნაპრალის არსებობა აშკარაა. ძალიან გაძნელებულია დიაგნოსტიკა იმ შემთხვევებში, როდესაც ლიქვორი არ ჩანს.
ლიქვორეას დასადგენად, პაციენტს თავი წინ უნდა გადმოვახრევინოთ, მოვახდინოთ საუღლე ვენების კომპრესია. ამით წნევის აწევის პროვოცირებას მოვახდენთ და ლიქვორი წამოვა.
ლიქვორეას არსებობის შემთხვევაში, პაციენტის მიერ ცხვირის მოხოცვა აკრძლულია, რადგანაც წნევის გამო, მუდმივად ხდება ჰაერის განდევნა ტვინში, მენინგეალური ნაპრალის გავლით.
დიფერენციალური დიაგნოსტიკის ძალიან კარგ მეთოდს წარმოადგენს კონტრასტის შეყვანა ორგანიზმში და შემდეგ, ლიქვორეას იდენტიფიკაცია ენდოსკოპით ოპერაციულად. ოპერაციული ჩარევა ნაპრალის დასახურად ძალიან დელიკატური და რთული პროცედურა გახლავთ. სირთულეს, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს ამ ნაპრალის ზუსტი ლოკალიზაცია. ამიტომ კონტრასტული ნივთიერების (რომელიც ლურჯი ან ყვითელი ფერისაა) გამოყენება საგრძნობლად ამარტივებს ოპერაციას. ეს მეთოდიკა გვიჩვენებს ლიქვორის გამოჟონვის ზუსტ ადგილს.
ოპერაციული ჩარევის გადაწყვეტილებას ვიღებთ შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ასაკი, ლიქვორეას სიხშირე, გართულებების სიხშირე, ლიქვორეას ზუსტი ადგილმდებარეობა და ზომა.
ნაპრალის დახურვის მრავალი ტაქტიკა არსებობს. ერთ-ერთია ენდოსკოპიური კონტროლის ქვეშ, ხრტილით არმირება და შემდგომში, Taxocomb-ით და ცხიმოვანი ქსოვილით დახურვა.
როდესაც რეციდივი გვაქვს პირველი ოპერაციის შემდეგ, შესაძლოა ნეიროქირურგიული (ზედა მიდგომით) ოპერაცია დაიგეგმოს. ამ ოპერაციის ინვაზიურობა იმდენად მნიშვნელოვანია (პოსტოპერაციული ანოსმია, იარა), რომ არჩევანი მაინც ენდოსკოპიურ ოპერაციაზე უნდა გაკეთდეს.
NOTA BENE
შესაძლოა ყურის მალფორმაცია იყოს;
|