ტრაქეის და ბრონქების გაგლეჯა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:57, 3 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრაქეის გაგლეჯა

ტრაქეის და ბრონქების გაგლეჯა — ასეთი შემთხვევები გვხვდება ტრაქეის ან ბრონქების ტრავმული დაზიანების დროს. მათი მიმდინარეობა ძალიან მძიმეა და პროგნოზიც ცუდია.

ამ დროს ხდება სასუნთქი გზების (ბრონქების) სისხლით გავსება, თორაკალური ჰაეროვანი კოლაფსი.

კანქვეშა ქსოვილის, მედიასტინუმისა და პლევრის ჰაერით გაჯირჯვების მექანიზმი დაზიანების სხვადასხვა დონეზე არსებობის დროს

როგორც წესი, ასეთი ტრავმა ჩნდება ოპერაციული ჩარევის დასაწყისშივე – ინტუბაციის შემდეგ. თუმცა, შესაძლოა ასეთი კლინიკური ნიშნები გამოვლინდეს ოპერაციის დამთავრებისთანავე, როდესაც მოხდება ექსტუბაცია. ასეთი დაგვიანება შეიძლება აიხსნას საინტუბაციო მილის, ბალონის, მანჟეტისმიერი ჭრილობის კომპრესიით. საინტუბაციო მილის გაბერილი მანჟეტი ეფარება დაზიანებას და დროებით აყოვნებს პრობლემებს. ცერვიკალურ დონეზე დაზიანების დროს, ლარინგოლოგის მიზანი არის ენდოსკოპიური დიაგნოსტირება და ტრაქეის შესაძლო რეკონსტრუქცია. თუ დაზიანება ცდება ცერვიკალურ ნაწილს, მაშინ ეს უკვე ჩვენი კომპეტენცია აღარაა და საქმეში თორაკალისტები უნდა ჩავრთოთ.

გარდა პეროპერაციული ტრავმებისა, ხშირია ყოფითი ტრავმები, როდესაც ხორციელდება კომპრესია კისერზე, მაგ. ავარიის, დარტყმის ან მოხრჩობის მცდელობის დროს. ტრაქეა ძალიან ელასტიური ორგანო გახლავთ თუმცა, როდესაც ხდება მისი ხერხემალზე მიბჯენა, შესაძლოა, დიდი ზეწოლის შედეგად, მისი გაგლეჯა.

ტრაქეის დაზიანების დიაგნოსტიკა, როგორც აღვნიშნეთ, რადიოლოგიური და ენდოსკოპიური კვლევით ხდება. კვლევას ორი მიზანი აქვს: პირველი – აღმოვაჩინოთ დაზიანება და მისი ხასიათი და მეორე – დავაზუსტოთ მისი ლოკალიზაცია.

განვიხილოთ პრაქტიკული შემთხვევები

  1. შესაძლოა ტრაქეის დაზიანება აშკარად ჩანდეს. კისრის მიდამოს ჭრილობიდან ჰაერის ამოსვლა გვიჩვენებს ჭრილობის ადგილს. თუმცა, ჭრილობა და ტრაქეის გაგლეჯის ადგილი შესაძლოა დაშორებული იყოს ერთმანეთისგან. ამ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ არ მოვახდინოთ ჭრილობაზე კომპრესია, რათა არ გამოვიწვიოთ ჰაერის კანქვეშა ქსოვილებში გასვლა. ამის მაგივრად, თუ არის პატარა ზომის, საინტუბაციო ბალონიანი-მანჟეტიანი მილი, უნდა ვეცადოთ ამ მილით ტრაქეის სანათურის მოძებნა და მისი ინტუბაცია კისრის ჭრილობიდან. ამის შემდეგ, შეიძლება პაციენტის საოპერაციო ბლოკში შეყვანა, ჭრილობის რევიზია და ტრაქეის რეკონსტრუქცია.
  2. ტრაქეო-ბრონქული დაზიანება – გაგლეჯა. ამ საშიშ დაზიანე- ბაზე ეჭვი უნდა გაგვიჩნდეს:
— ფართოდ გავრცელებული კანქვეშა ემფიზემის დროს, რაც შეიძლება მოჰყვეს ნეკნების მოტეხილობას, ფილტვის გაგლეჯას ან ხორხის მოტეხილობას;
— სწრაფად განვითარებული პნევმოთორაქსის, ფილტვის ქსოვილის დაზიანების დროს;

ასეთ მდგომარეობაში, განიხილება მოქმედების ორი სცენარი:

1. როდესაც ხორხის ან ტრაქეას კისრის ნაწილის დაზიანებით გამოწვეული ბრადიპნოე აშკარად არის გამოხატული, აუცილებელია სასწრაფო ტრაქეოტომიის გაკეთება. ინტუბაციის მცდელობები შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს, ამის გამო დავკარგოთ ძვირფასი დრო და პაციენტი დაიღუპოს. სასწრაფო ტრაქეოტომიის ქირურგიული ტექნიკა აუცილებელია იცოდეს ყველა ოტორინოლარინგოლოგმა. მისი დეტალური აღწერა და ამ ტექნიკის დახვეწა უნდა მოხდეს ლარინგოლოგიის პრაქტიკულ გაკვეთილებზე. მეთვალყურეობის ქვეშ 20-ჯერ ჩატარებული ტრაქეოტომია, უკვე საშუალებას იძლევა ჩაითვალოს, რომ ახალბედა ქირურგი მზადაა დამოუკიდებლად ჩაატაროს ეს ჩარევა. მოკლედ რომ აღვწეროთ, ტრაქეოტომია კეთდება შემდეგი ეტაპების გავლით: კანის და კანქვეშა ქსოვილის გაკვეთა, ტრაქეის იდენტიფიკაცია. ტრაქეის გაკვეთა უნდა მოხდეს ისთმუსის ქვემოთ, შეძლებისდაგვარად. თუმცა, ხშირად ანატომიური თავისებურებების (მოკლე კისერი, სიმსუქნე) გამო, სასწრაფო ტრაქეოტომია შესაძლოა გაკეთდეს ისთმუსის ზემოთაც. აუცილებლად უნდა ვეცადოთ არ დავაზიანოთ ფარისებრი ჯირკვალი და მისი სისხლძარღვები. ამან შესაძლოა გამოიწვიოს მასიური სისხლდენა, რომლის კონტროლირებასაც ასეთ პირობებში ვერ შევძლებთ.
2. როდესაც დაზიანებულია ტრაქეის ან ბრონქის თორაკალური ნაწილი, ამ დროს დისპნოე შედარებით მსუბუქია. არის იმის დრო, რომ ჭრილობის და დაზიანების შეფასება განხორციელდეს ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, საოპერაციო ბლოკში, ენდოსკოპის დახმარებით. ამის შემდეგ, საქმეში უნდა ჩაერთოს ქირურგი თორაკალისტი და განახორციელოს დაზიანების რეკონსტრუქცია.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები