პარათირეოიდული ჯირკვლის პათოლოგიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა თირეოიდექტომია ტოტალური და ნაწილობრივი

პარათირეოიდული ჯირკვლის პათოლოგიებიპარათირეოიდული ჯირკვლის პათოლოგიებიდან აღსანიშნავია ამ ორგანოს ადენომატოზური გადაგვარება და ჰიპოპარათირეოიდიზმი. პარათირეოიდული ჯირკვლების ძირითადი ფუნქცია Ca2+-ს გაცვლა გახლავთ. აქედან გამომდინარე, ნათელია რაოდენ დიდი მნიშვნელობის ორგანოები არიან ეს პატარა წარმონაქმნები. მათი ჰიპოფუნქციის დროს, მაგალითად ოპერაციული ჩარევის შემდეგ, პაციენტს აქვს კუნთოვანი დისფუნქციის ნიშნები, სპაზმი და კრუნჩხვა. ასეთ დროს, აუცილებელია ორგანიზმის კალციუმის ტიტრით შევსება Ca2+ პრეპარატებით მთელი ცხოვრების მანძილზე. პარათირეოიდული ჰიპერფუნქციის დროს, კლინიკურად ჩნდება პოლიურია, ყაბზობა, კუნთების სისუსტე, შესაძლოა მდგომარეობა კომამდეც მივიდეს. ასეთი შემთხვევები D ვიტამინით ინტოქსიკაციის ან პარათირეოიდული ადენომის არსებობის დროს შეიძლება შეგვხვდეს.

სარჩევი

პარათირეოიდული ჯირკვლის ადენომა და კიბო

პარათირეოიდული ჯირკვლის ადენომა საკმაოდ გახშირდა. მისი დიაგნოსტიკა ხდება, როგორც წესი, ან ჰიპერპარათირეოზის გამოვლენის შემთხვევაში ან პეროპერაციულად (თირეოიდექტომია) როდესაც ქირურგი აღმოაჩენს ძალიან დიდი ზომის პარათირეოიდულ ჯირკვალს საოპერაციო ველში. ამ ჯირკლის კიბო იშვიათი დაავადება გახლავთ. მისი განვითარების შესაძლო კატალიზატორებია:

— ჰიპერპარათირეოზი ყბის ძვლის კიბოს მქონე პაციენტებში (HPT-JT სინდრომი);
— გენეტიკური (ოჯახური) იზოლირებული ჰიპერპარათირეოზი;
— მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიური სინდრომი MEN- 1 გენის მუტაციით;
— სხივური თერაპია კისერზე;

ასეთი სიმსივნის კლინიკური ნიშნები განპირობებულია ჰიპერპარათირეოზით, რომელიც აუცილებლად არის დასარეგულირებელი. წინააღმდეგ შემთხვევეაში, მან შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი.

ეს ნიშნები არის:

— დაღლილობა;
— პირღებინება;
— ხშირი შარდვა;
— არითმიები;
— ყაბზობა;
— გონების დაბინდვა;
დეპრესიები;
დისფაგია;
— ხმის შეცვლა;
— ძვლების ტკივილი;

დიაგნოსტიკა

ფარისებრი ჯირკვლის და პარათირეოიდული ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკა უნდა განხორციელდეს, მულტიდისციპლინარული კონსილიუმის პირობებში. ანუ, მინიმუმ 3 სპეციალისტის ჩართულობით. ეს არის ენდოკრინოლოგი, ყელ-ყურ-ცხვირის და თავ-კისრის ქირურგი, ან ამ სფეროში გამოცდილი ზოგადი ქირურგი, და რადიოლოგი. მხოლოდ ამ 3 სფეროში კარგად გამოცდილი სპეციალისტები უზრუნველყოფენ სწორი დიაგნოზის დასმას და მისი შემდგომი მკურნალობის მართვას. ექოსკოპია, რადიოლოგიური კვლევები, პერსონალური გასინჯვა ქირურგის მიერ და ჰორმონალური ანალიზების სწორი ინტერპრეტაცია, იძლევა საშუალებას სწრაფად და სწორად დაისვას დიაგნოზი.

მკურნალობა

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური და აუტოიმუნური დაავადებების პირველადი და ძალიან ეფექტური მკურნალობა გახლავთ მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელიც ენდოკრინოლოგის კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს. სხვადასხვა ჰორმონალური და ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული და არასტეროიდული საშულებების კომბინაციით პაციენტი, უმეტესწილად, აღარ საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას. თუმცა, როდესაც ენდოკრინოლოგი მრავალი მცდელობის შემდეგ ვერ მართავს ჰორმონალურ ფონს ორგანიზმში, ან როდესაც პროცესის მალიგნიზაციის საშიშროება წინა პლანზე იწევს, აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა. აქ უკვე ჩვენ ვერთვებით. ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიის ისტორია ძალიან ხანგრძლივია. მისი ფესვები ღრმა წარსულშია. ოდესღაც ძალიან პოპულარული რადიკალიზმი დღეს ადგილს უთმობს ნაკლებ ინვაზიურობას. მაგალითად, ერთ დროს პოპულარული მიკროკარცინომის დროს გავრცელებული ქირურგიული მკურნალობა – ტოტალური თერეოიდექტომია და შემდგომი ქიმიოთერაპია, უკვე ცალმხრივი ლობექტომიით შეიცვალა და, ზოგ შემთხვევაში, ჩვენ მიკროკარცინომებსაც პაპილარულ დისპლაზიად მოვიხსენიებთ.

თუმცა, არის პრინციპები რომელიც არ იცვლება. არსებობს ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადება, მაგ. კვანძოვანი ჩიყვი, ბაზედოვის დაავადება, უმართავი აუტოიმუნური პროცესები, როცა ოპერაციული ჩარევა გარდაუვალია და მხოლოდ დროის საკითხია. ხშირად დროის დაკარგვა არ ღირს.

ფარისებრი ჯირკვლის ცივი კვანძი, შემთხვევათა 15%-ში შესაძლოა ავთვისებიანი იყოს და ამიტომ ქირურგიული ჩარევა უახლოეს მომავალში არის დასაგეგმი.

მრავალკვანძოვანი კალცინირებული კვანძების შემთხვევაში, მათი მალიგნიზაციის % იმდენად მაღალია, რომ ოპერაცია გარდაუვალია.

ტოქსიკური ჩიყვის, ბაზედოვის დაავადების დროს მკურნალობა მხოლოდ დროებითი გამოსავალია და, შეიძლება ითქვას, პაციენტის საოპერაციოდ მომზადებას წარმოადგენს, რადგანაც ოპერაციული ჩარევა ეუთირეოიდულ პირობებში უფრო მარტივია. აქაც ოპერაცია გარდაუვალია.

პარათირეოიდული ადენომის და კიბოს მკურნალობა ყოველთვის ოპერაციულია და შემდეგ აუცილებელია კალციუმის შენაცვლებითი მკურნალობის ინსტალაცია.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოების ქირურგიული მკურნალობა მით უფრო წარმატებულია, რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი. შორს წასულ შემთხვევებში შესაძლოა გაფართოებული ქირურგიული ჩარევების განხორციელება: თირეოიდექტომია და ლიმფადენექტომია, ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით, თუ საქმე გვაქვს ინვაზიურ მეტასტაზირებასთან. ყველა სტატისტიკური მონაცემის გათვალისწინებით, ფარისებრი და პარათირეორიდული ჯირკვლების ქირურგია ძალიან კარგ შედეგებს იძლევა, თუნდაც ავთვისებიანი დაავადებების დროს.

აღსანიშნავია გართულებები ოპერაციის პროცესში:

— შებრუნებითი ნერვის დაზიანება (1-8%);
— ოპერაციის დროს პარათირეოიდული ჯირკვლების უნებლიე დაზიანება-ამოკვეთა (3-5%);
— პოსტოპერაციული სისხლდენები (0-1%);
— პოსტოპერაციული თრომბოემბოლიები, ლეტალური გართულება (2-5%);
NOTA BENE
  • ფარისებრი და პარათირეოიდული ჯირკვლების ქირურგია ძალიან ფაქიზი და ტექნიკურად ძნელად შესასრულებელი მანიპულაციაა. აუცილებელია ქირურგის მრავალწლიანი გამოცდილება და ყველა ტექნიკის სრულყოფილი ფლობა ამ მანიპულაციის

კარგად ჩასატარებლად;

  • აუცილებელია პაციენტის ინდივიდუალური მიდგომით მკურნალობა, რადგანაც, მიუხედავად არსებული რეკომენდაციებისა, ყოველი მოცემული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა გაირჩეს;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები