ნიჟარაძე შოთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:23, 6 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნიჟარაძე შოთა – (1923 – 1987), პოეტი, დრამატურგი, ჟურნალისტი. დაიბადა ქუთაისში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქალაქო გაზეთების – „სიმართლის“, „სტალინელის“, „ქუთაისის“რედაქციებში, გაზეთ „ლელოს“ საკუთარ კორესპონდენტად ქუთაისის ზონაში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო მეოცე საუკუნის 50-იან წლებში. ავტორია ლირიკული ლექსების კრებულებისა: „სიჭაბუკის ბალადა“, „ლექსები“, „მზიანი ბილიკები“ და სხვა. მისი საბავშვო პიესები ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრშია დადგმული.
- * * *
- წლებმა გადახნა ჩემი შუბლი და
- მხოლოდ სიმართლე მალაპარაკა.
- ნელა ამომაქვს ალალ გულიდან
- ნედლი სითბო და სიტყვის ბარაქა.
- ყველაზე გამძლე ფესვი მეზრდება,
- როს ცვრიან მიწას ვფარცხავ ხელებით.
- მე ჩასაწურავ ლექსის მეზვრე ვარ
- ადამის ძეთა საწნახელებში.