ნიჟარაძე შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიჟარაძე შოთა – (1923 სოფ. ვაიო, ქედის რ-ნი, – 1989, ბათუმი), დიალექტოლოგი, ლექსიკოლოგი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი.

დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი აღმოსავლური და კავკასიური ენების განხრით (1941). 1946-იდან გარდაცვალებამდე სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ბათუმის რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას (1967–85). არჩეული იყო მეცნიერებათა აკადემიის დიალექტოლოგიისა და ენის ისტორიის საკოორდინაციო და თსუ სპეციალიზებული საბჭოების წევრად.

ნიჟარაძე ძირითადად იკვლევდა აჭარულ კილოს სხვადასხვა კუთხით. იგი ავტორია 50-მდე ნაშრომისა, მათგან 4 – მონოგრაფიაა. აჭარული დიალექტისთვის დამახასიათებელი ფონეტიკურ-გრამატიკული და ლექსიკური მოვლენები გამოწვლილვით არის აღწერილი და გაანალიზებული მონოგრაფიებში: „ზემოაჭარულის თავისებურებანი“( ბათ. 1957); „ქართული ენის ზემოაჭარული დიალექტი“ (ბათ., 1961). აჭარული მეტყველების შესწავლის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარულში, ნაცვლად ორი(ზემო და ქვემო აჭარული) კილოკავისა, უნდა გამოიყოს სამი კილოკაური ერთეული: ზემოაჭარული(ხულოსა და შუახევის რ-ნები), ქვემოაჭარული (ქედისა და ნაწილობრივ ხელვაჩაურის რ-ნები) და ქობულეთური (ქედისა და ნაწილობრივ ხელვაჩაურის რ-ნები). ამ კლასიფიკაციით, კილოკაური დიფერენციაცია შეესაბამება მხარის ისტორიულ-გეოგრაფიულ და ეთნიკურ დაყოფას. ნიჟარაძის აზრით, სპეციფიკური დიალექტური თავისებურებანი ყველაზე კოლორიტულად შემონახულია ქვემოაჭარულში, კერძოდ, ქედის რ-ნის მეტყველებაში, რომელიც შედარებით დაცულია სხვა კილოთა გავლენისაგან.

აღსანიშნავია ნიჟარაძის დამსახურება აჭარული კილოს ლექსიკის შესწავლაში, რაც აისახა მონოგრაფიაში „ქართული ენის აჭარული დიალექტი. ლექსიკა“ (ბათ., 1971). ავტორი გამოყოფს აჭარულის ლექსიკისათვის დამახასიათებელ ძირითად პლასტებს: არქაიზმებს, ზანიზმებს, უშუალო და შუალობითი გზით შემოსულ თურქულ-არაბულ-სპარსულ ნასესხობებს. განსაკუთრებით ფასეულია მონოგრაფიის II ნაწილი – ლექსიკონი, რომელიც 8000 სიტყვა-სტატიას შეიცავს; გამოირჩევა მასალის საიმედოობით, ფრაზეოლოგიზმებისა და იდიომატური გამოთქმების სიუხვით და დღემდე აჭარული კილოს შეუცვლელ ლექსიკონად რჩება. ნ. სურმავა

ნიჟარაძე ავტორია ლირიკული ლექსების კრებულებისა: „სიჭაბუკის ბალადა“, „ლექსები“, „მზიანი ბილიკები“ და სხვა. მისი საბავშვო პიესები ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრშია დადგმული.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები