დიალექტოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიალექტოლოგია – (ლაპარაკი, თქმა, კილო, დიალექტი და logos – სიტყვა, მოძღვრება), ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის დიალექტურ მეტყველებასა და დიალექტებს.

იგი შეიძლება იყოს აღწერითი ან ისტორიული. აღწერითი დიალექტოლოგია სწავლობს საერთო სახალხო ენას მის სივრცით განფენილობაში. ნებისმიერი თანამედროვე ეროვნული ენა არის რთული ერთიანობა, მოიცავს სახესხვაობათა მთელ კომპლექსს – სალიტერატურო ენას სოციალურ და სტილური, დიალექტურ მეტყველებას კი – ტერიტორიულ ვარიანტებით. სწორედ ეს ტერიტორიული და სოციალური ვარიანტები მათ ინდივიდუალობასა და ერთიანობაში არის დიალექტოლოგიის შესწავლის ძირითადი ობიექტი.

დიალექტოლოგია, როგორც მეცნიერული დისციპლინა, ჩაისახა ეთნოგრაფიის წიაღში და გამოიკვეთა ხალხის სულიერი და მატერიალური კულტურის შესწავლასთან ერთად. ადგილობრივი ენობრივი თავისებურებებიც განიხილებოდა როგორც ამა თუ იმ კუთხის მცხოვრებთა ეთნოგრაფიული ნიშნები. როგორც ენათმეცნიერების დისციპლინა, დიალექტოლოგია, ჩამოყალიბდა XIX ს. შუა წლებისათვის და გაღრმავდა საუკუნის ბოლოსა და XX ს. დასაწყისში. დიალექტოლოგიის განვითარებასთან ერთად იცვლება და სრულყოფილი ხდება მისი კვლევის გზები და მეთოდები, თავდაპირველად დიალექტოლოგია შეისწავლიდა მეტყველების ცალკეულ, ძირითადად ლექსიკურ, თავისებურებებს, შემდეგ კი ენის ტერიტორიულ თავისებურებებს მისი სტრუქტურის ყველა დონეზე, მაგრამ ეს მიდგომა მაინც ატომისტური იყო – ენობრივი მოვლენები განიხილებოდა და შეისწავლებოდა იზოლირებულად, საერთო სისტემისაგან მოწყვეტით. რაც იმდროინდელი ლინგვისტიკის ზოგადი დამახასიათებელი ნიშანი იყო. XIX ს. ბოლოსთვის დიალექტოლოგიურ კვლევაში შემოვიდა კარტოგრაფირების მეთოდი – ცალკეულ ენობრივ მოვლენათა გადატანა გეოგრაფიულ რუკებზე ერთი ენის (ზოგჯერ მონათესავე ენების) გავრცელების მთელ ტერიტორიაზე და ერთგვაროვანი ენობრივი მოვლენების შეერთება ხაზებით – იზოგლოსებით, შემდეგ კი მათი თავმოყრა კრებულებად ატლასის სახით. დაინერგა აღწერითი დიალექტოლოგიის ახალი მიმართულება – ლინგვისტური გეოგრაფია, რომელიც გაბატონებულ მიმართულებად დამკვიდრდა. XX ს. II ნახ-იდან ამერიკის ლინგვისტურ წრეებში (უ. ვაინრაიხი) დაინერგა კიდევ ერთი დიასისტემური მეთოდი – ენობრივი სისტემების აღწერა ენის გავრცელების მთელ ტერიტორიაზე, მათი ვარიანტულობის ჩვენებით. ამგვარი მიდგომა განიხილებოდა, როგორც ენათმეცნიერების ორი მიმართულების – დიალექტოლოგიურისა და სტრუქტურალისტურის დაკავშირების ცდა.

ისტორიული დიალექტოლოგია სწავლობს დიალექტური მეტყველების სტრუქტურას ისტორიულ პერსპექტივაში – ენობრივ თავისებურებათა წარმოშობის მიზეზებს, იზოგლოსების დროით და ტერიტორიულ ასპექტებს, დიალექტურ ერთეულთა ჩამოყალიბების პირობებს და დიალექტებისაგან ახლო მონათესავე ენების წარმოშობას.

აღწერითი და ისტორიული დიალექტოლოგიის გარდა, გამოყოფენ აგრეთვე სოციალურ დიალექტოლოგიას, რომელიც შეისწავლის სოციალურ-კლასობრივ, პროფესიულ, ასაკობრივ, სქესთა და სხვ. ნიშნების მიხედვით მეტყველების დიფერენციაციას. სოციალური დიალექტოლოგიის საგანია აგრეთვე ჟარგონული მეტყველებაც, რომლის თავისებურებებიც ძირითადად ლექსიკით, იშვიათად ფრაზეოლოგიით შემოიფარგლება

დიალექტოლოგია ცდილობს მიაღწიოს ცნება „დიალექტის“ ცალსახა, არაწინააღმდეგობრივ დეფინიციას და იმ კრიტერიუმის დადგენას, რომლითაც მოხერხდება ენის და დიალექტის გამიჯვნა: სად თავდება დიალექტი და სად იწყება ენა?

ითვლება, რომ ქართული დიალექტოლოგია ჩაისახა XX ს. დასაწყისში, თუმცა ფრაგმენტული ცნობები ქართული დიალექტების შესახებ XVII ს. 80-იანი წლებიდან მოგვეპოვება, როდესაც თურქმა მოგზაურმა ევლია ჩელებიმ მესხეთში ჩაიწერა ორი ქართული ზღაპარი, რაც პირველ დიალექტოლოგიურ ჩანაწერად ითვლება. ცალკეული დიალექტოლოგიური ცნობები გვხვდება სულხან-საბა ორბელიანთან (XVIII ს. დასაწყისი), ვახუშტი ბატონიშვილთან, მარი ბროსესთან (1834), გ. როზენთან (1846), რ. ერკერტთან.

ქართული ენის დიალექტების სისტემატური მეცნიერული შესწავლა XX ს. 10-იანი წლებიდან დაიწყო, როცა 1911 ნ. მარმა გამოაქვეყნა იმერხეული ტექსტები მოკლე ფონეტიკურ-გრამატიკული მიმოხილვითურთ. გამოქვეყნდა მ. ჯანაშვილის შრომა საინგილოს შესახებ (1911–19); ამავე პერიოდში ქართული დიალექტების აქტიური შესწავლა დაიწყეს ა. შანიძემ (ქართული კილოები მთაში“, 1915) და ვუკ. ბერიძემ, ოციანი წლებიდან უკვე ფართოდ გაიშალა დიალექტოლოგიური მუშაობა, რომელშიც ებმებიან ქართველ ენათმეცნიერთა უფროსი თაობის წარმომადგენლები: ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, არნ. ჩიქობავა, ე. თოფურია და მათი მოწაფეების მთელი პლეადა. დიალექტოლოგიური კვლევის ორ ძირითად ცენტრთან – თსუ ქართული ენის კათედრასა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებასთან ერთად მუშაობდნენ საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების ქართული ენის კათედრებიც. XX ს. 70-იან წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებასთან დაარსდა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ენის ისტორიისა და დიალექტოლოგიის საკოორდინაციო საბჭოს საქართველოს განყოფილება (გამგე აკად. შ. ძიძიგური, მოადგილე პროფ. ა. მარტიროსოვი, სწავლული მდიეანი გ. ცოცანიძე). საბჭო კოორდინაციას უწევდა დიალექტოლოგიურ მუშაობას მთელ საქართველოში. 1978-იდან საბჭოს ეგიდით საფუძველი ჩაეყარა რესპუბლიკურ დიალექტოლოგიურ კონფერენციებს. 1990-იდან დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

საქართველოში დიალექტოლოგიური კვლევა მიმდინარეობს ეთნოგრაფიული კუთხეებისა და გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით. იკრიბება ტექსტობრივი და ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური მასალა, რომლის საფუძველზეც ხდება დიალექტის ყველა დონის ენობრივ თავისებურებათა აღწერა; მომზადება და გამოცემა მონოგრაფიებისა თითოეული დიალექტის შესახებ. მეტ-ნაკლები სისრულით შესწავლილია ქართული ენის ყველა დიალექტი, გამოქვეყნებულია ტექსტობრივი და ლექსიკური მასალები, ბევრი მათგანის შესახებ არსებობს მონოგრაფიული გამოკვლევები: ს. ჟღენტი, „გურული კილო“ (1936); ა. ჭინჭარაული, „ხევსურულის თავისებურებანი“ (1960); თ. უთურგაიძე, „თუშური კილო“ (1960); ა. მარტიროსოვი, გ. იმნაიშვილი, „ქართული ენის კახური დიალექტი“ (1956); ი. ქავთარაძე, „ქართული ენის მოხევური დიალექტი“ (1982); გ. ცოცანიძე, „ფშავური დიალექტი“ (1978); შ. ნიჟარაძე, „აჭარული დიალექტი“ (1971); შ. ფუტკარაძე, „ჩვენებურების ქართული“ (1985) და სხვ. გამოცემულია განმაზოგადებელი შრომები: ბ. ჯორბენაძე, ქართული დიალექტოლოგია (I, II), მისივე, ქართველურ ენათა დიალექტები. დაწყებულია მუშაობა ლინგვისტური ატლასის შესაქმნელად, შედგენილია კითხვარი, ეწყობა ექსპედიციები სათანადო მასალების მოსაპოვებლად.

მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული ქართველურ ენათა დიალექტების ისტორიული ასპექტით კვლევისას. დგინდება წინარე ქართველური ენის დიალექტური დიფერენციაციისა და დიალექტების დამოუკიდებელ ენებად განვითარების შეფარდებითი ქრონოლოგია; ისტორიული კანონზომიერებანი, რომელმაც მოგვცა დღევანდელ ქართველური ენებში ხმოვანთა და თანხმოვანთა ფონეტიკური რეგულარული შესატყვისობანი. თანამედროვე ქართული ენის დიალექტების არაერთი მორფოლოგიური თუ სინტაქსური მოვლენა შუქდება ისტორიული თვალსაზრისით. მოვლენები, რომლებიც დასტურდება ქართული ენის მხოლოდ მთის დიალექტებში და ძველი ქართული ენის ადრეულ წერილობით დოკუმენტებში, ქართული ენის დიალექტების სხვადასხვა ისტორიულ პირობებში განვითარების შედეგია და მათ დიალექტოლოგიურ გამოკვლევებში სათანადო ადგილი ეთმობა.

გ. ცოცანიძე



ლიტერატურა

  • გიგინეიშვილი ი. თოფურია ე. ქავთარაძე ი. ქართული დიალექტოლოგია, I. ქართული ენის კილოთა მოკლე განხილვა, ტექსტები, ლექსიკონი, თბ., 1961;
  • თოფურია ვ. ქართველურ ენათა დიალექტების შესწავლის მდგომარეობა და ამოცანები. – კრ: „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“, III, თბ., 1963;
  • გამყრელიძე თ. მაჭავარიანი გ. სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში, თბ. 1965;
  • ძიძიგური შ., ქართული დიალექტოლოგიური ძიებანი, თბ., 1970;
  • ჯორბენაძე ბ. ქართული დიალექტოლოგია, თბ. 1989.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები