გეოდეზია
გეოდეზია − (ბერძ. gê დედამიწა და daizō ნაწილებად დაყოფა), საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებათა დარგი, რომელიც დედამიწის გეომეტრიული ელემენტების ასტრონომიულ-გეოდეზიური, გრავიმეტრიული და წმინდა ასტრონომიული გაზომვებისა და დაკვირვებების, განაზომთა მათემატიკური დამუშავებისა და გამონათვალთა გრაფიკული გამოხაზვის (გეგმები, რუკები, პროფილები) საშუალებით შეისწავლის დედამიწის ნამდვილ სახესა და ოდენობას დროთა ვითარებაში მათი ცვალებადობის გათვალისწინებით; განსაზღვრავს დედამიწის ტოპოგრაფიულ ელემენტთა სივრცულ განლაგებასა და ზომას; გეომეტრიულად სწორი გადაწყვეტის თვალსაზრისით ამოხსნის სახალხო მეურნეობისა და სამხედრო საქმის ისეთ ამოცანებს, რომლებიც დაკავშირებულია საინჟინრო ნაგებობათა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულთა კვლევა-ძიება-ტრასირებასთან, დაპროექტებასთან, მშენებლობასთან, ექსპლუატაციასა და სამხედრო სტრატეგიასთან.
დედამიწის ხილული ზედაპირი ურთულესი სახისაა და მუდამ იცვლება. მისი რელიეფის გამოსახვა მათემატიკური ფორმულებით შეუძლებელია, დედამიწის ხილული ზედაპირის წერტილთა კოორდინატების უშუალოდ ამ ზედაპირზე განსაზღვრა – მიუღწეველი. გეოდეზია ძირითადად წყვეტს სამ ამოცანას: დედამიწიდან გამოყოფს მთავარ ნაწილს – მშვიდ ზედაპირს, რომელიც ზედმიწევნით გამოსახავს დედამიწის საერთო სახეს; საერთო სახის ზედაპირს იყენებს დედამიწის ხილულ ზედაპირზე მიღებულ განაზომთა რედუცირებისა და მათემატიკური დამუშავებისათვის (განისაზღვრება ყოველი წერტილის ორ-ორი კოორდინატი); იგივე ზედაპირს გამოიყენებს წერტილთა სიმაღლეების ათვლისათვის, როგორც გამოსავალს წერტილთა მესამე კოორდინატის დასადგენად.