ნარშავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნარშავი - Carduus seminudus M. Bieb.
ნარშავი რთულყვავილოვანთა ოჯახს ეკუთვნის. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. ჩვეულებრივ, გზის პირებში, ნაჩხატებში, ბუჩქნარებში, ხშირად ბაღებშიც ამოყოფს ხოლმე თავს. საქართველოში გავრცელებული ნარშავის სახეობები განსხვავდება კალათის ზომით, საბურველის ფოთლების თავისებურებით, სიცოცხლის ხანგრძლივობით. ყველა სახეობა სარეველაა.
ნახატზე ასახული ნარშავი ორწლოვანია. ღერო 30-60 სმ სიმაღლისაა, ზოგჯერ უფრო მაღალი, დატოტვილი, ხანდახან მარტივი. ღერო აბლაბუდასებრი მოთეთრო ბეწვით არის მოფენილი, ალაგ-ალაგ ეკლიანი ფრთებიც აქვს. ფოთლები მოყვანილობით ლანცეტისებრია, ამოკვეთილ-დაკბილული ან ფრთისებრ დანაკვთული, კიდე-ეკლიანი. ისინიც თეთრი ბეწვითაა დაფარული.