რკინაბეტონის კონსტრუქციების ძირითადი საანგარიშო მოთხოვნები
რკინაბეტონის კონსტრუქციების ძირითადი საანგარიშო მოთხოვნები
1. ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები უნდა აკმაყოფილებდეს მზიდუნარიანობის მიხედვით გაანგარიშებისა და ექსპლუატაციისათვის სრული უვარგისობის გამორიცხვის (პირველი ჯგუფის ზღვრული მდგომარეობები), აგრეთვე ნორმალური ექსპლუატაციისათვის ვარგისობის (მეორე ჯგუფის ზღვრული მდგომარეობები) მოთხოვნებს:
ა) ზღვრულ მდგომარეობათა პირველი ჯგუფის მიხედვით გაანგარიშებამ უნდა უზრუნველყოს კონსტრუქციების დაცვა: მყიფე, ბლანტი, პლასტიკური, დაღლილობითი ან სხვა ხასიათის რღვევისაგან (სიმტკიცის მიხედვით გაანგარიშება, საჭიროებისამებრ, რღვევის წინ კონსტრუქციის ჩაღუნვის გათვალისწინებით); კონსტრუქციის ფორმის მდგრადობის (თხელკედლიანი კონსტრუქციების გაანგარიშება მდგრადობაზე და სხვ.) ან მდებარეობის მდგრადობის დაკარგვისაგან (საყრდენი კედლების, გარეცენტრულად დატვირთული საძირკვლების, გადაყირავებაზე და დაცურებაზე გაანგარიშება; მიწისქვეშა ან ჩაღრმავებული რეზერვუარების, სატუმბი სადგურებისა და სხვ. ამოტივტივებაზე გაანგარიშება); დაღლილობითი რღვევისაგან (მრავალჯერ განმეორებადი დატვირთვების მოძრავი, პულსირებადი ზემოქმედების ქვეშ მყოფი კონსტრუქციების: ამწისქვეშა კოჭები, შპალები, ჩარჩოვანი საძირკვლები, გადახურვები ზოგი გაუწონასწორებელი მანქანების ქვეშ და სხვა გაანგარიშება გამძლეობაზე); ძალური ფაქტორებისა და გარემოს არახელსაყრელი გავლენის ერთობლივი ზემოქმედების შედეგად გამოწვეული რღვევისაგან (სეისმური, აგრესიული გარემოს პერიოდული ან მუდმივი ზემოქმედება, მონაცვლეობითი გაყინვა-გალღობის ქმედება, ხანძრის ზემოქმედება და სხვ.);
ბ) მეორე ჯგუფის ზღვრულ მდგომარეობათა მიხედვით გაანგარიშებით კონსტრუქციები დაცული უნდა იქნეს: ბზარების წარმოქმნისაგან, აგრეთვე მათი მეტისმეტად ან ხანგრძლივი გახსნისაგან (თუ ექსპლუატაციის პირობების თანახმად და კონსტრუქციის საიმედოობის უზრუნველყოფისათვის ბზარის წარმოქმნა ან ხანგრძლივი გახსნა დაუშვებელია); დასაშვებზე მეტი გადაადგილებისაგან (ჩაღუნვა, გადახრისა და მობრუნების კუთხეები, რხევები).
2. კონსტრუქციის მთლიანად, ან მისი ცალკეული ელემენტების ზღვრულ მდგომარეობათა მიხედვით გაანგარიშება უნდა მოხდეს ყველა სტადიისათვის – დამზადების, ტრანსპორტირების, აგებისა და ექსპლუატაციის. ამასთან საანგარიშო სქემა უნდა პასუხობდეს მიღებულ კონსტრუქციულ გადაწყვეტებს.
3. დატვირთვებისა და ზემოქმედებების მნიშვნელობები, აგრეთვე დატვირთვების მიხედვით საიმედოობის კოეფიციენტები, შეხამების კოეფიციენტები და დატვირთვების დაყოფა მუდმივად და დროებითად მიიღება ნორმატიული ლიტერატურის მოთხოვნების შესაბამისად. დატვირთვების მნიშვნელობები, შენობისა და ნაგებობების პასუხისმგებლობის შესაბამისად უნდა გამრავლდეს საიმედოობის კოეფიციენტზე დანიშნულების მიხედვით, კონსტრუქციების დაპროექტების დროს შენობა-ნაგებობათა პასუხისმგებლობის ხარისხის გათვალისწინებით.
4. მეორე ჯგუფის ზღვრულ მდგომარეობათა მიხედვით გაანგარიშებებში გათვალისწინებული უნდა იქნეს საექსპლუატაციო დატვირთვები, ამასთან, ხანგრძლივ დატვირთვებს მიეკუთვნე-ბა ხანმოკლე დატვირთვების სრული მნიშვნელობის ნაწილი, ხოლო გაანგარიშებებში შესატანი ხანმოკლე დატვირთვა უნდა შემცირდეს ხანგრძლივ დატვირთვებში გათვალისწინებული ხანმოკლე დატვირთვის სიდიდით. დატვირთვების შეხამებისა და შემცირების კოეფიციენტები მიეკუთვნება ხანმოკლე დატვირთვების სრულ მნიშვნელობას. მზის რადიაციისაგან დაუცავი კონსტრუქციების გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ტემპერატურული კლიმატური ზემოქმედება.
5. ასაწყობი კონსტრუქციების ელემენტების გაანგარიშებისას იმ ძალვების ზემოქმედებაზე, რომლებიც წარმოიშობა მათი აწევის, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის დროს, დატვირთვა ელემენტის წონისაგან გაანგარიშებებში უნდა შევიდეს დინამიკურობის კოეფიციენტით, ტო-ლი: აწევისა და მონტაჟის დროს –1,40, ტრანსპორტირების დროს – 1,60. დინამიკურობის კოეფიციენტი შეიძლება შემცირდეს სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, მაგრამ მიიღება არანაკლები – 1,25-სა.
6. ასაწყობ-მონოლითური კონსტრუქციები, აგრეთვე მონოლითური კონსტრუქციები ხისტი არმატურით, უნდა გაანგარიშდეს სიმტკიცეზე, დეფორმაციებზე, ბზარების წარმოქმნასა და გახსნის სიდიდეზე.
7. დატვირთვებისა და იძულებითი გადაადგილებისაგან (ტემპერატურის ცვალებადობის, ბეტონის ტენიანობის, საყრდენების გადანაცვლების და სხვა ფაქტორების შედეგად), გამოწვეული ძალვები რკინაბეტონის სტატიკურად ურკვევ კონსტრუქციებში, აგრეთვე ძალვები სტატიკურად რკვევად კონსტრუქციებში მათი დეფორმირებული სქემით გაანგარიშებისას უნდა განისაზღვროს ბეტონისა და არმატურის არადრეკადი დეფორმაციებისა და ბზარების არსებობის გათვალისწინებით.
8. დაცული უნდა იყოს კონსტრუქციების (ან მათი ნაწილების) ბზარმედეგობისადმი წაყენებული მოთხოვნები, მუშაობის პირობებისა და გამოყენებული არმატურის სახეობის გათვალისწინებით. გრძივი ბზარების გახსნის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა კონსტრუქციული ღონისძიებების ჩატარება (შესაბამისი განივი არმატურის მოწყობა). წინასწარ დაძაბული ელემენტებისათვის, გარდა ამისა, მოკუმშვის სტადიაზე უნდა შეიზღუდოს ბეტონის მკუმშავი ძაბვების მნიშვნელობები. უანკერო არმატურიანი წინასწარ დაძაბული ელემენტების განაპირა უბნებზე, ძაბვების გადაცემის ზონის სიგრძის ფარგლებში, დაუშვებელია ბზარების წარმოქმნა მუდმივი, ხანგრძლივი და ხანმოკლე დატვირთვების მოქმედების დროს. ამასთან, ძაბვათა გადაცემის ზონის სიგრძეზე წინასწარი ძაბვები არმატურაში მიიღება წრფივად მზარდი, ნულიდან მაქსიმალურ საანგარიშო სიდიდემდე. აღნიშნული მოთხოვნა შეიძლება არ იქნეს გათვალისწინებული კვეთის იმ ნაწილისათვის, რომელიც მდებარეობს დაყვანილი კვეთის სიმძიმის ცენტრიდან წინასწარი მოკუმშვის ძალების ზემოქმედებით გაჭიმულ წახნაგამდე, თუ ამ ნაწილში უანკერო დაძაბული არმატურა არ არის.
9. რკინაბეტოის კონსტრუქციების ელემენტების ჩაღუნვები და გადადგილებები არ უნდა აღემატებოდეს ტექნოლოგიურ, კონსტრუქციულ, ფიზიოლოგიურ და ესთეტიკურ-ფსიქოლოგიურ მოთხოვნებით დადგენილ ზღვრულ დასაშვებ მნიშვნელობებს. მუდმივი, ხანგრძლივი და ხანმოკლე დატვირთვების მოქმედებისას კოჭისა და ფილის ჩაღუნვა, ყველა შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს მალის 1/150 და კონსოლის შვერილის 1/75. ზღვრული დასაშვები ჩაღუნვების მნიშვნელობები შეიძლება გაიზარდოს სამშენებლო აწევის სიდიდით, თუ ეს არ იზღუდება ტექნოლოგიური ან კონსტრუქციული მოთხოვნებით.
10. ბეტონისა და რკინაბეტონის ელემენტების გრძივი მკუმშავი ძალის მოქმედებაზე სიმტკიცის მიხედვით გაანგარიშებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, გაანგარიშებაში გაუთვალისწინებელი ფაქტორებისაგან გამოწვეული, შემთხვევითი ექსცენტრისიტეტი ea. ექსცენტრისიტეტი ყველა შემთხვევაში მიიღება არანაკლები ელემენტის სიგრძის ან მის, გადაადგილებისაგან დაცულ, დამაგრებულ კვეთებს შორის მანძილის 1/600-ისა და კვეთის სიმაღლის 1/30-ისა. გარდა ამისა, ასაწყობი ელემენტებისაგან შედგენილი კონსტრუქციისათვის, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ელემენტების შესაძლო ურთიერთგადანაცვლება, რომელიც დამოკიდებულია კონსტრუქციის სახეობაზე, მონტაჟის საშუალებებსა და ა.შ.