თბილისის ცირკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:13, 17 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისის ცირკი

თბილისის ცირკი − (ინგლ. Circus of Tbilisi), თბილისის გმირთა მოედნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ბორცვზე მდებარე სახელმწიფო ცირკის შენობა, რომელიც აგებული იქნა 1940 წელს (არქიტექტორები: ნ. ნეპრინცევი, ვ. ურუშაძე, ს. სატუნცი).

თბილისის ცირკი

თბილისში ცირკის აგების საკითხი ჯერ კიდევს 1932 წელს დაისვა. შენობის დაპროექტებამ დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში ვინაიდან, საცირკო შენობის არქონის გამო, წარმოდგენები დროებით ნაგებობებში ქალაქის სხვადასხვა ადგილას (ახლანდელი პარლამენტის, სავაჭრო ცენტრის „მერანის“ ადგილზე, ელბაქიძის დაღმართის ბოლოს, დღევანდელი აღმაშენებლის პროპექტზე) იმართებოდა. 1935 წელს გამოცხადებული კონკური სამ ტურად ჩატარდა. თავდაპირველად შენობისთვის ტერიტორია დღევანდელი აღმაშენებლის პროსპექტზე, ობსერვატორიის გვერდით გამოიყო, შემდეგ ყოფილი მადათოვის კუნძულზე, მტკვრის ნაპირზე. ბოლოს, გამარჯვებული პროექტის ავტორებს: ნ. ნეპრინცევს, ს. სატუნცს და ვ. ურუშაძეს დაევალათ შენობის აგება ბორცვზე, იმდროინდელი ჩელუსკინელების (დღევანდელი თამარ მეფის გამზირი) ქუჩისა და სანაპიროს გადაკვეთის ადგილზე. ღია კიბეებით ცირკი გმირთა მოედანს უკავშირდება. თავისი მდებარეობის გამო ნაგებობამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა იმ დროის ქალაქის განაშენიანებაში. როტონდის ტიპის შენობა ყველა მხრიდანაა გახსნილი და შორიდან იპყრობს ყურადღებას.

მთავარი შესასვლელი

ცირკის გეგმა კარგად პასუხობს მის ფუნქციურ დანიშნულებას. აქ გათვალისწინებულია ტექნოლოგიური სპეციფიკის ყველა ასპექტი. მოედნის მხარეს ხაზგამულ საზეიმო პორტიკს ვესტიბიულის გავლით ფოიეში შევყავართ, რომელიც გარს ერტყმის არენის გარშემო განლაგებულ ამფითეატრს. მოსახერხებელი გასასვლელები ამ სივრცის მთელ სიგრძეზეა გაკეთებული. როტონდის მოხაზულობაში ორგანულად ჩაწერილი ფართო კიბის უჯრედები უზრუნველყოფენ ამფითეატრის სექციებისა და ორ სართულად განთავსებული მაყურებელთა მოსასვენებელი ვრცელი დარბაზების შევსება-ევაკუაციას. ამფითეატრი გარს ერტყმის მანეჟს. მაყურებელთა დარბაზი 17 რიგს და ლოჟებს შეიცავს და 2000 ადგილზეა გათვლილი (თავდაპირველი პროექტით 3000 ადგილი იყო). გრძივი ღერძის მიმართულებით ერთ მხარეს ლოჟა, ხოლო მეორე მხარეს ესტრადაა მოწყობილი ორკესტრისთვის. ესტრადის ქვემოთ, მსახიობთა შესასვლელიდან შენობის უკანა მხარეს განთავსებულ ერთსართულიან საწარმოო კორპუსშია გასასვლელი. აქ თავმოყრილია ცირკის ყველა დამხმარე სადგომი. არქიტექტურული ნაგებობის კომპოზიციის ბირთვს მანეჟისა და ამფითეატრის ერთიანი სივრცე შეადგენს, სადაც გამოყენებულია იმ დროისთვის გაბედული ნოვატორული საინჟინრო კონსტრუქციები. დარბაზი საყრდენი სვეტების გარეშეა. 44 მეტრის დიამეტრის და 23 მეტრის სიმაღლეზე ატყორცნილი ლითონის გუმბათი გარე კედლებს ეყრდნობა, რაც დარბაზის მთლიანობის შთაბეჭდილებას ქმნის (გაანგარიშება ეკუთვნის ინჟინერ მ. სლოვინკის). სადა, ზომიერად გაფორმებული ინტერიერი 13-მეტრიანი მანეჟის ირგვლივაა განვითარებული. დარბაზს თავისებური კარნიზივით ერტყმის გალერეა, რომელიც დარბაზის როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური განათებისთვისაა მოწყობილი და გუმბათისკენ გადასასვლელ საფეხურ წარმოადგენს. გუმბათს აგვირგვინებს კონუსისმაგვარი გუმბათი-ფარანი.

ცირკის შენობას გმირთა მოედანთან აკავშირებს ფართო ბაზალტის კიბე შუალედი დასასვენებელი ბაქნებით, ხოლო უკანა მხრიდან საავტომობილო გზაც მიდის. გარედან შენობა წრიული ფორმისაა და შედგება სამი იარუსისგან. პირველი, ქვედა იარუსი 64 მ დიამეტრით, წარმოადგენს მაღალ, მძლავრ, მთავარ შესასვლელთან რვასვეტიანი იონიური ორდერის პორტიკით დამშვენებულ ნაგებობას. საშუალო იარუსიც წრიულია უფრო მცირე მოცულობით, ვიდრე პირველი, ხოლო ზედა – 13 მეტრიანი დიამეტრის კონუსისებრი გუმბათია. ასეთი საფეხურებრივი კომპოზიცია შენობას შესანიშნავ არქიტექტურულ გამომსახველობას და სიმსუბუქეს ანიჭებს. უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა დროისათვის თბილისის ცირკი ადგილმდებარეობით, აღჭურვილობითა და ტექნიკით, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ცირკად ითვლებოდა.

თბილისის ცირკი კაპიტალურად შეკეთდა 2003 წელს (მხარდამჭერი ქართველი ბიზნესმენი და მეცენატი ბადრი პატარკაციშვილი). შენობა 2011 წელს გარემონტდა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები