სატურნალიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სატურნალიები(რომ.) სატურნუსისა და მისი მეუღლის, ოპსის, პატივსადები ზეიმები რომში. სატურნალიებს რომაელები ყოველწლიურად აღნიშნავდნენ დეკემბრის ბოლოს და მთელი კვირა ქალაქში საკარნავალო განწყობილება სუფევდა. იმართებოდა ლხინი, ბატონები თავიანთ მონებს გულუხვად უმასპინძლდებოდნენ და ადამიანთა სიხარულს არ ჰქონდა საზღვარი. ამ დროს ყოველი მიწიერი თანაბარი უფლებებით სარგებლობდა, ქრებოდა შუღლი, დროებით ჩერდებოდა სამსჯავროთა საქმიანობა, არ ისჯებოდნენ მსჯავრდებულები, საომარ მიზნებზე ფიქრიც კი იკრძალებოდა.

სატურნალიების დღეებში ნაცნობები ერთმანეთს საბოძვრებს უძღვნიდნენ: უმეტესწილად თავსაბურავებს, კოვზებს, თასებს, კანდელებსა და თიხის თოჯინებს. ამას ემატებოდა სახუმარო წერილები და თავშესაქცევი ლექსები. ქალაქის ქუჩებში დაეხეტებოდა შემთვრალი ბრბო და ხალხს ასეთი შეძახილით იწვევდა გარეთ: „ოი, სატურნალია!“ იმპერატორები საზეიმო თამაშებს აწყობდნენ და შესვენების დროს მათი ბრძანებით დამსწრე საზოგადოებას საჩუქრები ურიგდებოდა.

სატურნალიები შემდგომში საფუძვლად დაედო საკარნავალო მსვლელობებს და წარმოდგენებს მთელს ევროპაში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები