სატურნალიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სატურნალიები(რომ.) სატურნუსისა და მისი მეუღლის, ოპსის, პატივსადები ზეიმები რომში.

სატურნიები ძველი რომაელების ერთ-ერთი ღმერთის, სატურნისადმი მიძღვნილი უდიდესი დღესასწაული იყო. სატურნს ლაციის მკვიდრნი მიაწერდნენ მიწათმოქმედების, მევენახეობის, მეღვინეობისა და მრავალი სხვა სახის სასარგებლო საქმიანობისა თუ კულტურათა განვითარებას; მითოლოგიის თანახმად, სატურნის მიერ იტალიის მმართველობის ხანა საყოველთაო კეთილდღეობისა და თანასწორობის ეპოქად – ოქროს ხანადაა მიჩნეული. სატურნის მადიდებელი დღესასწაული დეკემბრის მეორე ნახევარში ტარდებოდა. ამ დროისთვის, უკვე დასრულებული სამიწათმოქმედო სამუშაოებისა და მოსავლის აღების შემდეგ, ხალხს ბუნებრივად უჩნდებოდა სადღესასწაულო განწყობილებაც, – მხიარულად დასვენებისა და განტვირთვის სურვილი. სატურნიები ძველ რომაელთათვის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულად იქცა, რომლის დროსაც წყვეტდა მუშაობას ყველა საზოგადოებრივი უწყება, ცხადდებოდა სასკოლო არდადეგები, არ სჯიდნენ დამნაშავეებს, არ ითხოვდნენ გადასახადების გადახდას, მონებს ათავისუფლებდნენ ჩვეული მოვალეობების შესრულებისგან. სიმბოლურად, 19 დეკემბერი მონათა თავისუფლების დღედ მიიჩნეოდა, თუმცა არსებითად სატურნიები იქცა ადამიანის ყოველგვარი ყოფითი მოვალეობებისგან, იერარქიული ურთიერთობებისა და ფასეულობებისგან დროებითი თავისუფლების გამომხატველ დღესასწაულად.

დღესასწაული ფორუმში, სატურნის ტაძარში განხორციელებული მსხვერპლშეწირვით იწყებოდა. მსხვერპლშეწირვას მოჰყვებოდა ნადიმი; ოჯახებში ღორის დაკვლით სრულდებოდა მსხვერპლშეწირვის რიტუალი, შემდეგ მხიარულება ქუჩაში გრძელდებოდა. ახლობლები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიდნენ. სადღესასწაულო საჩუქრებად მიიჩნეოდა ცვილის სანთლები, ტერაკოტისა და ცომისაგან დამზადებული მცირე ზომის ფიგურები, სხვადასხვა გამოსახულებანი. დღესასწაული რამდენიმე დღე გრძელდებოდა – რესპუბლიკის ბოლო პერიოდში კი ერთ კვირას ითვლიდა.

სატურნიები მთელი თავისი ატრიბუტიკითა და ფორმით, განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამორჩეულ, თეატრალიზებულ დღესასწაულს წარმოადგენდა, – კოსტიუმებით, ნიღბებით, მიმიკური თამაშით, სახუმარო სიმღერებით, დიალოგებით, სიტყვიერი იმპროვიზაციითა და კარნავალური სტიქიის თავისუფლებით. სატურნიების დღესასწაული ყველა იერარქიული ურთიერთობების, ჩვეული ნორმების, წესებისა და დოგმების დარღვევით და პაროდირებით ხასიათდებოდა. დროებით, ყველაფერი ჩვეული დამკვიდრებული, თითქოს ყირაზე დგებოდა, – უფროსი უმცროსად იქცეოდა, ბატონი-ყმად, მონა-ბატონად. დღესასწაულის მონაწილენი კენჭისყრით სატურნიების თავკაცს – მეფეს ირჩევდნენ. მეფის ბრძანების შესრულება კი ყველასთვის სავალდებულო იყო. ჩვ. წ. I საუკუნეში მცხოვრები რომაელი ისტორიკოსის, ტიტუს ლივიუსის გადმოცემით, რომაული რიტუალური დღესასწაულების, მათ შორის სატრუნიების თამაშისეულ ფორმებზე დიდი გავლენა ეტრუსკულმა სანახაობრივ-რიტუალურმა კულტურამ მოახდინა.

მაია გოშაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები