თეატრალური კოსტიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კოსტიუმი (თეატრალური)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრალური კოსტიუმი – (იტ. costiume – ჩვეულება) – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი, სხვადასხვა მორთულობანი, რომელსაც იყენებს მსახიობი სცენური იერსახის შესაქმნელად. კოსტიუმის აუცილებელი დანამატია გრიმი და ვარცხნილობა. კოსტიუმის შემწეობით მსახიობი აყალიბებს პერსონაჟის გარეგნულ ხატს, გამოკვეთს გმირის ხასიათს, სოციალ-ეკონომიკურ და ნაციონალურ თავისებურებებს. აუცილებელია, რომ კოსტიუმი დაკავშირებული იყოს საერთო სცენოგრაფიულ კოლორიტთან, სხვა პერსონაჟების კოსტიუმების ხასიათთან.

თეატრალური კოსტიუმი იშვა ადამიანთა პირველყოფილ საზოგადოებაში, სინკრეტული თეატრის წარმოშობისთანავე. კოსტიუმი იყო საკულტო და საწესჩვეულებო რიტუალების განუყრელი ატრიბუტი. მათში ჩაქსოვილი იყო ხან ფანტაზია და გამომგონებლობა, ხან კი ცხოველების თუ ფრინველების მარტივი მიბაძვა. კოსტიუმის ხელოვნებამ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა აღმოსავლურ თეატრში, რაც გაპირობებული იყო სიმბოლური ნიშნების სიმრავლით. მაგ. ჩინურ თეატრში ყვითელი ფერის კოსტიუმი ეცვათ მხოლოდ იმპერატორის ოჯახის წევრებს, შავი და მწვანე – სასახლისკარის მოხელეებს და ფეოდალებს, სახეზე შავი ნაჭერი ნიშნავდა პერსონაჟის სიკვდილს (და ა.შ.). ფერების სიუხვე და ბრწყინვალება, შესანიშნავი ქსოვილები, რისგანაც ქმნიან კოსტიუმებს, აღმოსავლური თეატრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. როგორც წესი, ისინი იკერება ინდივიდუალურად, განკერძოებით ყოველი სპექტაკლისა და ყოველი მსახიობისათვის. თანამედროვე გაგებით თეატრალური კოსტიუმი აღმოცენდა ძველბერძნულ თეატრში. მსახიობის ჩაცმულობა აქ იქმნებოდა თეატრის დიდი მოცულობის გათვალისწინებით ყოველ კოსტიუმს ჰქონდა განსაკუთრებული ფერი, მსახიობები იკეთებდნენ ისეთ ნიღბებს, რომელთა აღქმა შესაძლებელი იყო შორი მანძილიდანაც ფეხსაცმელებს უკეთდებოდა ძალიან სქელი ლანჩები – კოტურნები, რაც მსახიობს სიმაღლეს საგრძნობლად მატებდა. შუა საუკუნეებში კოსტიუმების ტრადიციები შემოინახეს მოხეტიალ მსახიობებმა – ჰისტრიონებმა.

კოსტიუმების განსაკუთრებული მრავალი ეროვნებით გამოირჩეოდა საეკლესიო თეატრის ერთ-ერთი სახეობა – მისტერია. ეს ვითარება გაპირობებული იყო მათი სიუჟეტური შეუზღუდაობით. კოსტიუმები აქ ატარებდა სიმბოლურ მნიშვნელობას. წმინდანებს ეცვათ თეთრი სამოსი, ქრისტეს ჰქონდა მოოქროვილი თმები, ფანტასტიკურ-ფერწერული იერი ჰქონდა სატანების ჩაცმულობას შეუდარებლად მოკრძალებული იყო კოსტიუმები მორალიტეში, გროტესკის ნიშნებით აღბეჭდილი ფარსის კოსტიუმები და გრიმები აღორძინების ეპოქაში კომედია დელ ’არტეს მსახიობებმა უკვე გამოიყენეს კოსტიუმის ტიპიზაციის ხერხი. მე-16 ს. ესპანურ და ინგლისურ თეატრებში კოსტიუმები იქმნებოდა არისტოკრატთა ჩაცმულობის მიხედვით. მე-17 ს. ფრანგული კლასიცისტური ტრაგედიის კოსტიუმები იკერებოდა სასახლისკარის ჩაცმულობის თარგზე. ვერსალის დღესასწაულზე 1662 წ. ლუდოვიკო XIV გამოჩენამ პირობით-სტილიზებულ, ე.წ. „რომაულ“ კოსტუმში, სათავე დაუდო ასეთ თეატრალურ კოსტიუმებს მთელს ევროპაში. ქალები როლებს თამაშობდნენ მოდურ ტანსაცმელში, რაც ჩვეულებრივზე მეტად იყო მორთულ-მოკაზმული. მოლიერმა თავისი პიესების დადგმებში კოსტიუმები მაქსიმალურად მიუახლოვა რეალობას. განმანათლებლობის ხანაში დ. გარიკმა უარი თქვა კოსტიუმების სტილიზაციაზე და იგი მაქსიმალურად დაუახლოვა გმირის ხასიათს. მე-18 ს. იტალიაში გოლდონიმ თამამად შეცვალა კომედია დელ’არტეს ტიპიური კოსტიუმები და ისინი დაუახლოვა რეალობას. კოსტიუმის ისტორიულ და ეთნოგრაფიულ სიზუსტეს ელტვოდა ვოლტერი, რომელსაც მხარი აუბა მსახიობმა ქალმა კლერონმა. რეფორმა კიდევ უფრო წინ წასწია ფრანგმა მსახიობმა ა. ლეკენმა. მან კოსტიუმი აქცია ფსიქოლოგიური დახასიათების საშუალებად ძველ ტრადიციებთან კავშირი საბოლოოდ გაწყვიტა დიდმა ფრანგმა მსახიობმა ფ. ტალმამ. მას, სცენაზე დაამკვიდრა ისტორიული სიზუსტის კოსტიუმი და პორტრეტული გრიმი. ტალმასათვის კოსტიუმები იკერებოდა ცნობილი ფრანგი მხატვრის, დავიდის ესკიზების მიხედვით. ახალი ნაკადი კოსტიუმების გააზრებაში დაკავშირებულია რომანტიკოსების ესთეტიკასთან. ვ. ჰიუგომ მოითხოვა არა მხოლოდ კოსტიუმის, არამედ მთლიანად სპექტაკლის გაფორმება ეპოქის სიზუსტის დაცვით. მათ თეატრში მიიწვიეს მხატვრები: ე. დელაკრუა, პ. გავარნი, პ. დელაროში, ა. დევერია (და სხვ.). რეჟისორები ფ. დინგელშტედტი გერმანიაში, ჩ. კინი, ს. ფელპსი ინგლისში ცდილობდნენ ისტორიული თემატიკა აესახათ ადგილისა და მოქმედების კოლორიტის სრული დაცვით.

კოსტიუმების ისტორიული სიზუსტე მთავარ მიზნად აქცია მეინინგის თეატრმა მე-19 ს. მე-2 ნახ. გერმანიაში. სოციალური გარემოს ზუსტი ასახვა მოითხოვეს ნატურალიზმის მიმდევრებმა ე. ზოლას წინამძღოლობით. იგივე მოთხოვნები წაუყენეს კოსტიუმს და მთლიანად სპექტაკლის გაფორმებას ა ანტუანმა და ო. ბრამმა. მოგვიანებით იგივე გაიმეორა სამხატვრო თეატრმა რუსეთში. ნატურალიზმის საპირისპიროდ, 90-იან წწ. წარმოშობილმა სიმბოლისტურმა თეატრმა, ობიექტურობას დაუპირისპირა ინდივიდუალური ხედვა თეატრის და მათ შორის კოსტიუმის სრული სტილიზაცია და მხატვრული გააზრება იქცა მოდერნისტების მხატვრულ კრედოდ. ყოველი მოდერნისტული მიმდინარეობა თავისებურად განიხილავდა კოსტიუმის დანიშნულებას სპექტაკლში, სრულ თავისუფლებას ანიჭებდა მხატვრულ ფანტაზიას. XX ს. 60-იანი წწ. წარმოშობილმა პლიურალიზმმა, სრული თავისუფლება მიანიჭა კოსტიუმების მხატვარს. ამ დროიდან მოყოლებული, თეატრებში დამკვიდრდა ე.წ. პოლისტილისტიკა და კოსტიუმები იქმნება რეჟისორის, მსახიობის და მხატვრის ერთობლივი ჩანაფიქრის მიხედვით.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები