ნატურალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზოლას რომანის „ჟერმინალის“ პირველი გამოცემის ანონსი.

ნატურალიზმი – ესთეტიკურ შეხედულებათა სისტემა ხელოვნებაზე და მისი შესატყვისი მხატვრული მეთოდი, რომელიც შემუუშავდა ლიტერატურასა და ხელოვნებაში XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან. ნატურალიზმის ფილოსოფიურ საფუძველს შეადგენს პოზიტივიზმი. არ სწვდება რა ბუნებისა და საზოგადოებრივი მოვლენების არსს, ნატურალიზმს მხატვრული შემოქმედება დაჰყავს საგნებისა და მოვლენების გარეგან, შემთხვევითსა და ერთეულ თვისებებამდე, ჩემულობს ვითომდა სინამდვილის ობიექტურ წარმოსახვას.

ნატურალიზმი ლიტერატურასა და თეატრში

მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში ჩამოყალიბებული დასავლური ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც ილტვოდა გარემო სინამდვილის და ადამიანთა ხასიათების ზუსტი, ობიექტური და მიუკერძოებელი ასახვისაკენ. ნატურალიზმი ადამიანს განიხილავდა როგორც გარემოსა და ფიზიოლოგიის პროდუქტს, თუმც არ გამორიცხავდა ისტორიულ ფაქტორებს.

ნატურალისტების შეხედულებებზე განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია ოგიუსტ კონტის და იპოლიტ ტენის პოზიტივისტურმა ფილოსოფიამ, რაც შემდგომში ჩამოყალიბდა ფენომენალიზმად.

საფრანგეთში ნატურალიზმის მთავარი იდეოლოგის, ემილ ზოლას ირგვლივ შეიქმნა ნატურალისტების სკოლა, რომელშიც გაერთიანდნენ: გი დე მოპასანი, ჟ.კ. გიუსმანსი, ა. სეარი, ლ. ენიკი, პ. ალექსისი, ე. დე გონკური, ა. დოდე (და სხვ.). 80-იან წლებში სკოლა დაიშალა. გაერთიანებამ დაკარგა გამოკვეთილობა და იქცა ერთი წარმომავლობის, მაგრამ სხვადასხვა განტოტების ზოგად დასახელებად. ზოგიერთმა მათგანმა გადაინაცვლა იმპრესიონიზმში, ზოგმა სიმბოლიზმი არჩია, ზოგი კი დეკადენტთა მიმდევარი გახდა.

ნატურალისტების მთავარი მიზანი იყო ხელოვნების და მეცნიერების მნიშვნელობის გათანაბრება. მხატვრულ ნაწარმოებს ისინი განიხილავდნენ როგორც „ადამიანურ დოკუმენტს“, ხოლო მის მთავარ ღირსებად მიიჩნევდნენ მასში განხორციელებულ შემეცნებით აქტს.

ნატურალისტებმა უარი თქვეს ნაწარმოების მორალიზებაზე, ისევე როგორც თემების შერჩევაზე. მათი აზრით, ნებისმიერი ადამიანი და ნებისმიერი გარემო შეიძლება იქცეს დაკვირვების და მხატვრული ასახვის საგნად. ნატურალისტებმა უარჰყვეს მხატვრული რეალობის ცნება, დაგმეს მითოსური აზროვნება ხელოვნებაში.

დასავლურ თეატრსა და დრამატურგიაში ნატურალიზმი გავრცელდა მე-19 საუკუნის 80-90-იან წლებში და იქცა „თანადროული რეალისტური სკოლის ერთ-ერთ ლაბორატორიად“ (ა. ანტუანი). ნატურალიზმის ესთეტიკა თეატრში განსაზღვრეს ე. ზოლამ [„ექსპერიმენტული რომანი“ (1880), „ნატურალიზმი თეატრში“ (1889)]; – ა. სტრინბერგმა („თანამედროვე დრამის და თანამედროვე თეატრის შესახებ“ – 1889); ჟ. ჟიულიენმა („ცოცხალი თეატრი“ – 1892).

ნატურალიზმის თეორეტიკოსები მოითხოვდნენ, რომ თეატრს აესახა „...რეალური გმირი, მეცნიერულად გამოკვლეული, არსებული და მოქმედი“ (ე.ზოლა, „ნატურალიზმი თეატრში“).

ნატურალიზმის ადეპტები თეატრში მსახიობებისგან მოითხოვდნენ როლის ადამიანურ და არა არტისტულ განცდას. შესრულება უნდა ყოფილიყო უბრალო, ბუნებრივი, ყოფითი, ფსიქოლოგიური და ისტორიული სიმართლით სავსე. აუცილებელი იყო ქცევის, მოქმედების და ხასიათის ზუსტი მოტივაციის პოვნა, გმირის გარემომცველი სინამდვილის სრული და ზუსტი გადმოცემა, კონკრეტულ გარემოში ყოფნის ყოველწამიერი განცდა.

ნატურალისტები პიესებში ხშირად ასახავდნენ სიღარიბით, ლოთობით, პროსტიტუციით დეგრადირებულ ადამიანთა ცხოვრებას. ლიტერატურულ ნორმებს ხშირად ცვლიდა დიალექტი, ვულგარიზმი, ჟარგონი. ასევე დიდი ადგილი ეთმობოდა ადამიანის ფსიქიკის ავადმყოფურ გამოვლინებებს, ფსიქო-ფიზიოლოგიურ დეტალებს.

ნატურალიზმის პრინციპები თეატრში განახორციელეს რეჟისორებმა: ანდრე ანტუანმა (თავისუფალი თეატრი. საფრანგეთი. 1887-95). ოტო ბრამმა (თავისუფალი თეატრი. გერმანია. 1889-94) ჯეკობ გრეინმა (დამოუკიდებელი თეატრი. ინგლისი, 1891-97). ნატურალიზმის პრინციპებზე დაყრდნობით შეიქმნა სამხატვრო თეატრი მოსკოვში სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს თაოსნობით. ნატურალიზმით დაიწყო თავისი რეჟისორული მოღვაწეობა კოტე მარჯანიშვილმა.

განცდის თეატრის ახალი, რომანტიკოსებისაგან განსხვავებული კუთხით დანერგვის გარდა, ნატურალიზმმა თეატრში დაამკვიდრა ანსამბლურობის პრინციპი, რაც უთუოდ პროგრესული მოვლენა იყო ყველა თვალსაზრისით.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები