ნემიროვიჩ-დანჩენკო ვლადიმირ
ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკო − (Влади́мир Немиро́вич-Да́нченко, 1858-1943), რუსი თეატრალური რეჟისორი, პედაგოგი, დრამატურგი, მწერალი, მოსკოვის სამხატვრო თეატრის (МХАТ) ერთ-ერთი დამფუძნებელი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1936).
სტანისლავსკისთან ერთად დააარსა და ხელმძღვანელობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრს. პროფესიული თეატრალური საქმიანობა დაიწყო მხატვრული კრიტიკით. ამავე პერიოდში დაწერა რომანები, მოთხრობები და პიესები („ბოლო ნება“, „ახალი საქმე“, „ოქრო“, „სიცოცხლის ფასი“, „ოცნებებში“). ინტელიგენციის თემისადმი მიძღვნილი მისი დრამები პოპულარული იყო და ხშირადაც იდგმებოდა სხვადასხვა თეატრებში. მიუხედავად ამისა, მისი მომთხოვნელობა საკუთარი შემოქმედების მიმართ უფრო მეტი იყო. ეს ნათლად გამოიხატა მაშინ, როცა მან უარი თქვა გრიბოედოვის პრემიაზე, რომელსაც ანიჭებდნენ პიესისათვის „სიცოცხლის ფასი“. 1898 წ. სტანისლავსკისთან ერთად უძღვება ახალდაარსებულ მოსკოვის სამხატვრო თეატრს, წარმართავს თეატრის რეპერტუარს. მისი უშუალო დამსახურებაა თეატრში ა. ჩეხოვის და მ. გორკის, ლ. ანდრეევის, ს. იუშკევიჩის, დ. მერეჟკოვსკის მოწვევა, რომლებმაც სწორედ სამხატვრო თეატრის წყალობით მოიპოვეს მსოფლიო აღიარება. მან შეიტანა რეპერტუარში და დადგა იბსენის, გ. ჰაუპტმანის პიესები. როგორც რეჟისორი, იგი ბრწყინვალედ ავლენდა დრამატურგის სტილს, განუმარტავდა მსახიობებს ნაწარმოების შიდააზრს, პერსონაჟების ვინაობას და რაობას. კლასიკურ ნაწარმოებებს იგი სძენდა ახალ, აქტუალურ ჟღერადობას თეატრის თეორიისა და პრაქტიკისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მის მიერ ჩამოყალიბებული სწავლება „სამი აღქმის“ სინთეზის შესახებ (სოციალური, ფსიქოლოგიური, თეატრალური), „მსახიობის სცენური ცხოვრების მეორე პლანის“ საკითხი და მხატვრული სახის „მარცვლის“ საკითხი, „გაბედული უბრალოება“, „ფიზიკური თვითმყოფობა“ (და ა.შ.). მან სტანისლავსკისთან ერთად შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის თეატრი, შეიმუშავა და დაამკვიდრა თეატრის თეორიისა და პრაქტიკისათვის უმნიშვნელოვანესი მხატვრული ფასეულობები.