იბსენი ჰენრიკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰენრიკ იბსენი

ჰენრიკ იბსენი – (1828-1906), ნორვეგიელი დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე.

სარჩევი

ცხოვრება და შემოქმედება

ბავშვობა

იბსენი 1828 წელს ნორვეგიის პატარა ქალაქ შიენში დაიბადა. მამა - კნუტ იბსენი - ნორვეგიელი იყო, რომელსაც შოტლანდიურ-გერმანული სისხლიც ჰქონდა შერეული, დედა კი გერმანული ოჯახიდან გახლდათ. იბსენის ბიოგრაფები, მისი ცხოვრების შესწავლისას, ამ გარემოებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამტკიცებენ, რომ პურიტანული ბუნება შოტლანდიურმა სისხლმა გამოიწვია, ხოლო აბსტრაქტული აზროვნება გერმანელი წინაპრებისგან მიიღო მემკვიდრეობით. ისინი იმასაც ამბობენ, რომ იბსენის მოხეტიალე ბუნება სწორედ ასეთმა გენეტიკურმა მრავალფეროვნებამ გამოიწვია.

კნუტ იბსენი მდიდარი ვაჭარი გახლდათ, მხიარული და ენამოსწრებული კაცი იყო, იმავეს ვერ ვიტყვით დედაზე, ის სიტყვაძუნწი და გულჩათხრობილი გახლდათ. იბსენების კარი მუდამ ღია იყო სტუმრებისთვის, მხიარული და მდიდარი მამა იზიდავდა ხალხს. მაგრამ მაშინ, როცა ჰენრიკს 8 წელი შეუსრულდა, ოჯახის კეთილდღეობა დასრულდა, მამა გაბანკროტდა და მათ მოუწია ძველ მიტოვებულ მამულში გადასვლა. ამ ცვლილებამ ოჯახზე მძიმედ იმოქმედა. მიჩვეულები ლაღ, ბედნიერ ცხოვრებას მომჭირნეობაში ყოფნამ გაანადგურა და ჰენრიკის სულშიც ბოღმამ დაისადგურა. ის უკონტაქტო გახდა, გაურბოდა და-ძმებს, საათობით იკეტებოდა ხუხულაში. იბსენის და იხსენებს: „ჩვენ ის უჟმურად და არაკეთილგანწყობილად გვეჩვენებოდა, ამიტომაც ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ გამოგვეწვია და გამოგვეყანა საკუთარი სამალავიდან, ხან ქვებს ვესროდით ფარდულს, ხან თოვლის გუნდებს, ვავიწროვებდით როგორც შეგვეძლო, რომ ჩვენთან ეთამაშა, ხშირად ამით გამოდიოდა წყობიდან და გამოქანდებოდა გაბრაზებული, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად მთავრდებოდა“./იბსენი არ გახლდათ აგრესიული ბავშვი და ის ყვირილითა და ბუზღუნით იფარგლებოდა.

რას აკეთებდა ფარდულში ზამთარ-ზაფხულ გამოკეტილი პატარა ბიჭი? ის ხან ძველებურ საზღვაო წიგნებს ათვალიერებდა, ხან ფოკუსებს ამუშავებდა, რომლებსაც შემდგომ, მშობლების ნებართვით, სტუმრებს აჩვენებდა. აქ არ შეიძლება არ აღინიშნოს იბსენის ადრეული სწრაფვა ყოველგვარი იდუმალისა და საშიშისკენ, მისი სურვილი - გააოგნოს და შეაშინოს დამსწრე საზოგადოება. ფოკუსების გარდა, ის ხატავდა და ქაღალდის ფიგურებს ამზადებდა. ეს ფიგურები თითქოს ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ამგვარი გამოცდილება შეიძლება პირველ სასცენო მცდელობებად ჩავუთვალოთ მომავალ დრამატურგს.

14 წლის იყო იბსენი, როცა მშობლები შიენში დაბრუნდნენ და ის რეალურ სასწავლებელს მიაბარეს. ამ სკოლას ორი თეოლოგიის მაგისტრი მართავდა. ჰენრიკი საათების განმავლობაში იჯდა საკლასო ოთახში ბიბლიით ან ისტორიული წიგნებით ხელში და მეცადინეობდა. ის დედასავით სიტყვაძუნწი იყო...

ყრმობა

16 წლის იბსენმა მშობლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო სკოლა დატოვა, ამიერიდან მას თვითონ უნდა ეზრუნა საკუთარი თავის რჩენაზე. ჰენრიკი გრიმსტადში, შიენზე პატარა, ზღვისპირა ქალაქში დასახლდა. აქ აფთიაქარის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. მალე აფთიაქი ქალაქელების თავშეყრის ადგილად იქცა, სადაც იბსენი აგიტატორის და სატირის როლს ირგებდა, მისი მგზნებარე პატრიოტული და ანარქისტული გამოსვლები პატარა ქალაქის ობივატელურ მოსახლეობას აშინებდა და აღელვებდა, მაგრამ ამ „წარმოდგენების“ გამოტოვება არავის სურდა. ამ პერიოდში ახალგაზრდა იბსენი გატაცებულია პოლიტიკით, ის მთლიანად მოცულია ევროპაში მიმდინარე მოვლენებით, 1848 წელს ეროპაში რევოლუცია მოხდა. პროვინციულ სიჩუმეში მან აღფრთოვანებული ოდა დაწერა, რომელიც უნგრელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა. მთელი ციკლი სონეტებისა შვედეთის მეფეს გაუგზავნა, სადაც ის მოუწოდებდა ოსკარს - ჩადგომოდა ჯარს სათავეში და დახმარებოდა შლეზვიგ-გოლშტეინს.

იბსენმა იცოდა, რომ მთელ ცხოვრებას აფთიაქარობას ვერ მიუძღვნიდა და დაიწყო მომზადება სამედიცინო კოლეჯის გამოცდებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ლათინური გამოცდისთვის მან სალუსტის „კატილინა“ და ციცერონის სიტყვა კატილინას წინააღმდეგდაამუშავა და ისე აღეგზნო და მოიხიბლა ამ რომაული ამბით, რომ სამ თვეში პირველი ისტორიული დრამა „კატილინა“ დაწერა.

იბსენმა პიესის დაწერის შესახებ ორ მეგობარს ამცნო, ერთ-ერთი ულე სკიულერუდი ისე აღფრთოვანდა „კატილინათი“, რომ თავისი სახსრებით დაბეჭდა. პიესას სტუდენტურ წრეებში ჰქონდა წარმატება, მაგრამ კრიტიკამ ის გააცამტვერა. 25-წლიანი საზღვარგარეთ მოგზაურობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა იბსენმა გაიხსენა საკუთარი პიესა და გადაწყვიტა წინასიტყვაობა დაეწერა მისთვის და ახალი რედაქციით გამოეცა. აი რას წერდა ის წინასიტყვაობაში: „ნაწილობრივ პიესის შინაარსი დავიწყებული მქონდა. მაგრამ თავიდან წაკითხვისას აღმოვაჩინე, რომ მასში ბევრი ეპიზოდია, რომელთაც დღესაც მოვაწერდი ხელს... ბუნდოვნად აქ უკვე ვხვდებით ჩემი შემდგომი ნაშრომების მონახაზს: დაპირისპირება ძალასა და სურვილს, ნებასა და შესაძლებლობებს, კაცობრიობასა და ინდივიდს, ტრაგიკულსა და კომიკურს შორის. ამიტომ გადავწყვიტე ახალი გამოცემის მომზადება და საზოგადოებისთვის მისი წარდგენა“.

პიესა „კატილინა“, გარკვეული ასპექტით, შეიძლება მოვიაზროთ პიესა „ბრანდის“ წინამორბედად. პიესაში კატილინა მეამბოხეა, ის ილაშქრებს უსამართლობისა და ადამიანის ცოდვიანი ბუნების წინააღმდეგ. მას სურს, რომში აღადგინოს ძველი რესპუბლიკის სათნოება და თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ პიესის ტექსტი აბსტრაქტულია, ხოლო სიუჟეტი გულუბრყვილო და თან ეს არის რომანტიკულ სტილში დაწერილი ერთადერთი ნაწარმოები, მასში მაინც იკითხება პათოსი, პათოსი თავისუფლებისთვის ბრძოლისა.სწორედ „კატილინაში“ იბადება ადამიანის პიროვნებად ქცევის და მისთვის არჩევანის გაკეთების აუცილებლობის თემა, რაც შემდგომ გაგრძელდა იბსენის შემოქმედებაში. ამ პიესის გარდა შენარჩუნებულია მთელი რიგი ლირიკული ლექსებისა, რომლებიც იბსენმა გრიმსტადში დაწერა.

1850 წელს იბსენი საცხოვრებლად კრისტიანიაში გადავიდა, სადაც ცნობილ ჰელტბერგის სკოლაში ჩააბარა. ამ სკოლაში ის დაუმეგობრდა შემდგომში სკანდინავიის ყველაზე ცნობილ ადამიანებს: ნობელიანტ ბიორნსტიერნე ბიორნსონს, იუნას ლის. გამოცდა დიდი წარმატებით ვერ ჩააბარა, მაგრამ შემდგომში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო.

1850 წლის 26 სექტემბერს სწორედ კრისტიანიაში წარმოადგინეს მისი დრამა „მეომართა ყორღანი“ („The Warrior’s Barrow“/Kjæmpehøjen). ის სამჯერ ითამაშეს, რაც იმ დროისთვის დიდ წარმატებას ნიშნავდა. მერე პოლიტიკურ სატირაში მოსინჯა ბედი. 1852 წელს კი ბერგენის თეატრის დამაარსებელმა ულე ბიულმა იბსენს თეატრის დირექტორობა შესთავაზა. თან ურჩია, კულტურული მოვლენების გასაცნობად და სიახლეებში გასარკვევად ემოგზაურა კოპენჰაგენსა და დრეზდენში, სადაც გაემგზავრა კიდეც. ამ მოგზაურობამ, დანიური და ევროპული პიესების კითხვამ, მსახიობებთან და დრამატურგებთან შეხვედრებმა, განსაკუთრებით თეატრის ხელმძღვანელობამ და სასცენო ხელოვნების ტექნიკის გაცნობამ დადებითი გავლენა იქონია მისი ტალანტის განვითარებაზე. ამავე დროს, იბსენი მთლიანად მოიცვა ნაციონალისტურმა იდეებმა. ბერგენში დაწერილი ყველა ნაწარმოები სათავეს იღებდა სკანდინავიური ფოლკლორიდან და ნორვეგიის ისტორიიდან. ამ დროს დაწერილი პიესები წინააღმდეგობაში არ მოდიან შემდგომი პერიოდის პიესებთან. ეს პიესები განიხილება როგორც ზრდის, განვითარების ეტაპი პოეტის შემოქმედებაში.

დრამატული რეფორმის დასაწყისი

ხუთი წლის შემდეგ იბსენი ტოვებს ბერგენის თეატრს და ქრისტიანიაში ბრუნდება, სადაც თავის საუკეთესო ისტორიულ დრამას - „ჩრდილოელ დევგმირებს“ ამთავრებს. ეს დრამა თითქოს ფოლადისგანაა ჩამოსხმული, ლაკონური, ძლიერი ხასიათებით თითქოს თანამედროვე საზოგადოებისთვის სილის გასაწნელად შექმნილი. აქაც იბსენისთვის ყველაზე დიდი სატკივარი - ნებელობა და ადამიანია. სიგურდ მძლეთამძლე, თავისი დროის პირველი ვიკინგი, ძმადნაფიცად ნაკლებად ძლიერ, მაგრამ კეთილშობილ გუნარს ირჩევს. ისინი ისლანდიაში ვიკინგ ერნულფთან ხვდებიან, რომლის სახლშიც ორი ქალია - ერთი მისი ქალიშვილი, მოკრძალებული დაგნია და მეორე ნაშვილები - იორდისი. იორდისი ფურიას ჰგავს, ის ძლიერი ნებელობითაა დაჯილდოებული და ველურ კატასავით დაუმორჩილებელია. ორივე რაინდს უყვარდება იორდისი, მაგრამ გუნარი პირველი გამოტყდება და ამიტომ სიგურდი მას დახმარებას აღუთქვამს, ამით მეგობრობის სახელით ის უარს ამბობს საკუთარ გრძნობებზე, სწორედ აქ იწყება კონფლიქტი. ის საკუთარ თავს ღალატობს, ცოლად ირთავს მოკრძალებულ დაგნიას, რომელიც არ უყვარს, აქედან გამომდინარე, დაგნიაც ვერ არის ბედნიერი. გუნარსაც აღარ ეღირსება მშვიდი და სიხარულით სავსე ცხოვრება, რადგან იორდისი შურისძიებას გადაწყვეტს ჯერ მამინაცვალზე და შემდეგ ქმარზე და მის რჩეულ სიგურდზეც. პიესის ფაბულა და პერსონაჟებიც იბსენმა განთქმული ეპოსიდან - „საგა ვოლსუნგებზე“ ისესხა, თავის მხრივ, ამ ნაწარმოებს ბევრი საერთო აქვს „ნიბელუნგებთან“.

ნორვეგიელი ხალხის ბრძოლა დანიური გავლენის მოსასპობად 50-იან წლებში აპოგეას აღწევს. ქრისტიანიაში საქმე იქამდეც მივიდა რომ თეატრში დანიელი საუკეთესო მსახიობების ჩანაცვლება დაიწყეს ნორვეგიელი მსახიობებით. იბსენიც ამ ბრძოლის მონაწილე გახლდათ, მაგრამ სულ მალე შეიცვალა პოზიცია. მისი მდგომარეობა და გავლენა შეირყა, პიესებში სასაცილო თანხას უხდიდნენ, თეატრები უსახსრობის გამო დაიხურა, კრიტიკა მისი ნაწარმოებების მიმართ დაუნდობელი გახდა. მწერალი ისეთ სიდუხჭირეში აღმოჩნდა, რომ მეგობრებმა მისთვის საბაჟო ჩინოვნიკის ადგილის გამონახვა სცადეს. პირად უსიამოვნებებს დაემატა პოლიტიკური ვითარების გაუარესება, დანიას და გერმანიას შორის ომი დაიწყო, ნორვეგია კი გვერდზე გადგა. ეს ბოლო წვეთი იყო დრამატურგისთვის და მისი ერთადერთი მიზანი სამშობლოდან გაქცევა და საკუთარი ნიჭის გადარჩენა გახდა. მან მწერლის შემწეობა მოსთხოვა ნორვეგიის მთავრობას, რომელიც დიდი ორჭოფობის შემდეგ მაინც დაუნიშნეს. 1864 წელს იბსენმა გაბრაზებულმა დატოვა ნორვეგია, 25 წლის შემდეგ კი გამარჯვებული დაბრუნდა, როგორც მსოფლიოს პირველი დრამატურგი. ის რომში გაემგზავრა, საიდანაც ფილოსოფიური დრამატული პოემები: “ბრანდი“ და „პერ გიუნტი“ გამოაგზავნა.

იხილე აგრეთვე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები