ბრანდი (იბსენი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრანდი − ნორვეგიელი დრამატურგის ჰენრიკ იბსენის დრამატული პოემა ხუთ მოქმედებად, (1865). პიესის პრემიერა შედგა სტოკჰოლმში 1867 წლის 24 მარტს.

ანალიზი

ქართველი ფილოსოფოსი, ხელოვნებათმცოდნე ელენე თოფურიძე თავის წიგნში: „რჩეული ნაშრომები მსოფლიო თეატრის ისტორიაში“ ამტკიცებს, რომ იბსენმა გარკვეული იდეები კირკეგორისგან აიღო. ის ამბობს, „კირკეგორის მოძღვრებაში იბსენის ყურადღება ესთეტიკური და ეთიკური მსოფლმხედველობის ურთიერთდაპირისპირებამ და ამ უკანასკნელის არჩევის აუცილებლობის იდეამ მიიქცია“. (თოფურიძე ე.) სცადა ეჩვენებინა, თუ როგორ გარდატყდება ამგვარი ფილოსოფიური მიდგომა - ცხოვრებაში. ბრანდის კრედო, რომელიც გამოიხატებოდა სიტყვებში: „ყველაფერი ან არაფერი“, კირკეგორისეულია. სიმკაცრე ადამიანის - ქცევის - მიმართ, ზოგადად ადამიანის მიმართ. ადამიანი, პიროვნებად რომ იქცეს, უნდა იყოს მთლიანი. პერ გიუნტი არც ესაა, არც ისაა. „ბრანდში“ ძალიან ბევრია გაუგებარი. ყოველი ეპიზოდის, ყოველი ფრაზის მიღმა, დგას გარკვეული შინაარსი. იბსენმა ჯერ „ბრანდი“ დაწერა, ხოლო შემდეგ „პერ გიუნტი“. ბრანდი (პერსონაჟი) ეთიკური ყოფიერების ადამიანია. მან ამოირჩია გარკვეული ღირებულება და უნდა, რომ მისდიოს მას. ბრანდი არის პიროვნება, რომელმაც არ იცის, არ ძალუძს, ერთხელ გაკეთებული არჩევანიდან გადახვევა. ის მიდის პირდაპირ, მისი არჩეული გზით, რაგინდ მძიმე არ უნდა იყოს ეს გზა. ვინაიდან, ის ყოველივეზე და ყოველზე პასუხისმგებელია, მოითხოვს (ითხოვს) არა მარტო საკუთარი თავისგან, არამედ სხვისგანაც.

„ბრანდში“ დაპირისპირებულია ორი მსოფლმხედველობა: ერთი - ბრანდის, მეორე - პრობსტის. პირველი - მორალურია, რომელიც უნარჩუნებს ადამიანს პიროვნულ არსებობას, პიროვნულ მთლიანობას. მეორე გზა ნაჩვენებია სოფლის თავკაცის სახით. პრობსტი არის ესთეტიკური არსებობის წესის წარმომადგენელი. ის თვლის, რომ შეიძლება ემსახურო ორ ღმერთს, ვინაიდან, თავად ცხოვრებაა ამგვარი. ერთი - არის წმინდა, მკაცრი ღმერთი, რომელსაც ხარკი უნდა მიუზღა. მეორე - ყოფითია, რომელიც მოითხოვს შენგან (ადამიანისგან) კომპრომისებზე წასვლას. იბსენი ხედავს, რომ ყოველგვარი კომპრომისი შეგუებაა ისეთთან, რაც სინამდვილეში მიუღებელია. ამიტომ პრობსტი არის ადამიანი, რომელიც ემსხურება ორ ღმერთს და გახლეჩილი ცნობიერების მქონე ადამიანის განსახიერებაა. ის არწმუნებს ბრანდს, რომ შეიძლება, ერთი მხრივ, იდეალებზე ილაპარაკოს, ხოლო მეორე მხრივ, როცა საქმე რეალურ ცხოვრებას ეხება, ცხოვრებისეულად იმოქმედო. ბრანდის იდეალი არის ადამიანის სრული თავისუფლება. თავისუფალი არჩევანი კირკეგორს ესმოდა, როგორც ეთიკური ცხოვრების არჩევანი. ბრანდი თვლის, რომ იგი უნდა იყო „ეთიკური ცხოვრების“ მომხრე. „ბრანდში“ გადახლართულია ზოგადფილოსოფიური და სოციალური პრობლემატიკა. ბრანდი ძალიან წუხდა, იმის გამო, რომ რეალურ ცხოვრებაში ადამიანის, როგორც პიროვნების ნიველირება ხდება. ყველა ერთ ყაიდაზე ყალიბდება. პრობსტი ეუბნება, „საჭიროა მივაღწიოთ საერთო ნიველირებას“ და ბრალს დებს ბრანდს იმაში, რომ მან ხელი შეუწყო პიროვნებათა დაბადებას. სახელმწიფოს არ აწყობს ადამიანთა პიროვნული არსებობა. „ბრანდში“ იბსენი რელიგიური პრობლემატიკის საკითხსაც წამოსწევს (განსაკუთრებით ბოლო მოქმედებაში), სწორედ ეს განასხვავებს იბსენსა და კირკეგორს. ბრანდს აინტერესებს, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას ადამიანი - ადამიანად. იბსენი ამბობს, ბუნებამ შეგქმნა შენ თავისუფალ არსებად, ე. ი. შენს შესაძლებლობაშია იქცე პიროვნებად. ეთიკურს აქვს ეთიკური მსოფლმხედველობა. „ბრანდში“ იბსენი იყენებს სიმბოლოებს. ბრანდი ამბობს: „ძველი ღმერთი მოკვდა და მე მივდივარ ახალი ღმერთის საძიებლად“. „დაკნინდა ადამიანური სული იმის გამო, რომ მას ჰქონდა არასწორი შეხედულება ღმერთზე“... იბსენიც, როგორც კირკეგორი, გამოდის ქრისტიანობაში გავრცელებულ შეხედულებათა წინააღმდეგ: „ძველი ღმერთი დაავადდა, ის მოითხოვს მკურნალობას“, ე. ი. ძველი ნორმები დღეს მოძველდა. „მე მივდივარ ძველი ღმერთის დასამარხად“ - ეს ნიშნავს, რომ მან უარყო ძველი ღირებულებები და ამ ძველს უნდა დაუპირისპიროს ახალი. სწორედ იმისთვის მიდის, რომ ააღორძინოს ადამიანები, ვინაიდან: „ადამიანის სულები დაჩლუნგდნენ“. ბრანდი ამბობს, რომ მან არ იცის - ქრისტიანია თუ არა, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის, თუ რა მიზანს უნდა მისდიოს, - „მე ადამიანი ვარ. მე ვხედავ ბოროტებას, ავადმყოფობას, რომელიც ამ ჩვენს ქვეყანას ჭირს“. დაავადებაში იგულისხმება, რომ ძველი ეთიკური ნორმები დაძველდნენ. ბრანდი ქრისტიანია, მაგრამ ძველი ღირებულებები არ მოსწონს. ბრანდი არის ყოფილი საეკელესიო მსახური, რომელმაც გაიხადა მღვდელმსახურის ტანსაცმელი, მოსწყდა ოფიციალურ ეკლესიას და მიდის, რათა დიდ საქმეს ემსახუროს.

ბრანდი გამოჰყოფს 3 ტიპის ბოროტებას. პირველი - ფუქსავატობა, მეორე-გონებაჩლუნგობა, მესამე - უაზრობა. „ბრანდში“ - ამ „ბოროტი სულებისაგან“ სამყაროს გადარჩენა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც აღადგენ შენი (პიროვნული) შინაგანი სამყაროს მთლიანობას. ადამიანის ცნობიერების გახლეჩილობა, გაორება წარმოადგენს იბსენთან, ისევე როგორც კირკეგორთან, თანამედროვე საზოგადოების ყველაზე მწვავე პრობლემას, უბედურებას.

ბრანდი - „დღეს ყოველმა ადამიანმა ისწავლა იყოს ცოტა ეს, ცოტა ის“. თანამედროვე ადამიანი ერთს ეთაყვანება თეორიულად, პრაქტიკულად კი მეორეს აკეთებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს „დანაწევრებულობა“ კლავს მთლიანობას. ბოროტების ყველაზე დიდი ბოროტება ის არის, რომ ის კლავს ადამიანის შინაგან „მე“-ს. ყოველი (თითოეული) ადამიანის ერთადერთი კუთვნილება, რომლის გაცემა (გაღება) მას არ შუძლია, არის - „მე“ (პიროვნული მეობა არ უნდა დაკარგო). ეს არის ყველაზე უმთავრესი რამ. ამიტომ გაორება, ნახევრადობა არის ის, რაც ხელს უშლის ადამიანს იქცეს პიროვნებად და იყოს ისეთი, როგორიც შექმნა ღმერთმა (იმავე პოსტულატს გვთავაზობს იბსენი „ჩრდილოელ დევკაცებში“).

ბრანდის შეურიგებლობა ადამიანებთან: მკაცრია დედის, შვილის, მეუღლის მიმართ. თან ამბობს, რომ ადამიანები, რომლებსაც სურთ გაამართლონ თავიანთი ქმედება, ამართლებენ მას სიტყვით - ჰუმანიზმი (სიყვარული ადამიანების მიმართ). ასეთ სიყვარულს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან აიძულებს ადამიანს, ემსახუროს ორ ღმერთს. თავისუფლების ქვეშ იბსენი, როგორც კირკეგორი, გულისხმობს ადამიანის მიერ არჩევანის გაკეთებას

„ბრანდში“ - ვინც მრუდედ დადის, ის კომპრომისზე წამსვლელია, შინაგან მთლიანობას კარგავს. გეპატიება მხოლოდ ის, რისი გაკეთებაც ვერ შეძელი. ბრანდი გლეხს ეუბნება: „შენ საცოდავი მონა ხარ“... „შენ მკვდარი ხარ, თუმცა ცოცხლობ“. ე. ი. ადამიანს, რომელსაც არ უნდა არჩევნის გაკეთება, ის ცოცხალია გარეგნულად, მაგრამ - მკვდარია შინაგანად, ის ცარიელია, ფუყეა. ნებისყოფის აქტი იმდენად მნიშვნელოვანია ბრანდისათვის, რომ გადარჩენას იგი ხედავს არა სიკვდილში, არამედ სურვილში - აირჩიოს მოქმედება. ადამიანმა-პიროვნებამ არჩევანში - არჩევანი უნდა გააკეთოს. ბრანდი ხედავს დიად საქმეს არა დიდ კეთებაში, არამედ არჩევანში. „უნდა მთელი გულით და სულით გინდოდეს“. თავად არჩევნის აქტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ბრანდი უშვებს ბოროტების არჩევის შესაძლებლობას. ის ამბობს: „შენს ქმედებაში რაღაც პრინციპი უნდა იყოს“... „არ უნდა იყო დღეს სხვა, ხვალ სხვა“ (იბსენთან „ჯობია იყო ცუდი, ვიდრე არაფერი“)... „იყავი რაც გინდა, მაგრამ მთლიანი იყავი“. საბოლოო ჯამში, ბრანდისათვის აუცილებელია ეთიკური არჩევანი. ბრანდის პოზიცია არ არის იდეალიზმის იმგვარი სახე, სადაც უპირატესობა გონით - სულიერ საწყისს მთლიანად ეკისრება. ბრანდი მოითხოვს მატერიალურ ფასეულობაზე უარის თქმას მაშინ, როცა ამით ეთიკური ითრგუნება. ბრანდის აზრით, ყველაფრის უფლება გვაქვს, მაგრამ შინაგანად საკუთარ პრინციპს არ უნდა უღალატო. საინტერესოა, რომ ბრანდი პრინციპულად არ უარყოფს კარგ ცხოვრებას და ამ მხრივ, საინტერესოა შემდეგი ფაქტი, - ამბობს უარს გადაარჩინოს გაჭირვებისაგან ადამიანები იმიტომ, რომ გაჭირვებამ იმდენად შეზღუდა ისინი, რომ ამ გაჭირვების იქით ვერაფერს ხედავენ.

ბრანდი, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა დიდ ასპარეზზე მოღვაწეობა - რჩება (არ ტოვებს თანასოფლელებს), რადგან მისდევს პრინციპს „ან - ყველაფერი, ან - არაფერი“. ამ პატარა სოფელს უჭირს, ამიტომ ამისთვის უნდა დათმო დიდი. ამით თმობს თავის სახელს (სახელმოხვეჭას, განდიდებას). ის რჩება ამ სოფელში და მასთან ერთად რჩება ქალი, რომელმაც ინტუიტურად იგრძნო, რომ ბრანდის ეს - საქციელი-ქმედება - დიდი გმირობაა.

ძალიან უცნაურია ბრანდის დამოკიდებულება, მომთხოვნელობა - თავისი მრევლისადმი. თითქოს გაუგებარია - რა უნდა. გამუდმებით ეჩხუბება მრევლს. რატომ მიჰყავს ხალხი მაღლა მთებში, როცა ტაძარი აუშენა. „ბრანდში“ ხალხი ნიველირებულია. როცა ბრანდი დედის ფულს მიიღებს, ხარჯავს ამ თანხას ტაძრის ასაგებად. პრობსტი ეუბნება, - რად გინდა ტაძარი თუ სხვა არაფერი არ გვაქვს. ბრანდი საკუთარ კეთილდღეობაზე უარს ამბობს, ვინაიდან თვლის, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი ისევ დაიქსაქსება. მან უნდა აღზარდოს თანასოფლელებში პიროვნება და ფიქრობს, თუკი ისინი შეძლებენ დათმონ ყველაფერი, ისინი გარდაიქმნებიან პიროვნებებად, თუ ვერ შეძლებენ დათმობას, მაშინ ვერ გახდებიან პიროვნებები. ბრანდი ხედავს, რომ ამ ხალხმა მხოლოდ თავიანთი ღმერთი შეცვალა. ბრანდს უნდა, რომ თითოეული ადამიანი დამოუკიდებელი გახდეს და არა, მისი მონა. სწორედ ამიტომ გადაწყვეტს ბრანდი, წაიყვანოს ხალხი მთაში - მასის-ბრბოს თვალის ასახელად. მაგრამ, მისი ჩანაფიქრი არ განხორციელდება (თანასოფლელები არ გაჰყვებიან). ბრანდი აღმოჩნდა აბსოლუტურ მარტოობაში. მარტოობა დამახასიათებელი თვისებაა ეთიკური არსებობისათვის. ერთადერთმა, მისი იდეების ერთგულმა ქალმა - აგნესმაც ვერგაუძლო ამ გამოცდას და ის მოტყდა. ბრანდმა იცის, რომ აგნესი მოკვდება, მაგრამ პრინციპულად არ ამბობს უარს საკუთარ არჩევანზე. „ჯობია ჩვენ არ ვუღალატოთ და მოვკვდეთ, ვიდრე ვუღალატოთ“ - ამბობს იგი. ბრანდი არ ითხოვს ყოველდღიური ცხოვრების შეცვლას, არამედ მიაჩნია, რომ ეს საქმიანობაშეთანხმებული უნდა იყოს შენს შინაგან, პიროვნულ არჩევანთან. ხალხი ეუბნება ბრანდს: „იცხოვრო შენთვის, სხვისთვის და ემსახურო ღმერთს - ერთი და იგივეა“... ბრანდი კი პასუხობს: „სულიერად უნდა გწამდეს ეს ღმერთი და სულიერად ისეთი წმინდა იქნები, რასაც მოითხოვს ეს ღმერთი. ჩვენი სულები არიან ტყვეობაში. გავათავისუფლოთ და განვიწმინდოთ“.

როცა ფოგტი მოსთხოვს ბრანდს - დატოვოს ეს ადგილი, ბრანდი უპასუხებს, რომ ჩემს „მე-ს“ სურს დარჩენა. იბსენთან ბრძოლა თავისუფლებისათვის დაკავშირებულია ტანჯვასთან, ისევე, როგორც კირკეგორთან. ბრანდი იტანჯება. თავისუფლების არჩევანთან დაკავშირებული ტანჯვა იმდენად დიდია, რომ ბრანდში არა ერთხელ იბადება სასოწარკვეთილების გრძნობა, მას ეჭვიც კი იპყრობს. არავინაა მის გვერდით, ვინც ეტყვის - სწორად იქცევა თუ არა. აქ, როგორც კირკეგორთან, ბრანდი აბსოლუტურად მარტოა და სასოწარკვეთილია. როცა ბრანდს შეხვდება „გამოშიგნული“ მხატვარი, ბრანდს ემატება ძალა, ვინაიდან იგი (ბრანდი) დარჩა მთლიანი. მარტოობა არის აუცილებელი თვისება ჭეშმარიტი ყოფიერებისათვის. როცა „ადამიანი ნამდვილი ცხოვრებით ცოცხლობს, ის აუცილებლად მარტოა“ - ამბობენ კირკეგორი და იბსენი. „მე „ავწევ“ საკუთარ დრამას, მე ვივლი ბოლომდე თუ სხვები ჩამომრჩებიან“ - ამბობს ბრანდი. ბრანდი მზად არის, კიდევ ერთხელ გაიაროს სატანჯველი გზა - „ერთს ბევრის გაკეთება შეუძლია, თუ ნებისყოფა ღარიბი არ აქვს“. ბრანდის სასოწარკვეთილება განპირობებულია იმითაც, რომ იგი აგებს პასუხს აგნესის, დედის, შვილის, მრევლის წინაშე. აგნესისთვის ბრანდი იდეალია. იბსენი აგნესის მიმართ ბრანდის სისასტიკეს აჩვენებს, ვინაიდან ადამიანმა უნდა დათმოს ყველაფერი. „რამდენ მოვალეობას გვაკისრებს პატარა სიტყვა სიცოცხლე. შენი მშობლებისთვის, შენი წინაპრებისთვის უნდა აგო პასუხი“. აგნესი ამბობს: „მე თავისუფალი ვარ“.... მაგრამ ამატებს, რომ უკანასკნელი სიტყვა მაინც შენ გეკუთვნისო. შენ ან უნდა დათმო, ან - არა. აირჩიე. შენ ორი გზის გასაყარზე ხარ. ბრანდი უპასუხებს: მე არჩევანი არა მაქვს. ვინაიდან, თუ ის მეორე გზით წავიდა, ყველაფერს გაკეთებულს წაშლის. ბრანდი საზოგადოებას კი არ ებრძვის არამედ ამ საზოგადოებისთვის იბრძვის. ბრანდი, რომელმაც აირჩია აგნესის სიკვდილი, ეუბნება მას: „ყველაფერს დაკარგავ, მაგრამ გაიმარჯვებ. ის, რაც წავიდა შენგან, სამუდამოდ შენია“.

ბრანდს ახასიათებს ყველა ის თვისება, რომელსაც კირკეგორი ეთიკური განვითარების საფეხურზე მყოფი ადამიანისგან მოითხოვს. თავისუფალი არჩევანი, როგორც საფუძველი ადამიანის პიროვნებად ქცევისა. თავისუფლება, რომელიც გაგებულია როგორც შინაგანი თავისუფლება, როგორც თავისუფალი დამორჩილება შენში არსებული მოვალეობისა. ადამიანში გაორების მოსპობა, მისი მთლიანობის აღდგენა. პასუხისმგებლობა ყველაზე, ისეთი განცდებია, რომლებიც დაკავშირებულია მარტოობასთან: სასოწარკვეთილება, დაეჭვება.

რამდენად აისახა და აისახა თუ არა კირკეგორის რელიგიური მოძღვრება „ბრანდში“? მხოლოდ ნაწილობრივ. მთლიანი მოძღვრება იბსენისთვის მიუღებელი იყო. რელიგიური მოძღვრება კირკეგორმა დაამუშვა ნაწარმოებში - „შიში და ძრწოლა“, რომელიც აგებულია აბრაამის მითის გადააზრების საფუძველზე. კირკეგორმა ამ მითს თავისებური ინტერპრეტაცია შესძინა. კირკეგორი მიდის დასკვნამდე, რომ იგი ცოდვილია და გადარჩენა, მხოლოდ ღმერთის დახმარებით შეუძლია. კირკეგორმა ევოლუცია გაიარა. აბრაამს ესმის ღმერთის ხმა: „შენ უნდა შემომწირო შენი შვილი“. აბრაამი არავის არაფერს ეუბნება - არც შვილს, ისააკს, არც სარას, რადგან ისინი ვერ გაიგებენ, თუ როგორ შეიძლება შვილის შეწირვა. აბრაამმა იცის, რომ მან თავად უნდა გააკეთოს არჩევანი - არის თუ არა, ეს, ღმერთის ხმა, იქნებ, ეს ეშმაკის ხმაა, ცდუნებაა. აბრაამი ვერავის ვერ სთხოვს ამ სიტუაციაში დახმარებას, მან თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და იღებს კიდეც - მიჰყავს შვილი შესაწირად (აბრაამი არის რწმენის განსახიერება). მას მიჰყავს შვილი მთაზე... აი უნდა მოკლას შვილი და კვლავ ღმერთის ხმა ესმის - „შვილი არ მოჰკლა“. აბრაამმა ისევ უნდა გადაწყვიტოს, არის, თუ არა, ეს ეშმაკის ხმა. ისევ, მხოლოდ მან, მარტომ უნდა გადაწყვიტოს. აბრაამი ირჩევს - ეს ღმერთის ხმაა. მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება - შეეწირა შვილი ღმერთისთვის. რადგანაც შეძლო ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ე. ი. ის მზადაა იყოს ღმერთის მონა - მორჩილი. მას აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომ ეს ღმერთის ხმაა და არა ეშმაკის. ვინც ღმერთს ესაუბრება, მისი მარტოობა არაფერს არ შეედრება. აქ, ეთიკური მოვალეობა შვილის წინაშე, დაემორჩილა რელიგიურ მოვალეობას. ჩანაცვლდა ეთიკური რელიგურით.

მეორე ნიშანი - არჩევანი შეიცავს რისკს. რელიგიურ არსებობას მარადიულ ნიმუშად თვლის კირკეგორი (ეს არის აბსურდული სიტუაცია). შენ რომ ემორჩილები ამ აბსურდს, ვერავინ ვერ გაგიგებს, ვინაიდან რწმენა აბსურდულად ეჩვენება იმას, ვისაც ეს რწმენა არა აქვს. აბრაამი მარტოა - რისკისა და აბსურდის წინაშე. მაგრამ, აბსურდულ სიტუაციაში, ადამიანი მაინც არ კარგავს რწმენას.

თუკი ადრეულ ნაწარმოებებში მთავარი იყო ეთიკური პრობლემა, შემდეგ აღიარებს, რომ რწმენის გარეშე ადამიანი ვერ გადარჩება. არსებობის მესამე წესი არის რელიგიური არსებობის წესი. ეს წესი კიდევ უფრო მკაცრია. აღსავსეა სასოწარკვეთილებით, შიშით, ძრწოლით. ადამიანი როცა აკეთებს ეთიკურ არჩევანს, ის მაინც დაკავშირებულია გარკვეულ ნორმებთან. რელიგიური არჩევნის დროს საზოგადოება არ არსებობს. თუ, ადამიანი რელიგიურ არჩევანს აკეთებს, მაშინ - ადამიანი - უმორჩილებს ეთიკურ მოვალეობას რელიგიურს. ეთიკურ არჩევანში ზოგადი უფრო მაღლა იდგა, ვიდრე ინდივიდი - პიროვნება. ამ რელიგიური არჩევანის დროს - ინდივიდუალური ზოგადზე მაღლა დგება. აქ - ადამიანი - აბსოლუტურ მარტოობაშია - ღმერთთან პირისპირ. სანამ ბრანდთან აგნესი იყო, იგი მარტო არ იყო. რელიგიური არჩევანის დროს, შენ გარდა არავის ესმის, თუ რატომ აკეთებ, რატომ ჩადიხარ გარკვეულ საქციელს.

არსებობს აზრი, რომ ბრანდი - თითქმის უკანასკნელ მოქმედებაში აკეთებს რელიგიურ არჩევანს. ამის საპირწონედ, შეიძლება ის აღვნიშნოთ, რომ ბრანდი მაინც პიროვნებისათვის იბრძვის, რომ მისი საქციელი სხვა ადამიანისთვისაც აუცილებელია. ასევე, ამ აზრის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს ის გარემოება, რომ „პერ გიუნტში“ აღარაა საუბარი რელიგიაზე. თუ იბსენმა კირკეგორის რაღაც გავლენა განიცადა, ეს არ იყო მისთვის მთავარი (არსებობს განსხვავება კათოლიკურ ქრისტიანულ რელიგიასა და გერმანულ პროტესტანტულ რელიგიას შორის. უკანასკნელი ძალიან მკაცრი რელიგიაა). ყოველივე ამის შემდეგ გქონდეს „შიში“: ბრანდის ღმერთი კეთილი მამა კი არაა, არამედ - მოსამართლეა. ბრანდს სწამს: „ღმერთმა გმირობისთვის მომიწოდა და ის, მე, არ დამღუპავს.“ აგნესი ეუბნება: „ღმერთს არა აქვს უფლება, ჩვენგან მოითხოვოს უცოდველი ბავშვი“. ბრანდს ახსენდება აბრაამი. ბრანდი ფიქრობს: „ეს არ იყო მსხვერპლი, ეს იყო არჩევანი“. ბრანდის დაღუპვის სცენა: ახსენდება კარგი დღეები. „ტყუილა გავიღე „მსხვერპლი“ - რაღაც მაცდუნებელი ძალა ეუბნება, რომ შენ - შეცდიო. ბრანდი მთაშია, სიცივეა, (სიმბოლიკა) მას ახსენდება ქრისტე და მოეხსნება (თავისუფლდება) საშინელი ტვირთი. როგორ გავიგოთ ეს ბოლო სცენა? გერდი - დედამისის ცოდვის ქალიშვილია. გერდი არის სიმბოლო იმ შინაგანი ხმისა, რომელიც ბრანდში ვერ დაითრგუნა. დაეჭვდა ბრანდი იმის გამო, რომ უცბად ქრისტე გაახსენდა. ამ დროს, გერდი გამოჩნდება და რომ არ გატყდეს ბრანდი, გერდი ლაპარაკობს მასზე, რომ ბრანდი-ადამიანი ყველაზე მაღლა დგას. გერდი ფიქრობს, რომ მას ვიღაც აცდუნებს. გერდი ესვრის ფრინველს. ბრანდი ვერ ასწრებს უარის თქმას იმაზე, რასაც შესწირა ცხოვრება. გერდი არის ბრანდის რაღაც „მე“-ს ნაწილი, რომელიც გაიმარჯვებს. ბრანდი ბოლოს მიმართავს ღმერთს და ეს სიტყვები ძალიან დისონანსურად ჟღერს პიესაში. ბრანდი დაეჭვდება ყველაფერში. მთელი მისი ცხოვრება არარაობად იქცევა. როცა ბრანდში იბადება ეჭვი, გერდში თითქოს გრძელდება ბრანდის ის ყველაფერი, რაც მასში (ბრანდში) იყო. გერდი ხომ ბრანდის ორეულივითაა. იბსენი ბოლომდე არ მიჰყვება ბრანდის გზას. („როდესმე გაიგებენ, რომ დამარცხება არის ყველაზე დიდი გამარჯვება“).

იხილე აგრეთვე

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები