პერ გიუნტი (იბსენი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„პერ გიუნტი” − ნორვეგიელი დრამატურგის ჰენრიკ იბსენის დრამატული პოემა ხუთ მოქმედებად.

სარჩევი

„პერ გიუნტის“ შინაარსი

პოემის მოქმედება მოიცავს XIX ს. 60-იანი წლებს და ხდება ნორვეგიაში (გურდბანის ველზე და მიმდებარე მთებში), ხმელთაშუა ზღვის მაროკოს სანაპიროზე, საჰარის უდაბნოში, კაიროს საგიჟეში, ზღვაზე და ისევ ნორვეგიაში, გმირის სამშობლოში.

ახალგაზრდა სოფლელი ბიჭი პერ გიუნტი სულელობს და დედას, ოსეს ატყუებს. უყვება მოუსვენარ ირემზე ნადირობის ამბავს. დაჭრილი ირემი მასზე ამხედრებული პერით მთის მწვერვალზე აირბენს და სიმაღლიდან ხტება სარკესავით სუფთა ტბაში და მიესწრაფვის საკუთარ ანარეკლს. ოსე სულგანაბული უსმენს. უცებ ვერ ხვდება: ეს ამბავი ხომ იცის - პერი მხოლოდ ოდნავ ასხვაფერებს ძველებურ გადმოცემას და თავის თავზე ირგებს მას. შვილის დახეულ ტანსაცმელს სხვა ახსნა აქვს - მჭედელ ასლაკთან იჩხუბა. მეზობელი ბიჭები ხშირად ეჩხუბებიან პერს: უყვარს ფანტაზიორობა, ოცნებებში საკუთარ თავს ზღაპრების ან ლეგენდების გმირად ხედავს - უფლისწულად ან მეფედ, ირგვლივ მყოფნი კი მის ისტორიებს ცარიელ ტრაბახად და სისულელედ თვლიან. და საერთოდ, პერი ძალიან ქედმაღალია! რა თქმა უნდა, ის ხომ კაპიტნის შვილია, თუნდაც გალოთებულისა, რომელმაც ქონება გაანიავა და ოჯახი მიატოვა! და კიდევ ერთი - პერი გოგონებს მოსწონთ. ამის გამო დედა ღელავს: რატომ არ მოჰყავს ცოლად ინგრიდი, მდიდარი გლეხის ქალიშვილი? მაშინ ხომ მიწაც ექნებოდათ და მამულიც! არადა, ინგრიდი აშკარად თვალს ვერ წყვეტდა პერს. საწყენია! სწორედ ამაღამ მისი ქორწილია, ინგრიდი მონს მიჰყვება ცოლად. მონს? უნიათოს და ტეტიას? ეს არ მოხდება! პერი ქორწილში მიდის! უნდა გადაათქმევინოს. დედას გაყოლა სურს, პერი კი სიცილით და თამაშით დედას სხვისი სახლის სახურავზე შესვამს: აქ იჯდეს, სანამ არ ჩამოიყვანენ, თავად კი დღესასწაულზე შეივლის.

ქორწილში დაუპატიჟებელ სტუმარს ცუდად მიიღებენ. გოგონები საცეკვაოდ არ მიჰყვებიან. პერი უცებ გამოარჩევს მათ შორის სოლვეიგს, გადმოსახლებული სექტანტი გლეხის ქალიშვილს. ის ისეთი მშვენიერი, სუფთა და მოკრძალებულია, რომ მასაც კი, თავქარიან ბიჭს, ეშინია მიუახლოვდეს. პერი რამდენიმეჯერ საცეკვაოდ გამოიწვევს სოლვეიგს, მაგრამ მუდმივად უარს იღებს. ბოლოს და ბოლოს გოგონა გამოუტყდება: რცხვენია ნასვამთან სიარულის. გარდა ამისა, მას არ სურს, მშობლებს გული ატკინოს: მათი რელიგიის მკაცრი წესები არავისთვის არ უშვებენ გამონაკლისს. პერი ნაწყენია. ბიჭები მომენტით ისარგებლებენ და დალევას შესთავაზებენ, რომ შემდეგ დასცინონ. პერს ამავე დროს აბრაზებს და აღიზიანებს მოუხერხებელი ნეფე, რომელმაც არ იცის, როგორ უნდა მოეპყრას დედოფალს... საკუთარი თავისთვისაც მოულოდნელად პერი იღლიაში ამოიჩრის დედოფალს და „ღორივით“, როგორც ერთ-ერთი სტუმარი იტყვის, გააქანებს მთებში.

პერის ვნებიანი გატაცება ხანმოკლეა, თითქმის იმავწამს გაუშვებს ინგრიდს, მას ძალიან ბევრი უკლია სოლვეიგამდე! გაცოფებული ინგრიდი მიდის, ხოლო პერს ჩაუსაფრდებიან. ტყის სიღრმეში იმალება, სადაც მიიღებენ მწყემსი გოგონები, რომლებიც მის გამო თავის მეგობარ ტროლებს უარყოფენ. აქ დილით პერი ხვდება მწვანე ლაბადიან ქალს, ტყეში მცხოვრები უწმინდური ძალების - ტროლების, კობოლდების, ჯადოქრებისა და კუდიანების მმართველი დოვრის მეფის ასულს. პერს იზიდავს ქალი, მაგრამ უფრო მეტად ნამდვილი უფლისწულობა იზიდავს, თუნდაც ეს ტყის სამეფო იყოს! დოვრის პაპის (ასე უწოდებენ ტყის კარისკაცები მეფეს) პირობები სასტიკია: ტროლები „ნიადაგის“ პრინციპებს აღიარებენ, არ ცნობენ ტყის მიღმა თავისუფალ გასვლას და მხოლოდ შინაური საჭმლით, ტანსაცმლით და ადათებით კმაყოფილდებიან. მეფის ასულს გააყოლებენ პერს, მაგრამ მანამდე კუდი უნდა გაიკეთოს და აქაური თაფლი (თხევადი ნაკელი) უნდა დალიოს. პერი დაიჭყანა, მაგრამ ორივე პირობას დათანხმდა. დოვრის პაპის კარზე პერი გაუხეშებული და უსახურია, მაგრამ ეს, როგორც დოვრის პაპა განმარტავს, მხოლოდ ადამიანის ცხოვრებაზე შეხედულების დეფექტია. თუკი ოპერაციას გაუკეთებენ და თვალს დაუელმებენ, თეთრის ნაცვლად შავს დაინახავს, ხოლო უშნოს ნაცვლად ლამაზს, ანუ ჭეშმარიტი ტროლის მსოფლმხედველობას ეზიარება. მაგრამ ოპერაციას პერი, რომელიც ძალაუფლებისა და დიდებისთვის ყველაფერზე წამსვლელია, არ თანხმდება - ის იყო და რჩება ადამიანად! ტროლები თავს დაესხმიან მას, მაგრამ საეკლესიო ზარების ხმას გაიგონებენ და გაუშვებენ.

პერი გულწასულია სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. უხილავი მრუდე შეკრავს და მისი აღსასრულისთვის ფრთოსან დემონებს მოუხმობს. პერს ფეხი დაუცდება და წაიქცევა, მაგრამ ისევ ისმის საეკლესიო გალობა და ზარის ხმა. პერს ტყეში დედა და სოლვეიგი პოულობენ. ოსე ატყობინებს შვილს: ინგრიდის მოტაცებისთვის იგი კანონგარეშედაა გამოცხადებული და მხოლოდ ტყეში ცხოვრება შეუძლია. პერი ქოხს იშენებს. თოვლი მოვიდა და სახლი თითქმის მზადაა, როდესაც მასთან თხილამურებით მოქანდება სოლვეიგი: იგი მკაცრ, მაგრამ საყვარელ მშობლებს გამოექცა და გადაწყვიტა, სამუდამოდ მასთან დარჩეს.


პერს თავისი ბედნიერების დაჯერება უჭირს. ქოხიდან ფიჩხისთვის გამოდის და ტყეში მეტად უშნო ქალს ხედავს, რომელსაც ხელში მახინჯი ბავშვი უჭირავს. ქალი ეტყვის, რომ ბავშვი მისია. სხვათა შორის, მამას მეტად მტრულად ხვდება („მამიკოს ნაჯახით ავკუწავ!“). ტროლი ქალი ითხოვს, რომ პერმა სოლვეიგი გააგდოს! ან იქნებ ერთ სახლში სამმა ერთად იცხოვროს?! პერი სასოწარკვეთილია, მას აწუხებს დანაშაულის მძიმე გრძნობა. ეშინია, არ გასვაროს სოლვეიგი თავისი წარსულით და არ სურს მისი მოტყუება. ეს იმას ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვას მასზე! გამოეთხოვება და ქოხიდან ერთი წუთით, სინამდვილეში კი სამუდამოდ მიდის.

პერს სხვა არაფერი რჩება, ქვეყნიდან უნდა გაიქცეს, მაგრამ დედას არ ივიწყებს და ესტუმრება მას. ოსე ავადაა, მეზობელი ქალი ეხმარება; ოჯახის ქონება სასამართლო ბოქაულმა აღწერა. დედის უბედურებაში, რა თქმა უნდა, შვილია დამნაშავე, მაგრამ ოსე ამართლებს მას, ცუდი ბიჭი არ არის, უბრალოდ, ღვინომ დაღუპაო. დედაბერი გრძნობს, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია - ფეხები ეყინება, კარს კატა ფხაჭნის (ცუდი ნიშანია!). პერი ლოგინზე ჯდება და ანუგეშებს დედას, სიმღერით უყვება ზღაპარს: ორივენი მიწვეულნი არიან სურია მურიას გრძნეულ კოშკში. შავი ცხენი უკვე შეკაზმულია, ისინი თოვლიან ველზე მიდიან ტყეში. აი კარიბჭეც! მათ თავად წმინდა პეტრე ხვდებათ და ოსესთვის, როგორც ძვირფასი ქალბატონისთვის, მოაქვთ ყავა და ნამცხვარი. კარიბჭე უკანაა - ისინი ციხე-კოშკთან არიან. პეტრე აქებს დედას მისი მხიარული ხასიათის, მოთმინებისა და მზრუნველობის გამო, ადრე ამას ვერ აფასებდა, მაგრამ დაე სიკეთისთვის მიუზღოს სასახლის პატრონმა! პეტრემ გადახედა ოსეს და ხედავს, რომ ის გარდაცვლილა. პერი აღარ დაელოდა დაკრძალვას (კანონის მიხედვით, ტყის გარეთ ნებისმიერმა შეიძლება მოკლას) და მიემგზავრება „ზღვის მიღმა, რაც უფრო შორს, მით უკეთესი“.

გადის მრავალი წელი. პერ გიუნტი თითქმის ორმოცდაათისაა. მოვლილი და წარმატებულია, მაროკოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სტუმრებს იღებს. იქვე ზღვაში დგას იახტა ამერიკული დროშით. პერის სტუმრები: საქმიანი ოსტატი კოტონი, ღრმააზრიანი ფონ ებერკოპფი, ბომონდური მუსიე ბალონი და სიტყვაძუნწი, მაგრამ ფიცხი ტრუმპეტერსტროლე (შვედი) - აქებენ მასპინძელს სტუმარმასპინძლობისა და სიუხვისათვის. როგორ შეძლო უბრალო ხალხიდან გამოსულმა კაცმა ასეთი ბრწყინვალე კარიერის გაკეთება! ფრთხილი გამოთქმებით, ისე, რომ არ შეურაცხყოს სტუმრების ლიბერალურ-პროგრესული შეხედულებები, პერ გიუნტი მათ სიმართლეს უყვება: ჩინეთში საეკლესიო ანტიკვარიატით სპეკულირებდა და ამერიკის სამხრეთ შტატებში მონებით ვაჭრობდა. ახლა იახტით მიემართება საბერძნეთში და შეუძლია მეგობრებს საქმე შესთავაზოს. შესანიშნავია! ისინი სიამოვნებით დაეხმარებიან აჯანყებულ ბერძნებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში!

დიახაც, დიახაც, ადასტურებს გიუნტი, მას უნდა, აჯანყების ალი ავარდეს რაც შეიძლება უფრო მძლავრად. მით მეტი იქნება იარაღზე მოთხოვნა. იგი იარაღს თურქეთს მიჰყიდის, ხოლო მოგებას ერთად გაინაწილებენ. სტუმრები შეშფოთდებიან. რცხვენიათ და, ამავე დროს, მოგების ხელიდან გაშვება არ უნდათ. ფონ ებერკოპფი იპოვის გამოსავალს - სტუმრები გიუნტს იახტას წაართმევენ და გასცურავენ. პერი არშემდგარ კომპანიონებს წყევლა-კრულვას და მუქარას გაატანს და - საოცრება! - იარაღით დატვირთული იახტა აფეთქდება! ღმერთი იფარავს პერ გიუნტს მომავალი გმირობებისთვის.

დილაა. გიუნტი მტაცებელ მხეცებს პალმაზე ემალება, მაგრამ მაიმუნების საზოგადოებაში აღმოჩნდება. იმავწამს გაერკვევა და ეგუება მათ კანონებს. თავგადასავალი წარმატებით სრულდება. ხიდან ჩამოსული გმირი უდაბნოში მიდის და თავის წარმოსახვაში სახარის მორწყვის გრანდიოზულ პროექტს ახორციელებს. პერ გიუნტი უდაბნოს იდეალურ ქვეყნად - გიუნტიანად აქცევს, მასში დაასახლებს ნორვეგიელებს და ხელს შეუწყობს, რომ მეცნიერება და ხელოვნება განავითარონ, რომლებიც აყვავდება ასეთი თბილი კლიმატის პირობებში. ერთადერთი, რაც არ ყოფნის, ცხენია. გასაოცარია, მაგრამ გიუნტი მას მაშინვე მიიღებს. ცხენს და ძვირფას ტანსაცმელს ქვიშის ბორცვს მიღმა მალავდნენ ქურდები, რომლებიც ჩაფრებმა შეაშინეს და გაიქცნენ.

აღმოსავლურ ტანსაცმელში გამოწყობილი გიუნტი გზას განაგრძობს და ერთ-ერთ ოაზისში არაბები მას მნიშვნელოვან პერსონად მიიღებენ - როგორც თავად გიუნტი თვლის, მას წინასწარმეტყველად შეიცნობენ. ახალგამოჩეკილ წინასწარმეტყველს სერიოზულად გაიტაცებს ადგილობრივი ჰურიას - ანიტრას მომხიბვლელობა, მაგრამ ქალი მოატყუებს მას - მისი სული კი არ სჭირდება (არადა, სწორედ სულს სთხოვდა), არამედ გიუნტის ძვირფასეულობა. წინასწარმეტყველის როლმაც არ გაუმართლა.

პერის შემდეგი გაჩერება ეგვიპტეშია. სფინქსის და მემნონის სტატუას რომ უყურებს, პერი თავს სახელგანთქმულ ისტორიკოსად და არქეოლოგად წარმოიდგენს. გონებაში აგებს მოგზაურობებისა და აღმოჩენების გრანდიოზულ გეგმებს, მაგრამ... სფინქსის სახე ვიღაცას აგონებს. ვის? დოვრის პაპას ხომ არა? ან გამოუცნობი მრუდესი?

თავის აღმოჩენებს ვინმე ბეგრიფენდელდტს უზიარებს და ისიც, თანამოსაუბრით ფრიად დაინტერესებული, ჰპირდება, რომ თავის კაიროელ მეგობრებს გააცნობს. დახურულ დარაბებიან სახლში ბეგრიფენდელდტი უაღრესად საიდუმლოდ ატყობინებს: ზუსტად ერთი საათის წინ გარდაიცვალა აბსოლუტური გონება - ისინი საგიჟეში არიან. ბეგრიფენდელდტი აქაური დირექტორია და აცნობს პერს ავადმყოფებს: გუტუს - ინდოელი მაიმუნების ძველი ენის აღორძინების ქომაგს; ფელახს, რომელიც თავს ძველი ეგვიპტელების წმინდა ხარად, აპისად მიიჩნევს და ჰუსეინს, რომელმაც თავი კალმად წარმოიდგინა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაითალოს, რასაც თავად აკეთებს, როცა ყელს გამოიღადრავს ჯიბის დანით. მთელი ეს ფანტასტიკური სცენა კარგად ესმოდათ იბსენის თანამედროვეებს, მასში „ეგვიპტური“ მასალის გამოყენებით დაშიფრულია თავდასხმა ნაციონალური ნორვეგიული რომანტიზმის წინააღმდეგ: გუტუ, როგორც ვარაუდობენ, ეს ივარ ოსენია, ლენსმოლის, ხელოვნური ენის შემქმნელი, რომელიც შედგენილია გლეხური დიალექტების საფუძველზე (სხვათა შორის, მასზე ამჟამად კითხულობს და წერს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი), ფელახი, ეს ნორვეგიელი ბონდია (ანუ გლეხი), ნორვეგიელი რომანტიკოსების „წმინდა ძროხა“ და იდეალი; ჰუსეინი - საგარეო საქმეთა მინისტრი მანდერსტრემი, რომელმაც 1864 წლის დანიურ-პრუსიული საომარი კონფლიქტის დროს უღალატა სკანდინავიზმის იდეალებს: შვეციისა და ნორვეგიის კონკრეტული მოქმედებები დანიის დასაცავად შეცვალა პროტესტის გაუთავებელი ნოტების წერით, რის გამოც იბსენმა მას საგაზეთო სტატიაში „ნიჭიერი კალამი“ უწოდა. სიგიჟის ატმოსფეროთი და მის თვალწინ განხორციელებული თვითმკვლელობით ჭკუადაკარგული პერი გონებას კარგავს, ხოლო ყვითელი სახლის გიჟი დირექტორი მას ცხენივით მოახტება და თავს სულელის ჩალის გვირგვინით შეუმკობს.

კიდევ ბევრი წელი გაივლის. სრულიად გაჭაღარავებული პერ გიუნტი სამშობლოში ბრუნდება. მისი გემი ნორვეგიის ნაპირებთან იძირება, მაგრამ გიუნტი ზღვაში ჩაშვებულ ნავს მოეჭიდება და გადარჩება. ხომალდზე პერს დასდევდა უცნობი მგზავრი, რომელიც მას სხეულს სთხოვდა „სამეცნიერო მიზნებით“ - პერი ხომ, მისი აზრით, მალე აუცილებლად მოკვდება. ეს მგზავრი ზღვაშიც ჩნდება და გადაბრუნებულ ნავს ჩაეჭიდება. კითხვაზე, სატანა ხომ არ არის, მგზავრი მიკიბულ-მოკიბულად კაზუისტიკური კითხვით უპასუხებს კითხვაზე და, თავის მხრივ, ამხელს პერს, როგორც სულით არც ისე მტკიცე ადამიანს.

პერი მშვიდობიანად მიაღწევს მშობლიურ მხარეს. შემთხვევით აღმოჩნდება სასაფლაოზე, სადაც ესმის მღვდლის საქებარი სიტყვა ერთ-ერთი მოსახლის კუბოსთან - ამ კაცმა ომის დროს ნამგლით თითი მოითალა (პერი სიყმაწვილეში ამ სცენის მოწმე გახდა). ამ კაცმა მთელი ცხოვრებით და, განსაკუთრებით, დაუღალავი შრომით გამოისყიდა თავისი სულმოკლეობა და საზოგადოებისგან პატივისცემა დაიმსახურა. მღვდლის სიტყვებში პერს საყვედური ესმის - მას ხომ არც ოჯახი შეუქმნია, არც სახლი აუშენებია. თავის ყოფილ სოფელში ინგრიდის დაკრძალვაზე პერი ძველ დაბერებულ და თითქმის მივიწყებულ ნაცნობს ხვდება. მასაც ვერ ცნობენ, თუმცა იგი ახსოვთ. მაგალითად, ადგილობრივი პოლიცმაისტერი, პერს რომ იხსენებს - პოეტს უწოდებს, რომელსაც საკუთარი გამოგონილი ზღაპრული რეალობისა სჯეროდა. სამაგიეროდ, ტყეში პერს მეღილე მაშინვე იცნობს, ის ხომ დიდი ხანია მას დაეძებს. გიუნტის დრო დედამიწაზე დამთავრდა და მეღილე აპირებს ახლავე გადააქციოს მისი სული ღილად - ვერც სამოთხეში, ვერც ჯოჯოხეთში ვერ მოხვდება პერის სული, იგი მხოლოდ გადასადნობად თუ გამოდგება. მეღილე არამზადად არ მიიჩნევს პერს, მაგრამ კარგი კაციც ხომ არ ყოფილა? ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ პერ გიუნტმა ვერ შეასრულა დედამიწაზე თავისი დანიშნულება - თავის თავად (უნიკალურ და განუმეორებელ პიროვნებად) არ იქცა, მხოლოდ მოირგო რამდენიმე განსხვავებული გასაშუალოებულ-სტანდარტული როლი. ეს პერმაც მშვენივრად იცის, ცოტა ხნის წინ ხომ თავად შეადარა საკუთარი თავი ხახვს. ხახვსაც არ გააჩნია მყარი ბირთვი და მხოლოდ კანისაგან შედგება.

პერ გიუნტი მართლაც შეშინებულია. რა შეიძლება იყოს სულის გადადნობაზე უფრო საშიში - თუკი იგი აბსოლუტურად ამორფულ უსახო ნაცრისფრად იქცევა? მეღილეს გადავადებას სთხოვს, დაუმტკიცებს, რომ მის ბუნებაში რაღაც მაინც იყო მთლიანი! მეღილე გაუშვებს პერს. ხვდება ძველი ძლიერების დაკარგულ დოვრის პაპას და ჩონჩხს (სატანას?), მაგრამ ეს შეხვედრები არაფერს აძლევს, გიუნტს კი ამჯერად სწორედ ეს - განსაზღვრული რამ სჭირდება. ტყეში ხეტიალისას ოდესღაც მის მიერ აგებულ ქოხს წააწყდება. ზღურბლთან ხვდება სოლვეიგი, დაბერებული, მაგრამ ბედნიერი, რომ ისევ დაინახა. მხოლოდ ახლა ხვდება პერ გიუნტი, რომ გადარჩა. განსხვავებული ნიღბებით მთელი თავისი ჭრელი ცხოვრების მანძილზე იგი თავს არ ღალატობდა, იგივე რჩებოდა იმ იმედით და რწმენით, რომ მას მუდმივად ელოდა ქალი, რომელსაც უყვარდა.

მეღილე უშვებს პერს გაფრთხილებით, რომ შემდეგ გზაგასაყარზე დაელოდება. კიდევ მოასწრებენ ერთმანეთთან საუბარს.

პიესის ანალიზი

იბსენის ეს პიესა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მაღალმხატვრული ნაწარმოებია. თავად პერ გიუნტის პერსონაჟია საოცარი. კითხვისას, ის თითქოს უნდა იწვევდეს უარყოფით რეაქციას, მაგრამ იმავდროულად მომხიბვლელი სახეა. პერსონაჟის - „უარყოფითობა“ - უფრო ბოლო მოქმედებაში ჩანს, ვიდრე პირველში. ყოველ სახეს, რაღაც შინაგანი ლოგიკა აქვს. „ბრანდი“ და „პერ გიუნტი“, შინაარსის თვალსაზრისით, ურთიერთგარეშე ვერ გაიგება. იდეურად, ეს ორი პიესა, ასე ვთქვათ, თეზა და ანტითეზაა. „ბრანდში“ მოცემულია, როგორი უნდა იყოს პიროვნება, რას ნიშნავს არსებობის ჭეშმარიტი წესი. ეგზისტენციალისტები ასხვავებენ არსებობის ანუ ეგზისტენციის ორ წესს. ეგზისტენცია მიესადაგება მხოლოდ ადამიანის არსებობას. ეგზისტენციის თვალსაზრისით, ჭეშმარიტი არსებობა - ბრანდის არსებობაა. პერ გიუნტი კი, არის არაჭეშმარიტი. კირკეგორის მოძღვრების თვალსაზრისით, ბრანდი - ეთიკურია, პერ გიუნტი−ესთეტიკური.

იბსენმა დაწერა ჯერ „ბრანდი“, შემდეგ „პერ გიუნტი“. მათი განსხვავება იმაშია, რომ იბსენი „პერ გიუნტში“ გარკვეულწილად გადააფასებს და ცვლის თავის პოზიციას. „პერ გიუნტში“ - დამოკიდებულება პიროვნებისადმი და მისი შეფასება, ერთგვარად ახალი პოზიციიდან ხდება.

„პერ გიუნტის“ ანალიზისას, უკვე მოვიხმართ ეგზისტენციალურ ცნებებს. მაგალითად, როგორც პირანდელოსთან, ვინაიდან იგი ეგზისტენციალიზმის წინამორბედია, ეგზისტენციალისტებთან პიროვნება ფასდება მხოლოდ და მხოლოდ მისი აქტების (მოქმედების) საფუძველზე. რა ჰქონდა ჩაფიქრებული და ვერ გააკეთა - არ არის მთავარი და მნიშვნელოვანი. ამას არ აქვს მნიშვნელობა პიროვნების შეფასებაში. მსგავსი პოზიციაა „ბრანდში“: თუ შენ არ განახორციელე ბოლომდე ყველაფერი ან არაფერი, თუ შენ ვერ თქვი უარი იმაზე, რაც ეთიკური არ არის, მაშინ შენ პიროვნებად ვერ გამოდგები“.

პერ გიუნტში“ იბსენის მსოფლმხედველობრივი პოზიცია იცვლება. ახლა, ის თვლის, რომ უნდა გავითვალისწინოთ, არა მარტო ის, თუ რა გააკეთა ადამიანმა (ქმედება, ქცევა), არამედ, მისი შინაგანი შესაძლებლობები. რა უნდოდა და რა ვერ გააკეთა. ავტორმა არ გაწირა პერ გიუნტი, მიუხედავად იმისა, რომ მან გაიარა ასეთი ცუდი ცხოვრების გზა. „პერ გიუნტი“ ახლოსაა კირკეგორის ესთეტიკასთან. პერ გიუნტი წამდაუწუმ იმეორებს, რომ უნდა იყო „ის“, რაც ხარ (სხვებისგანაც ამას მოითხოვს). ამ ნაწარმოებში დგას პიროვნების პრობლემა, მისი ნიველირების ფაქტი. პიროვნების მიერ თანამედროვე საზოგადოებაში „თვითობის“ დაკარგვის პრობლემა. ავტორის მიზანდასახულობა მდგომარეობს იმაში, რომ მას სურს დაანახოს მკითხველს, რომ საშინელებაა, როცა პიროვნება თავის „მე“-ს კარგავს. ამასთანავე, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავიცდინოთ თავიდან ეს ნიველირება. ავიცდინოთ ადამიანის ანონიმურ მასაში გათქვეფა, ადამიანის ანონიმურ პიროვნებად გადაქცევა. პერ გიუნტი - „არანამდვილი არსებობის“ გამომხატველია. დრამატურგი ყველგან ხაზს უსვამს პერ გიუნტის სახის სიმბოლურ ხასიათს. იბსენი ხშირად ხმარობს სიმბოლიკას. ეს მხატვრული ხერხი ერთ-ერთი წამყვანია მის შემოქმედებაში. თუ არ გავშიფრავთ ამ სიმბოლოებს, ვერცერთ იბსენის ნაწარმოებს ვერ გავიგებთ. პერ გიუნტის სიმბოლიკა მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ მე პერ გიუნტი ვარ და სხვა არავინ. ყოველივე, რასაც პიერ გიუნტი საკუთარ თავზე ამბობს, ირონიულად ჟღერს. ირონიაც უმნიშვნელოვანესი ხერხია იბსენთან.

პერ გიუნტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იყოს ის ვინც არის, მაგრამ ყველაფერი საწინააღმდეგოდ გამოდის. დირექტორი - პერ გიუნტი, რა თქმა უნდა, ეს სიმბოლოა. პერ გიუნტი - „მე ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ვარ“. საავადმყოფოს დირექტორი - „ამის ფსკერზე უცნაური, დამაფიქრებელი შინაარსი დევს“. პერ გიუნტის სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით ვერ გავიგებთ. „ვიყო ის, ვინც ვარ“ - ეს სიტყვები, თითქმის ყოველთვის, ირონიულად ჟღერს და მათ ორ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ნამდვილი არსებობა მდგომარეობს იმაში, რომ იყო ის, ვინც ხარ, მაგრამ ამაში, მეორე მხრივ, დაცინვაცაა. პერ გიუნტი ამბობს - მე ვარ ის, ვინც ვარ, მაგრამ სინამდვილეში, თავის ქმედებებში, არ არის - ის - ვინც არის. ამ პიესაში წამყვანი დებულებაა „ადამიანო, იყავი - ის - ვინც ხარ“.

კირკეგორის მსგავსად, იბსენი აკავშირებს ესთეტიკურ არსებობას რომანტიკულ მსოფლმხედველობასთან და ავლენს რომანტიკული მსოფლმხედველობის უსუსურობას. მათ მსოფლმხედველობაში იბსენი დასცინის გენიოსის უსაზღვრო თავისუფლების კულტს და ააშკარავებს მის გაუმართლებლობას. არ შეიძლება ადამიანი იყოს აბსოლუტურად თავისუფალი ცხოვრებაში. რომანტიკული იდეები შინაგანად წინააღმდეგობრივი, გაუმართლებელია

გემის ბაქანზე არის მოგზაური, რომელიც პერს ეუბნება: მე განსაკუთრებით მაინტერესებს, სად არის ფანტაზიორობის სპეციალური ორგანო. ჩვენ დაგშლით და გავარკვევთ, სად არის ეს ორგანო. პერი ფანტაზიორია და, მართალაც, პირველ მოქმედებაში, ის ცხოვრობს თავის ოცნებებში. იგი მოწყვეტილია რეალურ ცხოვრებას. პერს უყვარს ბუნება, ნაზი და მოსიყვარულე ადამიანია.

პერი მიდის ქორწილში. აქაც მისი ოცნებებია ნაჩვენები. სოლვეიგთან შეხვედრა მასზე უდიდეს შთაბეჭდიელბას ახდენს. სოლვეიგს და პერ გიუნტს „ერთი ნახვით“ უყვარდებათ ერთმანეთი. სოლვეიგი უცბად განჭვრეტს „მის ცუდ“ და „კეთილ“ ბუნებას. პერი, სოლვეიგისგან მიღებული უარის შემდგომ უშვებს ინგრიდს, რადგან გრძნობს, რომ ინგრიდი არ უყვარს. მარტოდ დარჩენილი პერ გიუნტი, თავის თავში უდიდეს ძალას, ენერგიას გრძნობს. იგი ამბობს - ყველაფერს ვაკეთებ, რაც მინდა, როგორც მინდა. აქ ვლინდება თვითნებობა და არა თავისუფლება, მაგრამ ეს თვითნებობა ყოველთვის შეზღუდულია გარე მოვლენებით.

პიესის შემდეგ სცენებსა თუ ეპიზოდებში: სიმდიდრე და ძლევამოსილება პერ გიუნტს ანიჭებს ძალაუფლებას, მაგრამ იგი კარგავს სიმდიდრეს და აღარაფერს წარმოადგენს. პერი წინასწარმეტყველი ხდება, მაგრამ როგორც კი ეს შესაძლებლობა მოეხსნება, ის კვლავ არაფერს წარმოადგნს. ის მოწყალე ხდება, დაარიგებს თავის სიმდიდრეს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ანიტრას მხოლოდ მისი სიმდიდრის ხელში ჩაგდება სურს და როგორც კი ჩაიგდებს, მირბის მისგან. ყველაფერი, რაც უქმნის მას „საზოგადოებრივ“ მდგომარეობას, დამოკიდებულია გარე ამბებსა თუ მოვლენებზე და არა მის შინაგან-პიროვნულზე, მის „მე“-ზე. პერ გიუნტს არ ძალუძს (არ შეუძლია), ვერ ლახავს დაბრკოლებებს (როცა ჩეხავს ყველაფერს). დაბრკოლებისთანავე იგი წინ ვერ მიიწევს, ვერ მიდის (ესეც სიმბოლოა).

პერ გიუნტი ბოლომდე კონფორმისტია, ბოლომდე ადამიანია. ბრანდისგან განსხვავებით, მას არ შეუძლია თქვას: ამას გავაკეთებ და მართლაც გააკეთოს. ვინაიდან, სიძნელეების გადასალახად ნებისყოფის სიმტკიცე არ გააჩნია. ის რომანტიკოსია. მერე გავაკეთებ, ამბობს პერ გიუნტი და ცდილობს გაექცეს მის შიგნით არსებულ სიცარიელეს, ოცნებებით გადაფაროს ის. ასევე, გაურბის სერიოზულ ფიქრს, განსჯას, იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს და რას გააკეთებს. ამიტომაცაა, რომ პერ გიუნტი სხვადასხვა ნიღაბს ირგებს. პერ გიუნტი ერთი, მთლიანი არსად არ არის. როცა ესა თუ ის ნიღაბი ჩამოეშლება, მის შიგნით არაფერი რჩება, რადგან პერ გიუნტი ცხოვრობს ესთეტიკური პრინციპით - „უნდა დატკბე“.

პერ გიუნტი ერთ-ერთ სცენაში პირდაპირ მიმართავს ადამიანებს, რომლებთანაც ქეიფობს და ამბობს: „რადგანაც შენ შექმნილი ხარ ტკბობისთვის - დატკბი“ (კირკეგორის ესთეტიკური არსებობის პრინციპია - ტკბობა). პერ გიუნტი ყველაფრით ტკბება - ფანტაზიორობით, ფიზიკური ძალით, ქალებით, სიმდიდრით, ძალაუფლებით, და ა. შ. ყველა ეს ტკბობის წყარო არაფერს აძლევს ადამიანს, უფრო მეტიც, „ტკბობის წყაროებს“ დაღუპვამდე მიყავს ადამიანი, ვინაიდან გარე სამყაროს ემონება. ანიტრას გაქცევის შემდეგ პერი ამბობს: „მთელი შეცდომა მოხდა იმის გამო, რომ ჩემი მდგომარეობა არ იყო მყარი. ის იყო ძირითადი, გარეგანი მდგომარეობა და არა ჩემი პიროვნება (პიროვნული), ამიტომაც ანიტრასთან დამარცხდა ჩემი მდგომარეობა“.

პერ გიუნტი გაუცნობიერებლად, გამუდმებით წუხს. ის, სულ იმართლებს თავს სხვების წინაშე. გიუნტის ეს მდგომარეობა სასოწარკვეთილებაში გადაიზრდება. კირკეგორთან არსებობს ამგვარი შედარება, რომ - „ესთეტიკური არსებობა მცენარის არსებობას გავს. თუ მცენარე დარგე კარგ მიწაში, ის გაიზრდება, თუ არა, ნაყოფს არ გაძლევს“(სიორენ კირკეგორი). უნაყოფობას რომ დააღწიო თავი, საჭიროა ნებისყოფა, რომელიც პერს არ გააჩნია. გიუნტის დედა: „ამბობს ამას გავაკეთებო, იმას გავაკეთებო, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მივა, არაფერი არ არის“. პერ გიუნტი, მუხედავად ფიზიკური ძალისა, უსუსური, სუსტი ადამიანია.

მივაქციოთ ყურადღება „პერ გიუნტის“ სტრუქტურას.

1 და 2 მოქმედება ერთ მთლიანობას წარმოადგენს. 3-4-5 მოქმედება ძალიან დანაწევრებულია, დაქსაქსულია. იბსენი, როგორც დრამატურგი, იყო არაჩვეულებრივი ოსტატი, სტრუქტურულად ერთიან, შეკრულ ნაწარმოებებს ქმნიდა. ამ შემთხვევაში („პერ გიუნტში“), საქმე იბსენის უუნარობას კი არ ეხება, არამედ, მის გარკვეულ ჩანაფიქრს. კირკეგორი ამბობდა: ისტორიაში შინაგანი ისტორია ერთიანია და ის ადამიანს შეიძლება გააჩნდეს იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი გააკეთებს არჩევანს. პერს ეს შინაგანი ისტორია არ გააჩნია. ამას თავისებურად გარეგნულ ფორმაში გამოხატავს იბსენი. 1 და 2 მოქმედებაში პერი არ არის დეგრადირებული პიროვნება, მისი დაცემა ჯერ მხოლოდ ჩანასახშია, შემდგომში კი პერი „ნაწევრდება“, პერი არასოდეს არ არის ვინმე ერთი. ის ყოველთვის სხვაა, იმისდა შესატყვისად, თუ რა სიტუაციაში მოხვდება. პერი ექსცენტრიკული პიროვნებაა. დამოკიდებულია გარეგანზე და ყველაფერი სურს. ამიტომაც მისი „მე“ იშლება, ქუცმაცდება. თავად ამბობს: „ჩემი მე არის მისწრაფებათა და სურვილთა დემონი“. როცა მას ეკითხებიან: „სად უნდა მეფობა“, ის უპასუხებს: „ყველგან და ყოველთვის“. მთელი სამყაროს მოპოვების სურვილი აკარგვინებს პერს ყველაფერს. „თუ მოიპოვებ მთელ დედამიწას და დაკარგავ საკუთარ თავს, შენი გამარჯვება თავის ქალაზე დაგადგება გვირგვინად“.

იბსენი გვიჩვენებს რომანტიკული მსოფლმხედველობის კავშირს მომხმარებლურ პრაქტიციზმთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ყველაფერს უდგება პრაქტიკული თვალსაზრისით - გამოადგება თუ არა ესა თუ ის გარემოება, ადამიანი, თუ ნივთი. იბსენი, ამ მდგომარეობას, ისევე როგორც ადამიანის ნიველირებას, უწოდებს ტროლიზმს. ტროლიზმი და გიუნტიზმი, ფაქტობრივად, გაიგივებული ცნებებია. ტროლიზმისა და გიუნტიზმის შინაგანი სიმახინჯის გამოსააშკარავებლად სიმბოლიკას მიმართავს, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა მახინჯია გიუნტიზმის არსი (ღორის და ძროხის ცეკვა). პერ გიუნტი დაინახავს ქალს მწვანეში და აღიქვამს როგორც მზეთუნახავს, შემდეგ კი ხედავს რომ მახინჯია (ძროხას და ღორს ჰგვს). ორნაირი საზრისი აქვს ყველაფერს, ტროლიზმი მომხიბვლელია გარეგნულად, მაგრამ მახინჯია თავისი არსით. სანამ ადამიანი არ ისწავლის გარეგნულისა და შინაგანის გარჩევას, ის ვერ დაინახავს ამ შეუსაბამობას. თუ რა განსხვავებაა ტროლებსა და ადამიანებს შორის, ამას იბსენი ხსნის დოვრის პაპის სიტყვებით: „განსხვავება იმაშია, რომ ადამიანთა პრინციპია (ნამდვილი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანები იგულისხმება): იყავი ის, რაც ხარ. ხოლო ტროლების პრინციპია: „იყავი კმაყოფილი საკუთარი თავით“. პერ გიუნტი ბოლომდე განაგრძნობს იმის მტკიცებას, რომ გიუნტია. მას, ეს მდგომარეობა, რაღაც განსაკუთრებულ მდგომარეობად მიაჩნია.

აქაც, როგორც კირკეგორი ამბობს - „ყველაფერს დათმობს ადამიანი, თავისი მეობისათვის“. - არ მინდა ჩემი ცხოვრება, სხვისი ცხოვრება მინდა გავიარო, მაგრამ არა მისი, არამედ ჩემი სახელით. აქ იბსენი გიუნტის უცბად დაკნინებას უსვამს ხაზს, მაგრამ ხაზს უსვამს მის მეობასაც. გიუნტს სიცრუით სურს მოიშოროს გრძნობა, რომელიც ეუბნება: „შენ აღარა ხარ ის, რაც იყავი“. პერი ამბობს: შენ ისეთივე უნდა დარჩე, როგორც დაიბადე. გიუნტი ყველაფერს აბრალებს იმ სიტუაციებს, რომელშიც აღმოჩნდა.

პერს სურს გახდეს ისტორიკოსი. აქაც, იბსენი გვეუბნება: მხოლოდ ინსტინქტებით ადამიანი ვერ იქცევა პიროვნებად. ერთ-ერთ სცენაში, რომელიც ხდება საგიჟეთში, გიუნტი დასცინის ჰეგელიანურ ინტელექტუალურობას. დირექტორი ამბობს - გარდაიცვალა აბსოლუტური გონება. მხოლოდ გიჟების მეფემ შეიძლება იფიქროს, რომ ინტელექტის საშუალებით შეიძლება ადამიანმა რამეს მიაღწიოს.

პირველი მოქმედება სიმბოლურია, პერ გიუნტი ხვდება გასვენებაში. მანამდე ის ხვდება გლეხს, რომელსაც ჯარში წასვლა არ უნდა და ამისათვის ის თითს მოიჭრის. გიუნტი ამბობს: მე მესმის, რომ შესაძლოა ჩავიფიქრო მსგავსი რამ, მაგრამ როგორ უნდა განვახორციელო...

იბსენი არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა აუცილებლად დიდი საქმეები უნდა გააკეთოს. „ამიტომ - ამბობს მღვდელი - ჩვენთვის ის იყო ხეიბარი. ღმერთის წინაშე არა მგონია, რომ ის ხეიბრად წარსდგეს“. პერს ძალიან შეაწუხებს ეს სცენა.

ბოლო მოქმედებაში უცნობი ეუბნება პერს „ხომ არ გამოგიცდია დიდი შიში“? აქ ლაპარაკია იმ შიშზე კი არა, რომელსაც ადამიანში ყოველდღიურობა ბადებს, არამედ იმ შიშზე, რომელიც იბადება იმის შედეგად, როცა ადამიანმა იცის, რომ ყოველი მოქმედების გამო უნდა აგოს პასუხი. ადამიანის გატეხვა - ფიქრობს იბსენი, შეუძლებელია. ამიტომ დოვრის პაპა ამბობს: „ადამიანებს აქვთ დიდი უნარი გამოვიდნენ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან“.

სფინქსის სახე - სიმბოლოა ცხოვრების საიდუმლოების გაგებისა. ეს, ერთი მხრივ, ადვილია, მეორე მხრივ - ძალიან რთული. სფინქსი, ამბობს პერი, უბრალოდ არის ის, რაც არის. ადამიანი კი ძალზე თავისებურია, ბევრს არ ესმის მისი, განსაკუთრებით - როცა ძალიან პრინციპულია.

ბოლოს პერ გიუნტი მაინც გადარჩება. გადარჩება სოლვეიგის მეშვეობით. სოლვეიგი ყველაფერს პატიობს. პერი ეკითხება: სად ვიყავი ის, რაც ვარ... სოლვეიგი უპასუხებს: ჩემს რწმენაში, იმედში, სიყვარულში... პერ გიუნტს შეეძლო ადამიანში დაენახა - წმინდა. პერი წმინდას დედასა და სოლვეიგში ხედავდა. ქალების საყვარელი პიროვნებაა - ამბობენ ტროლები.

სწორედ, ქალური ინტუიციაა საჭირო, რომ დაინახო პიროვნებაში ღრმად ჩამარხული თვისებები. დედამ და სოლვეიგმა დაინახეს, რომ პერი არაა ისეთი, როგორსაც სხვები ხედავენ.

სოლვეიგი სიმბოლური სახეა, რომელიც თავისებურად ღვთისმშობელს წააგავს. „მე დედა ვარ“ - ამბობს სოლვეიგი. „ვინ არის მამა, ის ხომ არ არის, ვინც გპატიობს დედის თხოვნით“?

ყველა ქრისტეს შვილები ვართ და ჩვენთვის დამახასიათებელი უნდა იყოს პატიების უნარი. სწორედ ამით განსხვავდება პერი ბრანდისგან, აქ, ფაქტობრივად, ქრება რელიგიური თემა, მხოლოდ მეტაფორის სახითაა შემორჩენილი.

იხილე აგრეთვე

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები