შიმპა
შიმპა – იაპონური თეატრის ერთ-ერთი მიმართულება. აღმოცენდა მე-19 საუკუნის დამლევს. შიმპას ფორმირება დაკავშირებულია ლიბერალურ-დემოკრატიულ მოძრაობასთან „თავისუფლება და ხალხის უფლება“, რომელიც წარმოიშვა მეიძის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ (1867-68). დასაწყისში მოყვარულთა ჯგუფი დგამდა პიესებს თანამედროვეობის თემებზე. ამ სპექტაკლებში გამოყენებული იყო იაპონური კაბუკის თეატრის ხერხები, შენარჩუნებული იყო ტრადიციული მუსიკალური თანხლება. შიმპა ეკლექტიკურად აერთებდა თანამედროვე ევროპული დრამის და კლასიკური იაპონური კაბუკის თეატრის მხატვრულ პრინციპებს. მოგვიანებით, შიმპას თეატრები დაშორდნენ კაბუკის. ამ თეატრში განსაკუთრებული წარმატება ჰქონდა საოჯახო დრამებს. მე-20 ს. 20-იან წწ. შიმპამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა. 60-იან წწ. შემორჩა შიმპას მხოლოდ ერთი დასი.