კაბუკი
კაბუკი – იაპონური თეატრის სახეობა. ჩამოყალიბდა და განვითარდა მე-17-18 საუკუნეებში.
ტერმინი „კაბუკი“ (歌舞伎) მომდინარეობს იაპონური ზმნიდან „კაბუკუ“, რომელსაც რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: არაორდინარული, განსხვავებული ქცევა და ჩაცმა; გართობა, მხიარულება ხუმრობა; ფლირტი. ხშირად ითარგმნება ასევე, როგორც სიმღერისა და ცეკვის ოსტატობა. ყველა ეს მნიშვნელობა სავსებით მიესადაგებოდა კაბუკის მსახიობთა თავისუფალი ქცევისა და ცეკვის მანერას, მათ ექსტრავაგანტურ ჩაცმულობას, ასე რომ, კაბუკი შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც ავანგარდული, უჩვეულო თეატრი.
სარჩევი |
ისტორია
კაბუკის დამაარსებელი იყო ტაძრის მოცეკვავე ახალგაზრდა ქალი იძუმო-ნო ოკუნი – Izumo no Okuni (ოკუნი იძუმოდან). 1603 წელს ოკუნიმ კიოტოში თავისი თეატრი დააფუძნა, რომელსაც კაბუკი ეწოდა. მან გაჭირვებული, უსახლკარო გოგონები შემოიკრიბა, რომლებსაც ცეკვას, სიმღერას და სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდა. ასე ჩამოყალიბდა დასი, რომელშიც მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლები იყვნენ და აქედან გამომდინარე, მამაკაცების როლებსაც ისინი ასრულებდნენ. ახალი თეატრალური ჟანრი უშუალოდ ეხმიანებოდა იმ ეპოქას, მაყურებლის გემოვნებასა და სულისკვეთებას. მან მკვეთრად შემოაბრუნა სანახაობრივი ხელოვნება რელიგიურიდან ცოცხალი, რეალისტური სამყაროსკენ. ოკუნი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას საიმპერატორო კარზეც კი იწვევდნენ წარმოდგენის გასამართავად. აღსანიშნავია, რომ იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, პარალელურად იქმნებოდა ახალი ქალთა დასებიც, რომლებიც ბაძავდნენ ოკუნის ცეკვებს, იმავდროულად ცდილობდნენ კონკურენციაც გაეწიათ მისთვის. იმხანად კაბუკის ყველა დასს „ოკუნი კაბუკის“ უწოდებდნენ, ოკუნის გარდაცვალების შემდეგ – „ონნა კაბუკის“ (იაპონურად ნიშნავს „ქალთა კაბუკის“), უფრო გვიან პერიოდში კი, „იუჯიო კაბუკის“ (იაპონურად ნიშნავს „კურტიზანთა კაბუკის“) სახელით მოიხსენიებოდა.
ოკუნის მიერ დაარსებული კაბუკის თეატრი იაპონური საზოგადოების ყველა ფენის დიდ ინტერესს იწვევდა, რამდენადაც ნოო-ს თეატრისაგან განსხვავებით, ის კანონიკური ნორმებით არ იყო შეზღუდული და შემოქმედებითი თავისუფლებით გამოირჩეოდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად ამ ორ თეატრს ზოგიერთი საერთო მახასიათებელი ჰქონდა: კაბუკიში, ისევე როგორც ნოო-ს თეატრში, ორკესტრი დოლებისა და ფლეიტებისაგან შედგებოდა, წარმოდგენებიც ღია ცის ქვეშ იმართებოდა და მაყურებლები პირდაპირ მიწაზე ისხდნენ, სცენაც ნოო-ს თეატრის ზუსტ ასლს წარმოადგენდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, კაბუკიმ რადიკალურად განსხვავებული სახე მიიღო. კერძოდ, წარმოდგენები უკვე საგანგებოდ აგებულ ნაგებობებში იმართებოდა. რამდენადაც უბრალო ხალხს მაღალი წრის წარმომადგენლებთან ერთად თავყრილობებზე დასწრება ეკრძალებოდა, სცენის ორივე მხარეს გისოსებით გამოყოფილი ლოჟები იყო განთავსებული მაღალჩინოსანთა და საპატიო სტუმრებისათვის.
კაბუკის მსახიობთა ცეკვა, ჩაცმულობა და ქცევა სითამამით და ექსტრავაგანტურობით გამოირჩეოდა. ერთი მხრივ, ეს განაპირობებდა მაყურებელთა ფართო წრის განსაკუთრებულ ინტერესს და მიზიდვას, მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლების გაღიზიანებას იწვევდა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ასევე სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ნეგატიურად განაწყობდა ხელისუფლებას კაბუკის თეატრის მიმართ. საქმე ის იყო, რომ მსახიობ ლამაზმანებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდათ (განსაკუთრებით მეომართა ფენაში − სამურაებში), რომელთა ზღვარგადასული ემოციები სპექტაკლის მსვლელობის დროს ხმამაღალი შეძახილებით გამოიხატებოდა, ხშირ შემთხვევებში ჩხუბით, ეჭვიანობის სცენებით და მკვლელობითაც კი სრულდებოდა. ყოველივე ამის გამო, ხელისუფლება კაბუკის თეატრს აღიქვამდა, როგორც საზოგადოების მორალურ-ეთიკური ნორმების რღვევის და გახრწნის წყაროს.
იაპონელი ერის ზნეობრივი დაცვის მოტივაციით, 1629 წელს გამოიცა საგანგებო ბრძანებულება (კონკრეტულად, შოგუნ იემიცუს მიერ), რომლის თანახმადაც, მსახიობ ქალებს კაბუკის სცენაზე გამოსვლა აეკრძალათ. ქალების ადგილი კაბუკის სცენაზე ახალგაზრდა ვაჟებმა (იაპონურად – ვაკაშიუ) დაიკავეს. ამ ტიპის დასები დაარსდა ედოში, ოსაკასა და კიოტოში. აღსანიშნავია, რომ მათ, პროგრამა უფრო მრავალფეროვანი იყო, ვიდრე გოგონებისა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ანალოგიურმა პრობლემამ იჩინა თავი, კერძოდ, ყმაწვილი მსახიობების მიმართ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის − არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მამაკაცთა ლტოლვამ, გზა გაუხსნა ჰომოსექსუალიზმს, რაც მთავრობის სერიოზული შეშფოთების ობიექტად იქცა. სიტუაცია იმდენად უმართავი გახდა, რომ ხელისუფლებამ კაბუკის თეატრების საერთოდ დახურვა გადაწყვიტა, მაგრამ თეატრის მოყვარულ მაყურებელთა დიდი ძალისხმევის წყალობით, ამის განხორციელება ვერ ხერხდებოდა. სამაგიეროდ, 1636 წლიდან დაიწყო კაბუკისთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ამკრძალავი ედიქტების გამოცემა, რაც საბოლოოდ იმით დაგვირგვინდა, რომ 1652 წლის ბრძანებულებით ვაჟები თეატრიდან დაითხოვეს და მათ ზრდასრული მამაკაცები ჩაენაცვლნენ. ამიერიდან კაბუკის თეატრს კიდევ ერთი სპეციფიკური შტრიხი შეემატა, კერძოდ, ის, რომ ყველა როლს მხოლოდ შუახნის მამაკაცები ასრულებდნენ. ამ ტიპის დასებს „იარო კაბუკი“ ეწოდა, ანუ „მამაკაცთა კაბუკი“, ხოლო იმ მსახიობებს, რომლებიც ქალის როლს ასრულებდნენ − ონნაგატა (იაპონურად ნიშნავს − ქალურ სტილს). ეს აკრძალვა გაუქმდა 1868 წელს, იაპონიაში განხორციელებული რეფორმების ფონზე, თუმცა ქალების საჭიროება იქ უკვე აღარ იყო. აღნიშნულმა ღონისძიებამ მამაკაცთა აქტიორული შესაძლებლობების მაქსიმალურად დახვეწას შეუწყო ხელი, რამდენადაც ქალთა როლის შესრულება დიდ ძალისხმევას, ხანგრძლივ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წვრთნას მოითხოვდა. ონნაგატები სხვადასხვა კატეგორიებად იყოფოდნენ, იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპაჟის ან ასაკის ქალს განასახიერებდნენ. ამასთან, მათ მამაკაცის როლის შესრულების უფლება უკვე აღარ ჰქონდათ. ონნაგატებს დასში განსაკუთრებით საპატიო სტატუსი ენიჭებოდათ (მათ მიერ შესრულებული როლების სპეციფიკიდან გამომდინარე).
სასცენო აღჭურვილობა
განსაკუთრებულად ყურადღებას იმსახურებს იმ დროისათვის უნიკალური, კაბუკის თეატრის სასცენო ტექნიკური აღჭურვილობა. გამოჩენილი დრამატურგი ნამიკი შოზა – Namiki Shōzō (1730-1773), რომელიც ბუნრაკუს თოჯინების თეატრში 100-მდე პიესის შემქმნელი გახლავთ, ამავე დროს, რომელმაც სხვადასხვა მექანიზმის დამზადების და დიზაინის ნიჭიც გამოამჟღავნა, ეხმარებოდა კაბუკის თეატრს სცენის ტექნიკური აღჭურვილობის მოწყობაში. 1758 წელს მან შექმნა ორიგინალური კონსტრუქციის მბრუნავი სცენა, ასევე ლიუკიდან სცენაზე რამდენიმე ადგილას ამომავალი ამწე სისტემა – სერი. მათი ბრუნვით და მოძრაობით ხდებოდა შესაბამისი სცენების და დეკორაციების დინამიკური მონაცვლეობა, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევდა ერთდროულად თვალ-ყური ედევნებინა სპექტაკლის სხვადასხვა ეპიზოდისათვის.
ოკუნის პირველი წარმოდგენიდან დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ კაბუკის თეატრს ახალი კომპონენტი დაემატა. ეს იყო სცენის მარცხენა მხრიდან (საჭიროების შემთხვევაში კი, სცენის ორივე მხრიდან) მაყურებელთა დარბაზის მთელ სიგრძეზე გადებული ფიცარნაგი ანუ ერთგვარი ხიდი – ჰანამიჩი (იაპონურად ნიშნავს – ყვავილების გზას), რომლის მთავარი დანიშნულება იყო ის, რომ მასზე მოძრაობით მსახიობი უფრო ახლო კონტაქტში ყოფილიყო მაყურებელთან, ე.წ. ინტერაქტივი განეხორციელებინა და მეტი ეფექტი მოეხდინა მასზე. ეს, თავის მხრივ, უფრო ინტიმურ ატმოსფეროს ქმნიდა (და ქმნის ამჟამადაც), ვიდრე ამის საშუალებას სასცენო სივრცე იძლეოდა.
კოსტიუმი და გრიმი
ყოველივე ამას ემატებოდა მრავალფეროვანი კოსტიუმები და სასცენო რეკვიზიტი, რომლებიც არა მხოლოდ ლამაზი და ეფექტური იყო, არამედ ძვირფასიც. ამიტომ, ყოველი მათგანი ჭეშმარიტად ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. მსახიობთა დიალოგები არქაული ფრაზეოლოგიისაგან შედგებოდა, გარითმული და სტილიზებული ინტონაციებით, რაც ცეკვის, მუსიკისა და სპეციფიკური ჟესტიკულაციის თანხლებით სრულდებოდა/სრულდება. მათი ერთმანეთისაგან განცალკევება შეუძლებელია, ისინი ერთობლიობაში წარმოაჩენენ ეგზოტიკურ და უჩვეულო სამყაროს.
კაბუკის თეატრის უნიკალურ მახასიათებელს წარმოადგენს ასევე სპეციფიკური გრიმი; თუკი ნოო-ს თეატრის მსახიობთა უმთავრესი აქსესუარი ნიღაბი იყო, კაბუკის თეატრში ანალოგიური ფუნქცია განსაკუთრებულ გრიმს (იაპონურად – კუმადორი) ენიჭებოდა. მსახიობის თეთრად შეღებილ სახეზე სხვადასხვა ფერისა და ფორმის ზოლები ივლებოდა, იმის მიხედვით, თუ რა როლს ასრულებდა ის. დომინირებდა შავი, ლურჯი და წითელი. თითოეულ ფერს შესაბამისი შინაარსობრივი და სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. წითელი – პერსონაჟის სამართლიანობას, ფიზიკურ სიძლიერეს, სიმამაცეს გამოხატავდა, ლურჯი – უარყოფითი გმირის აურას, ბოროტებას, იმქვეყნიურ ბნელ ძალებს, ხოლო შავი (ზოგჯერ ყავისფერიც) – ჯადოქრობას, მისნობას, ცხოველებსა და მწერებს მონსტრების სახით. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თეატრმცოდნეებმა, სავსებით მართებულად, ცალსახად აღიარეს, რომ კაბუკის დეკორაცია, გრიმი და კოსტიუმები მსოფლიოში ყველაზე ეგზოტიკური და თვალწარმტაცია.
კაბუკის თეატრის რეპერტუარი
კაბუკის თეატრის რეპერტუარი მეტად მრავალფეროვანი იყო: ტრაგედიით და დრამით დაწყებული, კომედიით და ლირიკული პიესებით დამთავრებული (დღესდღეობით კაბუკიში ახალი და თანამედროვე სპექტაკლებიც იდგმება). თემატიკის შერჩევა ხდებოდა როგორც ისტორიული წარსულიდან, ისე ყოველდღიური ყოფაცხოვრებიდან. ხაზგასასმელია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი კეთდებოდა სამსახიობო ხელოვნების წარმოჩენასა და ვიზუალურ ეფექტებზე, რაც მიმიკის, გრიმის, პანტომიმისა და სპეციფიკური სტილიზებული დეკლამაციით ხორციელდებოდა. შინაარსობრივ მხარეს კი მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭებოდა – ის მხოლოდ მასალა და საშუალება იყო მსახიობის ოსტატობის საჩვენებლად. აქედან გამომდინარე, თეატრის არსებობის საწყის ეტაზე წარმოდგენების სიუჟეტები უმეტეს წილად მარტივი და პრიმიტიული იყო.
კაბუკი, როგორც დრამა
კაბუკი, როგორც დრამა, მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ქალები განიდევნენ სცენიდან, კონკრეტულად კი, 1650-იანი წლებიდან, როდესაც მამაკაცმა მსახიობებმა განავითარეს და წარმოაჩინეს დრამატული ჟანრისათვის დამახასიათებელი ყველა აუცილებელი უნარ-ჩვევა, სპეციფიკური ხასიათის ტიპაჟები და სხვ. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი მიუძღვით განსახილველი პერიოდის გამოჩენილ დრამატურგებს. ადრეული პერიოდის ცეკვები, სიმღერები და პატარა სკეტჩები, რომლებიც ერთგვარი რევიუს ხასიათს ატარებდა, ახლა დრამატულ კომპოზიციებში გადაიზარდა, გაჩნდა მრავალაქტიანი პიესები, მნიშვნელოვნად დაიხვეწა პროფესიონალ მსახიობთა ოსტატობა და ა.შ. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, განაპირობებდა ამ თეატრალური სკოლის შემდგომ წინსვლას და აყვავებას.
წარმატებების კვალდაკვალ, კაბუკის თეატრის მსახიობები და დრამატურგები იძულებულნი იყვნენ გარკვეულ კომპრომისებზე წასულიყვნენ ხელისუფლებასთან მიმართებაში: ქალთა როლების შემსრულებელი მამაკაცები (ონნაგატები) ვალდებულნი იყვნენ თავის წინა ნაწილი გადაეპარსათ (რათა მიმზიდველები არ ყოფილიყვნენ), რაც მათ გარეგნობას ძალზე ამახინჯებდა, თუმცა სცენაზე ისინი, რა თქმა უნდა, პარიკს ატარებდნენ; წარმოდგენები დაფუძნებული უნდა ყოფილიყო იმიტაციაზე, პირობითობაზე, რეპერტუარიდან უნდა ამოღებულიყო ეროტიკული სცენები. გარდა ამისა, მორალური ნორმების დაცვის მიზნით დრამატურგებს ეკრძალებოდათ სოციალური და პოლიტიკური თემების გაშუქება, ე. წ. „მხიარული კვარტლების“ და მათ მობინადრეთა ყოფა-ცხოვრების ასახვა. მაგრამ, იაპონელი ხალხის ლტოლვა და სიყვარული იმდენად ძლიერი იყო სანახაობრივი ხელოვნებისადმი, განსაკუთრებით კი კაბუკის თეატრისადმი, რომ ვერანაირი აკრძალვები და ცენზურა ვერ ამუხრუჭებდა პოპულარული თეატრის განვითარება-წინსვლას.
კაბუკისათვის ოქროს ხანას წარმოადგენდა XVII საუკუნის მეორე ნახევარი, განსაკუთრებით ე. წ. გენროკუს პერიოდი − 1688-1704 წწ. ამ დროს კიოტოში სამი კაბუკის თეატრი იყო, ოსაკასა და ედოში – ოთხ-ოთხი. ამასთან, მათ უკვე მყარი ეკონომიკური საფუძველი ჰქონდათ. XVIII საუკუნის შუა ხანებში კაბუკის მიმართ ინტერესი განელდა. პოპულარობის თვალსაზრისით, მისი ადგილი თოჯინების თეატრმა − ჯიორურიმ დაიკავა. XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე კაბუკიმ კვლავ დაიწყო აღორძინება. 1854 წელს იაპონიის „გახსნისა” და მეიჯის რევოლუციის (1867-1868წწ.) შემდეგ, კაბუკის თეატრს ტრადიციულობა და თვითმყოფადობა არ დაუკარგავს, ის იაპონიის ისტორიული წარსულის თეატრალური ხელოვნების ცოცხალ მატიანეს განასახიერებს (ისევე, როგორც იაპონური სხვა კლასიკური თეატრები) და დღესდღეობით წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას.
თამარ ცაგარელი