თოჯინების თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თოჯინების თეატრი

თოჯინების თეატრი – თეატრალური წარმოდგენის სახეობა, რომელშიც თოჯინები მოქმედებენ (მოცულობითი და ბრტყელი). მათ ამოძრავებენ მსახიობ-თოჯინამატარებლები, რომლებსაც, უმეტესწილად, მაყურებელი ვერ ხედავს. ზოგჯერ თოჯინური პერსონაჟი ხდება პირობითი საგანი – კუბიკი, ბურთულა, ჩხირი (და ა.შ.)

თოჯინური წარმოდგენების მრავალსახეობას განაპირობებს თოჯინების სხადასხვაგვარობა და მათი მართვის მრავალფეროვანი სისტემები: მარიონეტები (თოჯინები ძაფებზე), ე.წ. ზედა თოჯინები (სახელთათმნო), ხელჯოხით სამართავი, მექანიკურები, ჩრდილების თოჯინები. თოჯინები სხვადასხვა ზომისაა (რამდენიმე სანტიმეტრიდან დაწყებული, ზოგჯერ ადამიანის ზომაზე ორჯერ მეტი).

თოჯინური წარმოდგენებს საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ წარმართულ წეს-ჩვეულებებსა და თამაშობებში; იგი სათავეს იღებს რელიგიურ ისტერიულ სანახაობებიდან. ძველ ეგვიპტეში, ძვ.წ. XVI ს. თოჯინების გათამაშებით წარმოადგენდნენ მისტერიას ოსირისისა და ისიდას შესახებ. თოჯინები მონაწილეობდნენ ძველი ინდოეთისა და ჩინეთის საკულტო წარმოდგენებში. თოჯინები ხსენიებულია ჰეროდოტეს, ქსენოფონტეს, არისტოტელეს, ჰორაციუსის, მარკუს ავრელიუსის, პულეუსის და სხვათა შრომებში. როგორც ირკვევა, ძვ.წ. მე-5-4 სს. უკვე არსებობდა პაროდიულ-სატირული მიმართულების თოჯინური სპექტაკლები. მაგ. თოჯინების თეატრი ძველ რომში ენათესავებოდა ატელანების ხელოვნებას და მისი ერთ-ერთი პერსონაჟი იყო მაკუსიპულჩინელას პირველსახე.

XI ს. ეკლესიებსა და მონასტრებში თოჯინური წარმოდგენები იმართებოდა ბიბლიურ სიუჟეტებზე, სადაც მთავარი პერსონაჟი იყო წმინდა მარიამი (აქედან სახელწოდებაც – მარიონეტი). ამ წარმოდგენებში დროთა განმავლობაში შეიჭრა საერო, „მიწიერი“ თემატიკა, რის გამოც იგი ეკლესიისთვის შეუფერებლად სცნეს. თოჯინების თეატრმა მოედნებსა და ბაზრობებზე გადაინაცვლა. ნელ-ნელა გამოიკვეთა საერო ტიპის თოჯინა-პერსონაჟებიც: პულჩინელა – იტალიაში, პოლიშინელისაფრანგეთში, პანჩი – ინგლისში, ჰანსვურსტიგერმანიაში შემდგომში – კაშპერლე), პიკელჰერინგი – ჰოლანდიაში, ვოლტებელგიაში, კოპლენიაკი – პოლონეთში, პეტრუშკარუსეთში, დედოფალასაქართველოში (და ა.შ.).

თოჯინების მონაწილეობით იდგმებოდა ტრადიციული პიესა-მიმოხილვები, მოარული სიუჟეტები დოქტორ ფაუსტუსზე, დონ ჟუანზე, სცენები ძველი და ახალი აღთქმიდან. მე-19 ს. შუახნიდან მოყოლებული, სახალხო-სატირული თოჯინების თეატრი განიცდის კრიზისს. ევროპულ ქვეყნებში იქმნება თოჯინების თეატრები, რომლებსაც სათავეში უდგანან ინტელიგენციის წარმომადგენლები ასეთი წარმოდგენებისთვის პიესებს წერენ დიდი მწერლები ჰ. კლაისტი, ჟ. სანდი, ე. ჰოფმანი, ა. ფრანსი, მ. მეტერლინკი, ბ. შოუ (და სხვ.).

ინდივიდუალური გზით ვითარდებოდა თოჯინების თეატრი აზიის ქვეყნებში. აქ განსაკუთრებით განვითარდა ჩრდილების თოჯინური წარმოდგენები. ინდოეთსა და ინდონეზიაში მოხეტიალე თოჯინური დასები თამაშობდნენ სცენებს „რამაიანადან“ და „მაჰაბჰარატადან“. ინდურ თოჯინურ წარმოდგენებში ერთ თოჯინას ზოგჯერ ორი და მეტი მსახიობი მართავდა. იაპონურ თოჯინური სპექტაკლებში გამოყენებულია დიდი ზომის თოჯინები, რომლებსაც მართავენ შავებში ჩაცმული მსახიობები. ცნობილმა იაპონელმა დრამატურგმა მონძაემონ ჩიკამაცუმ თოჯინების თეატრისათვის დაწერა 100-ზე მეტი პიესა. ჯერ კიდევ I ს. ძვ. წ. ჩინეთში არსებობდა თოჯინების თეატრი. აქ ვითარდება ჩრდილების წარმოდგენები (7-9 სს.), შემდგომში კი ყველა სახის თოჯინური სპექტაკლები.

საქართველოში ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში იმართებოდა თოჯინური წარმოდგენები. პოპულარული ქართული თოჯინების სახელებია: ჭუპრა, კუკა, კუკნა, დედოფალა, ტიკინა (და სხვ.).


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები